„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 03 დეკემბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი № 3 ) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე:
1. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 03 თებერვალს.
2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას: არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2025 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში - თბილისი, კოსტავას 77, მე- 3 სართული, ოთახი №306. განცხადებები მიიღება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.
გ) სამოქმედო გეგმა.
6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 30 იანვარს.
7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2024 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული).
პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.