სტუ
16/08/2026

სასწავლო ვიზიტი გერმანიის ქალაქ ბონში

სასწავლო ვიზიტი გერმანიის ქალაქ ბონში.jpg

10-14 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ ბონში, სასწავლო  სემინარი ჩატარდა თემაზე - „კატასტროფების რისკის შემცირების ინტეგრირება საჯარო ფინანსების მართვაში’’ (Integrating Disaster Risk Reduction into Public Financial Management).

ღონისძიება ორგანიზებული იყო კატასტროფების რისკის მართვის გლობალური ინიციატივის (GIDRM) მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით. ვიზიტში საქართველოსა და პაკისტანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გეოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ნიკო ფოფორაძე ესწრებოდა. 

პროგრამის მიზანი იყო მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება კატასტროფებისა და კლიმატური რისკების შემცირების ღონისძიებების საჯარო ფინანსების მართვაში, მუნიციპალურ ბიუჯეტირებასა და საინვესტიციო დაგეგმვაში ინტეგრირების მიმართულებით. განხილული იყო რისკების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ბიუჯეტირება, მწვანე საჯარო ფინანსები, კატასტროფებისა და კლიმატური რისკების დაფინანსება, მდგრადი ქალაქების განვითარება და საჯარო ინვესტიციების შეფასება. 

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ ქალაქ ბონის, გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისისა (UNDRR) და გაეროს უნივერსიტეტის (UNU) წარმომადგენლებს, ასევე, გაიმართა სამუშაო ვიზიტი კიოლნში, სადაც მონაწილეები ქალაქებში წყალდიდობის რისკის მართვის პრაქტიკულ მიდგომებს გაეცნენ. 

სასწავლო ვიზიტმა ხელი შეუწყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე მიდგომების გაცნობას ბუნებრივი საფრთხეების მართვის, მდგრადი ურბანული განვითარების და რისკების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაგეგმვის მიმართულებით.
განსაკუთრებული მადლობა GIZ-ის წარმომადგენლებს - აკაკი რუხაძეს, ანა ჭანტურიას, რუსუდან აბულაშვილსა და თამარ მოწონელიძეს - სასწავლო ვიზიტის ორგანიზების, კოორდინაციისა და მონაწილეთა მხარდაჭერისთვის.