სტუ
21/08/2026

ფაკულტეტის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა

student

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, სამთო და გეოინჟინერიის პროგრამის IV კურსის სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვების შედეგად მოპოვებული დაფინანსებით, რაჭის რეგიონში საველე-გეოლოგიური კვლევა წარმატებით განახორციელა.

კვლევის თემა: „რაჭის რეგიონში (კრიხის მიმდებარე ტერიტორია) ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა“

კვლევის არეალი და გეოლოგიური აგებულება:

საველე სამუშაოები ჩატარდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხის მიმდებარედ. ე. გამყრელიძის ტექტონიკური დარაიონების სქემის (2013) მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება გაგრა-ჯავის ზონის რაჭის დაძირვის ქვეზონას, ხოლო ფაციალური კომპლექსების მიხედვით - აფხაზეთ-რაჭის სტრუქტურულ-ფაციალურ ტიპს (ღამბაშიძე, 1979). ჭრილი წარმოდგენილია კარბონატული ნალექებით - ღია ნაცრისფერი, თეთრი და მოყვითალო შეფერილობის კირქვებითა და მერგელებით.

საველე სამუშაოები და მეთოდოლოგია:

საველე ეტაპზე განხორციელდა საკვლევი ჭრილის დეტალური დოკუმენტირება, GPS კოორდინატების დაფიქსირება და ფოტოგადაღება; ლითოლოგიური აღწერა, შრეების სიმძლავრისა და სტრუქტურული ელემენტების (მიმართება, დაქანება, დახრის კუთხე) გაზომვა გეოლოგიური კომპასით; ქანების ნიმუშების სისტემატური სინჯვა 50-100 სმ ინტერვალით; მაკროფაუნისტური ნაშთების (ამონიტები, ბელემნიტები, ბრაქიოპოდები) გამოვლენა და დაფიქსირება.

სამეცნიერო მიზანი და მოსალოდნელი შედეგები:

შეგროვებული მასალის საფუძველზე, ლაბორატორიულ პირობებში იგეგმება მიკროფაუნის (განსაკუთრებით პლანქტონური ფორამინიფერების: Muricohedbergella, Marginotruncana, Globotruncana) გამოყოფა და დეტალური შესწავლა.

კვლევის საბოლოო მიზანია - ჭრილის დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილება და ზონური ერთეულების გამოყოფა; რეგიონის პალეოგეოგრაფიული და პალეოკლიმატური სურათის აღდგენა; ობიექტის მეცნიერული, საგანმანათლებლო და გეოტურისტული პოტენციალის (გეომემკვიდრეობის) შეფასება.

ჩატარებული საველე სამუშაოები მყარ საფუძველს ქმნის რაჭის ტერიტორიაზე ცარცული ნალექების შემდგომი, უფრო მასშტაბური და მიზანმიმართული შესწავლისათვის.