სტუ
07/05/2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ აბესაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევების გადაჭრელად ინიციატივების შემუშავებას.

GTU Cover 2 (2).png

ვიცე-რექტორის განცხადებით, სააგენტოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მინერალური რესურსების სფეროში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მემორანდუმი მნიშვნელოვანი მექანიზმია უნივერსიტეტსა და დარგობრივ უწყებას შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

„სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გარემოში გამოიყენონ, ჩაერთონ რეალურ პროექტებში და უკეთ გაეცნონ მინერალური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტებს. ერთობლივი კვლევები და სამეცნიერო საქმიანობა ხელს შეუწყობს დარგში არსებული გამოწვევების უფრო ეფექტურად გადაჭრას და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. ეს თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების პროფესიული განვითარების მხრივაც, რადგან სტუდენტები და მკვლევრები შეძლებენ სათანადოდ გამოიყენონ სააგენტოს რესურსები და გამოცდილება, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, ასევე ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადებას და დარგის განვითარებას“. - პროფესორი თამარ წერეთელი

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში პრაქტიკულ სწავლებასა და სტაჟირებას გაივლიან, რითაც პროფესიულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, ახალ გამოცდილებას შეიძენენ და კვალიფიკაციის აიმაღლებენ.