სტუ
06/07/2026

სტუ-ის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი პოლონეთსა და ჩეხეთში


23-29 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები  სამუშაო-სასწავლო ვიზიტით პოლონეთსა და ჩეხეთს ეწვივნენ.

ვიზიტი  საერთაშორისო პროექტის - „გეომემკვიდრეობის ინვენტარიზაცია, ელექტრონული გზამკვლევი და მობილური აპლიკაცია მდგრადი ტურიზმისთვის (სომხეთი და საქართველო)“ ფარგლებში განხორციელდა,  რომლის დონორიც საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდია (IVF).

პროექტის გენერალური კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU), ხოლო პარტნიორ ევროპულ მხარეს წარმოადგენენ სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (SUT, პოლონეთი) და ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი (TUO, ჩეხეთი).

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ:  

საქართველოდან  სტუ-ის  გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე და ასოცირებული პროფესორი ოლღა სესკურია.

სომხეთიდან (YSU): ასოცირებული პროფესორები გორ ალექსანიანი და სეირან სუვარიანი.

ევროპელი მასპინძლები: პროფესორები კშიშტოფ ლაბუსი, მალგოჟატა ლაბუსი (პოლონეთი), მარტინ კლემპა და პეტრ სკუპიენი (ჩეხეთი).

 ვიზიტის  მთავარი მიზანი ევროპული გამოცდილების გაცნობა იყო გეომემკვიდრეობის ობიექტების კვლევისა და გეოტურიზმის განვითარების მიმართულებით.

დელეგაციის წევრები გაეცნენ პოლონეთისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებში არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და უნივერსიტეტების სამეცნიერო სივრცეებს. პროგრამის ფარგლებში მოეწყო გასვლითი ტურები უნიკალურ გეოტურისტულ ობიექტებზე: „დედოფალ ლუიზას ქვანახშირის მაღარო“ (ზაბჟე, პოლონეთი) - ყოფილი მაღარო, რომელიც დღეს ინოვაციურ ტურისტულ სივრცედაა ქცეული.
„ლანდეკ პარკი“ (ოსტრავა, ჩეხეთი) - ყოფილი მაღაროს ბაზაზე შექმნილი წარმატებული მუზეუმი და რეკრეაციული ცენტრი.

პარტნიორებმა განიხილეს პროექტის მომდევნო ეტაპები, მათ შორის ივლისის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი საქართველოსა და სომხეთში, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური მემკვიდრეობის 15 ობიექტს  გამოიკვლევენ. 

თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა: მუზეუმებს შორის მინერალების კოლექციების გაცვლა; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები;  2027 წლის ხელახალი აკრედიტაციისთვის კი,  „გეოლოგიის“ სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სასწავლო კურსები განახლდება, დაიხვეწება და დაემატება ახალი თანამედროვე მოდულები.