სტუ
27/10/2025

ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განახლება იწყება

IMG-20251025-WA0022.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ივანე ჯაგოდნიშვილი, სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ნოე ხოზრევანიძე, ფაკულტეტის მენეჯერი ნიაზ ჯიქია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე შალვა კელეპტრიშვილი  ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ეწვივნენ.

სტუმრები ინსტიტუტის დირექტორ გრიგოლ ცნობილაძესთან ერთად გაეცნენ ავტორიზაციისთვის მზადების პროცესს, რაშიც ყველა თანამშრომელია ჩართული, ასევე, ინფრასტრუქტურის არსებულ მდგომარეობას. დღეისათვის ინსტიტუტში სწავლება მიმდინარეობს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: „სამთო ტექნიკოსი“, „სამთო ელექტრომექანიკოსი“, „მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი“, „ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა“, „მღებავი“, „მებათქაშე“. 

სტუმრები პროფესიული სწავლების სტუდენტებს და პედაგოგებს შეხვდნენ, ასევე სასწავლო პროცესს გაეცნენ. გაიმართა შეხვედრა ინსტიტუტის ადმინისტრაციასთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.

ნოე ხოზრევანიძემ ისაუბრა ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, როგორც პროფესიული განათლების სისტემაში, ასევე რეგიონის და ქვეყნის სამთო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაში. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განახლებას იწყებს, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, როგორც შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას, ასევე, სასწავლო და პრაქტიკული რესურსების მოდერნიზებას.

ივანე ჯაგოდნიშვილმა აღნიშნა, რომ სამთო მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შექმნილია ინსტიტუტის პერსონალის და შპს „საქნახშირის“ თანამშრომლების ჩართულობით. 

ამჟამად, მიმდინარეობს სამთო საქმის პროფესიული სტანდარტის გადამუშავება, სადაც ჩართულია ინსტიტუტის პროფესიული განათლების პედაგოგები. ეს კი, მიუთითებს მათ მაღალ პროფესიონალიზმზე. მან  ასევე, ისაუბრა ინსტიტუტის პერსპექტივებზე, რეგიონის საჭირობებიდან გამომდინარე ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე.