სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ხარისხიანი განათლებისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა გრძელდება.
წელს, კომპანია „არემჯის“ (RMG) სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში, სპეციალურმა კომისიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 რჩეული სტუდენტი გამოავლინა. გამარჯვებულები ერთი წლის განმავლობაში კომპანიის ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ.
ხარისხიანი განათლებისა და ახალგაზრდა ინჟინერ-გეოლოგების მხარდაჭერა „არემჯის“ პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს (SDG4) ეხმიანება და მჭიდროდ უკავშირდება ჩვენი ფაკულტეტის მისიას.
პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატებისთვის მოეწყო სპეციალური ინდუსტრიული ტური კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე. სტუდენტებმა ადგილზე მოინახულეს ისტორიული მადნეულის კარიერი და სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკა, სადაც თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკულ გარემოში შეაფასეს.