სტუ
22/08/2026

თერმული წყლები - საქართველოს გეოთერმული რესურსების კვლევა

თერმული წყლები - საქართველოს გეოთერმული რესურსების კვლევა.jpg

22 ივლისიდან  20 აგვისტომდე , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის თანამშრომლები - მარინე მარდაშოვა (პროექტის ხელმძღვანელი) და თამარ მიქავა (პასუხისმგებელი შემსრულებელი) - ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის სახელშეკრულებო სამეცნიერო თემის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციაში იმყოფებოდნენ. 

ექსპედიციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თერმული წყლების საბადოებისა და ჭაბურღილების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა, წყლის სინჯების აღება და მათი კომპლექსური ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროგეოქიმიური კვლევა მიმდინარეობდა. 

კვლევა განხორციელდა სახელშეკრულებო სამეცნიერო თემის - „საქართველოს თერმული წყლების საბადოების არსებული მდგომარეობის შესწავლა და ქიმიური შედგენილობის შეფასება ელემენტების ამოწვლილვის მიზნით“ - ფარგლებში. 

თემის მიზანი იყო, საქართველოს თერმული მიწისქვეშა წყლების რესურსების თანამედროვე მდგომარეობის შეფასება, ახალი პერსპექტიული უბნების გამოვლენა, თერმული წყლების ტემპერატურის, დებიტისა და ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა, მათი სამრეწველო გამოყენების შესაძლებლობების შეფასება და გეოთერმული რესურსების ეფექტიანი ათვისების სამეცნიერო საფუძვლის შექმნა.

საქართველო მდიდარია თერმული მიწისქვეშა წყლებით, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც გამოუყენებელია. მოქმედი თერმული ჭაბურღილების უმეტესობა სათანადოდ არ არის აღჭურვილი, რის გამოც მათი ენერგეტიკული პოტენციალი სრულად არ გამოიყენება. მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ გეოთერმული წყლები წარმატებით გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, გათბობის სისტემებში, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სფეროში. ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილება აქვთ ისლანდიას, აშშ-ს, იტალიას, ახალ ზელანდიას, თურქეთს, იაპონიასა და სხვა ქვეყნებს. 

კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება   დაეთმო თერმული წყლების ქიმიური შედგენილობის, მინერალიზაციისა და მიკროელემენტების შემცველობის შესწავლას. სწორედ ქიმიური ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება წყლების წარმოშობა, ცირკულაციის სიღრმე, ასაკი, წყალშემცველი ჰორიზონტების თავისებურებები და ისეთი ღირებული ელემენტების, როგორიცაა ლითიუმი, იოდი, ბრომი, ბორი და სტრონციუმი, სამრეწველო მოპოვების პერსპექტივები. 

ექსპედიციის ფარგლებში მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული თერმული საბადოებისა და ჭაბურღილების დეტალური შესწავლა.  არსებული შედეგები ხელს შეუწყობს ქვეყნის გეოთერმული რესურსების თანამედროვე შეფასებას, მათი მდგრადი მართვისა და ეფექტიანი გამოყენების სტრატეგიის შემუშავებას, რაც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების საქმეში.

ექსპედიცია აქტიურ ფაზაში წარიმართა, საველე-კვლევითი სამუშაოების, ჭაბურღილების მდგომარეობისა და რეგიონული ლოკაციების შესაბამისი ფოტომასალა გამოქვეყნდება ეტაპობრივად.