სტუ
26/06/2026

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა (GOGC)“ და სტუ-ის შორის მემორანდუმი გაფორმდა

733630083_991158913787320_8547617619394678919_n.jpg

26 ივნისს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა (GOGC)“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (GTU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, ეკატერინე სისაურმა და სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აღნიშნული შეთანხმება ახალ ეტაპზე აიყვანს აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიას შორის არსებულ კავშირებს.

სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობის მთავარ ორიენტირს და მიზნობრივ მიმართულებას სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტი წარმოადგენს, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს როგორც ქართულ, ისე, უცხოენოვან პროგრამებს.

აღნიშნული მიმართულება ზუსტად პასუხობს კორპორაციის საქმიანობის სპეციფიკას, რაც პარტნიორობას კიდევ უფრო პროდუქტიულს, მიზნობრივსა და ეფექტურს ხდის. 

პარტნიორობა ითვალისწინებს:

  • ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას;
  • სტუდენტთა პროფესიულ განვითარებასა და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის ხელშეწყობას;
  • მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და მათ ინტეგრაციას ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში.
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ წარმოადგენს დივერსიფიცირებულ კომპანიას ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში, რომელსაც მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მსგავსი მასშტაბის სახელმწიფო კომპანიისა და წამყვანი უნივერსიტეტის თანამშრომლობა მყარ საფუძველს უყრის დარგის მომავალი პროფესიონალების აღზრდასა და ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას.