სტუ
04/09/2026

ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) სტაჟირება წარმატებით დაასრულა

elene

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტმა, ელენე ჩიკვილაძემ, 2025-2026 წლებში ავსტრიაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ბირთვული მეცნიერებებისა და გამოყენების დეპარტამენტის (NAPC) (ავსტრია, ვენა) იზოტოპური ჰიდროლოგიის სექციაში (IHS) ერთწლიანი პროფესიული სტაჟირება გაიარა.

მისი წარმატების მთავარი საფუძველი 2024 წელს IAEA-ში გავლილი ჰიდროლოგიური მოდელირების ორეტაპიანი ტრენინგი და სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში რადონ-222-ის კვლევაზე ფოკუსირება გახდა.

ძირითადი სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური შედეგები:

1. საქართველოში პირველი იზოტოპური ჰიდროლოგიური მოდელი: მკვლევარმა შეისწავლა მდინარე ალაზნის აუზი და შექმნა საქართველოში პირველი იზოტოპური მონაცემებით გაძლიერებული JAMS/J2000 წყლის ბალანსის ჰიდროლოგიური მოდელი. პროცესში დამუშავდა მეტეოროლოგიური, იზოტოპური, ჰიდროლოგიური, თანამგზავრული და კლიმატური მონაცემები.

2. რადონ-222-ის ინტეგრირების კონცეფცია: ტრიტიუმის, რადონ-222-ისა და წყლის სტაბილური იზოტოპების მონაცემებზე დაყრდნობით, შემუშავდა სინჯების აღების გეგმა/სახელმძღვანელო და შეიქმნა ინოვაციური კონცეფცია რადონ-222-ის ჰიდროლოგიურ მოდელში ინტეგრირებისთვის.

3. პროგრამული უზრუნველყოფა (Python Pipeline): Python-ზე შემუშავდა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული პაიპლაინი, რომელიც JAMS/J2000-ის მომხმარებლებსა და მკვლევარებს მოდელირების შედეგების მრავალმხრივ ანალიზში დაეხმარება.

საერთაშორისო აქტივობები და პუბლიკაციები:

• საერთაშორისო თანაავტორობა: მაღალრეიტინგული სამეცნიერო სტატიის — „Prediction of Hydroclimatic Anomalies Using a New Isotope Precipitation Index“ თანაავტორი (doi.org/10.1029/2025GL120780).

• IAEA-ს 69-ე გენერალური კონფერენცია: მონაწილეობა გენერალური კონფერენციის ღონისძიებებსა და სამეცნიერო ფორუმზე „ატომები წყლისთვის“.

• აკადემიური მხარდაჭერა და ასისტირება: ასისტირებას უწევდა IAEA-ს საერთაშორისო ტრენინგებს და ჰიდროლოგიურ მოდელირებაში ეხმარებოდა უცხოელ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

კვლევის პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის, თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტისა და IAEA-ს საერთაშორისო ექსპერტებთან.

სტაჟირების დასასრულს, მან კვლევის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა როგორც იზოტოპური ჰიდროლოგიის სექციაში, ისე ჰიდროლოგიური მოდელირების კოორდინირებული კვლევითი პროექტის (CRP) შეხვედრაზე.

ვულოცავთ ელენეს ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ პროფესიულ და სამეცნიერო წარმატებებს!