სტუ
21/07/2026

პროფესორ ნოდარ ფოფორაძის 70 წლის იუბილე

IMG_9757.JPG

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი გულითადად ულოცავს პროფესორ ნოდარ ფოფორაძეს 70 წლის იუბილეს.

პროფესორ ნოდარ ფოფორაძის მრავალწლიანი პროფესიული ცხოვრება მთლიანად უკავშირდება საქართველოს გეოლოგიური მეცნიერების, უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეს. თითქმის ხუთი ათეული წლის განმავლობაში იგი ერთგულად ემსახურება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც გაიარა გზა პრეპარატორიდან, ლაბორატორიის გამგიდან, დოცენტიდან და პროფესორიდან გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე. 

იგი არის „გეოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, საქართველოს საინჟინრო და სამთო მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. 

ნოდარ ფოფორაძის განსაკუთრებული დამსახურებაა გეოლოგთა არაერთი თაობის აღზრდა. სტუდენტები და კოლეგები მას იცნობენ, როგორც მაღალი პროფესიონალიზმის, აკადემიური კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და მზრუნველობის მაგალითს. იგი ყოველთვის მზად არის გაუზიაროს ცოდნა, გამოცდილება და მხარი დაუჭიროს როგორც ახალგაზრდა მკვლევრებს, ისე პრაქტიკოს გეოლოგებს. 

მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მინერალოგიას, პეტროლოგიას, გეოქიმიას, საბადოების გეოლოგიას, გარემოსდაცვით კვლევებს, კულტურული მემკვიდრეობის გეოლოგიურ ასპექტებსა და მინერალური რესურსების რაციონალურ გამოყენებას. პროფესორი ნოდარ ფოფორაძე ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში, მათ შორის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის, ქვევრის ნედლეულისა და ტექნოლოგიის, ყაზბეგ–ომალოს რეგიონის, საყდრისის, გოდერძის, საბერეების, გრაკლიანის გორისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების კვლევებში. იგი დღესაც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობაში, მათ შორის, გეომემკვიდრეობის ინვენტარიზაციისა და ციფრული გზამკვლევის პროექტში. 

პროფესორ ფოფორაძის სამეცნიერო მემკვიდრეობა წარმოდგენილია ასობით სამეცნიერო ნაშრომით, მონოგრაფიითა და სახელმძღვანელოთი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ქართული გეოლოგიური მეცნიერების, ისე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებაში. მისი კვლევები წარმატებით აერთიანებს ფუნდამენტურ გეოლოგიას, მინერალოგიას, გემოლოგიას, არქეოლოგიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. 

პროფესიული საქმიანობის განმავლობაში იგი აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დააარსა და ხელმძღვანელობს საქართველოს მინერალოგიურ საზოგადოებას, არის სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოსა და სარედაქციო კოლეგიის, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრი და თავისი ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვან წვლილს დებს ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში. 

დღეს, როდესაც პროფესორი ნოდარ ფოფორაძე 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, განსაკუთრებული მადლიერებით ვაფასებთ მის მრავალწლიან შრომას, უანგარო დამოკიდებულებას სტუდენტებისა და კოლეგების მიმართ, მეცნიერებისა და განათლებისადმი ერთგულებას.

ვუსურვებთ ბატონ ნოდარს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ოჯახურ კეთილდღეობას, ენერგიასა და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ნაყოფიერ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.