სტუ
06/06/2026

საველე-სასწავლო პრაქტიკული ჰიდროგეოლოგიური ლექცია სტუდენტებისთვის თიანეთის მუნიციპალიტეტში

06.06.2026.jpg

„მიწისქვეშა წყლის რესურსების დაცვა - ცოდნა, პრაქტიკა, მომავალი“ - ღონისძიების ფარგლებში სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი თიანეთის მუნიციპალიტეტში საველე-პრაქტიკულ ლექციაზე იმყოფებოდნენ. ღონისძიება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.  

საველე ლექცია გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართა, სადაც გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  მერაბ გაფრინდაშვილმა და სააგენტოს თანამშრომლებმა სტუდენტებს ადგილზე გააცნეს მიწისქვეშა მტკნარი წყლების მონიტორინგის ავტომატური სადგურების აღჭურვილობა, წყლის ფიზიკურ-ქიმიური და რაოდენობრივი მონიტორინგული პარამეტრები, მონაცემთა დისტანციური მართვის სისტემა, პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობები და საველე-პორტატული ჰიდროგეოლოგიური აპარატურის მუშაობის პრინციპები. 

გარდა ამისა, განიხილეს საკვლევი ტერიტორიის გეოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური პირობები, მიწისქვეშა წყლების ფორმირებისა და წყალშემცველი ჰორიზონტების გავრცელების თავისებურებები.

სტუდენტებმა სააგენტოს სპეციალისტების დახმარებით, შეასრულეს წყლის მახასიათებელი პარამეტრების გაზომვები და ისწავლეს საველე ჩანაწერების წარმოების პროცედურები. მათ მიერ, ველზე შეგროვებული მასალები უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიაში დამუშავდება და მომზადდება სტუდენტური პრეზენტაციები მიღებული პრაქტიკული ცოდნის შესახებ.

გარემოს ეროვნული სააგენტო გამოყენებითი გეოლოგიის სასაწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამსაქმებელ უწყებას წარმოადგენს. შესაბამისად, ერთობლივი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ჰიდროგეოლოგიის განხრით სპეციალისტების აღზრდა ისტორიულად და დღესაც, მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება. სტუდენტების მიერ გამოხატული ინტერესისა და სურვილების გათვალისწინებით,  გადაწყდა, რომ  მსგავსი აქტივობები გეგმიურად, წელიწადში ორჯერ განხორციელდეს.