სტუ
30/03/2026

ანდორაში გამართულ მსოფლიო ფორუმზე ფაკულტეტის დეკანმა მონაწილეობა მიიღო

ანდორის მსოფლიო ფორუმის მონაწილენი (1).png

26-28 მარტს, ანდორაში (პირინეის მთები), გაეროს საერთაშორისო ალიანსის - „მთის პარტნიორობის“ (Mountain Partnership) ორგანიზებითა და ანდორის მთავრობის მხარდაჭერით,  მასშტაბური მსოფლიო ფორუმი ჩატარდა, რომელიც მთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 120-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელმა.

ფორუმზე, საქართველოს მხრიდან  ოფიციალურად იყო მიწვეული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც „მთის პარტნიორობის“ ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

უნივერსიტეტის რექტორის დავალებით, ფორუმზე სტუ-ის წარმოადგენდა სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე.

ღონისძიების ფარგლებში, ფაკულტეტის დეკანმა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში მთის მდგრადი განვითარების მიზნით დანერგილი უნიკალური საუნივერსიტეტო პროგრამები და სწავლების შედეგები გააცნო. 

პრეზენტაციამ მონაწილეთა შორის დიდი დაინტერესება და აღიარება გამოიწვია, რაც ხაზს უსვამს სტუ-ის აკადემიური ხედვის შესაბამისობას გლობალურ სტანდარტებთან.

აღნიშნული წარმატება გახდა საფუძველი სამომავლო თანამშრომლობისა ისეთ გავლენიან
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა:

  • MRI - მთების კვლევების ინიციატივა;
  • UNFCCC - გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ადაპტაციის დივიზიონი;~
  • EUROMONTANA - ევროპის მთიანი რეგიონების ასოციაცია;
  • FAO - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.
მსოფლიო ფორუმის მუშაობის დასასრულს ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიიღეს: 

1. გლობალური სტრატეგიული თემების ოთხწლიანი სამუშაო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მთიანი რეგიონების განვითარების პრიორიტეტებს 2030 წლამდე.

2. „ანდორის დეკლარაცია“, რომელიც აერთიანებს წევრი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების საერთო ხედვას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მაღალმთიან ზონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობა ამ გლობალურ პროცესში კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის როლს, როგორც რეგიონული ლიდერისა მთის მდგრადი განვითარების მეცნიერულ და საგანმანათლებლო სფეროში.