გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები.
გამარჯვებულთა შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წარდგენილი პროექტი - FR-25-12823 „საბერეების (გარეჯი) კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის დეტალური გეოლოგიური კვლევა“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოც. პროფესორი ოლღა სესკურია, კოორდინატორი - დოქტორანტი, ნიკო ფოფორაძე). საგრანტო პროექტის შესრულებაში მონაწილეობას იღებენ დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
პროექტი ითვალისწინებს საბერეების (გარეჯის) კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დეტალურ გეოლოგიურ და გარემოსდაცვით კვლევას.
საბერეების მონასტერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია, სადაც სიტუაცია ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გართულებული, რაც ბევრ ბუნებრივ ფაქტორთანაა დაკავშირებული. აღნიშნული პროექტი სამ პერიოდად განხორციელდება.