სტუ
17/10/2025

ინფორმაციული შეხვედრები პირველკურსელებთან


ახალ სასწავლო წელს სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა საინფორმაციო შეხვედრებს პირველკურსელებისთვის. სტუდენტებს სიტყვით მიმართა ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ, აგრეთვე დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და აკადემიურმა პერსონალმა.

შეხვედრების მიზანი იყო პირველკურსელთა პროფესიულად ორიენტირება, ფაკულტეტის საქმიანობის, საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურისა და სწავლების პროცესის გაცნობა. ყურადღება გამახვილდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებზე — ლაბორატორიულ სამუშაოებზე, საველე პრაქტიკაზე და თანამედროვე საინჟინრო და გეოინფორმაციული პროგრამების შესწავლაზე.

შეხვედრები გაიმართა: გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტში, საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტში, შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტში.

თითოეულმა დეპარტამენტმა სტუდენტებს გააცნო თავისი პროფესიული მიმართულება, კურსების შინაარსი, მიმდინარე კვლევითი და პრაქტიკული პროექტები, ასევე დასაქმების შესაძლებლობები სექტორში.

ასევე განიხილეს აქტუალური გლობალური გამოწვევები, რომელთა პასუხად ფაკულტეტი სთავაზობს სტუდენტებს ინოვაციურ, პრაქტიკაზე დაფუძნებულ განათლებას, რაც უზრუნველყოფს მათ მაღალი კონკურენტუნარიანობით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

შეხვედრების დასასრულს სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ.

ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტებს უსურვა წარმატებული აკადემიური გზა, აქტიური სტუდენტური ცხოვრება და მომავალი პროფესიული წინსვლა!