სტუ
23/10/2025

კომპანია „არემჯიმ“ საზაფხულო სკოლა 2025-ის მონაწილეები დააჯილდოვა

IMG_4763.JPG

კომპანია „არემჯის“  თბილისის ოფისში  სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საზაფხულო სკოლის დასკვნითი  ღონისძიება გაიმართა, სადაც სტუდენტებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს.  ღონისძიების ბოლოს, მათ სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას  კომპანიის  გენერალური დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძე უძღვებოდა.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს  სტუ-ის სამთო-გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, სტუ-ის პროფესორები – ანზორ აბშილავა, ნოდარ ფოფორაძე და გიორგი ხეცურიანი გაეცნენ.

უკვე, მეორე  წელია, რაც არემჯის საზაფხულო სკოლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის მიმართულების სტუდენტებიც მონაწილეობენ. 

„ერთთვიანი პრაქტიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. ეს იყო შესაძლებლობა, ჩემს პროფესიას პრაქტიკულად შევხებოდი და უკეთ გამეგო, რამდენად მნიშვნელოვანია ის რეალურ ცხოვრებაში. საზაფხულო სკოლაში მივიღე  მაგალითები, რამაც დამანახა, თუ როგორ უნდა გამოვიყენო აქამდე მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ პრაქტიკაში. დავრწმუნდი, რომ ჩემი არჩევანი სწორია და ამ მიმართულებით განვითარება მომცემს როგორც პირად, ასევე პროფესიულ წარმატებას. გარდა ამისა, პროექტმა განმივითარა პასუხისმგებლობის გრძნობა, დამანახა გუნდური მუშაობის მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერ საქმეში.“ – ანა ზურაბიშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, რომელმაც პრაქტიკა კომპანიაში გაიარა. 

წელს,  სკოლამ  საკუთარ საწარმოში სტუდენტების მე-7  ნაკადი მიიღო.  საზაფხულო სკოლა არემჯის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც 2018 წლიდან სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არემჯის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხიანი განათლების ხელშეწყობაა, რაც გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე  მიზანს ეხმიანება. წლებია კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს.  მათ შორის,  აღსანიშნავია სტუ-ისთან და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან პარტნიორობით ჩატარებული სტუდენტური პროექტები, როგორიც არის საზაფხულო სკოლა.