11/11/2024
შეხვედრა კომპანია ,,ბაუმერის“ წარმომადგენლებთან
7 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, კომპანია „ბაუმერის“ წარმომადგენლები სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებს და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ.
სტუ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საამშენებლო, სამთო-გეოლოგიის, ენერგეტიკის, და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრიატის სტუდენტები.
შეხვედრის მიზანს კომპანიის საქმიანობის შესახებ მსმენელთა ინფორმირება და სტაჟირების პროგრამით სტუდენტების დაინტერესება წარმოადგენდა. კომპანია “ბაუმერი” 2013 წელს შეიქმნა.
გუნდი დაკომპლექტებულია ექსპერტული ცოდნის მქონე ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან; მთავარ საქმიანობას კი ბაზარზე MEP სისტემების მიმართულებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, სრული სერვისის მიწოდება წარმოადგენს.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან ფაკულტეტთან შემდგომი თანამშრომლობისთვის.
მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა წაახალისონ საინჟინრო ტექნოლოგიური მიმართულების სტუდენტები სახელობითი სტიპენდიებით, რათა მომავალ თაობას კიდევ უფრო მეტად გაუღვივონ ინტერესი საინჟინრო სფეროს მიმართ. დაისახა შემდგომი თანამშრომლობის და სამუშაო შეხვედრების გეგმა.
მადლობას ვუხდით კომპანია “ბაუმერს“ საინტერესო შეხვედრისთვის, სტუდენტზე ორიენტირებული მსგავსი აქტივობები ყოველთვის შედეგის მომტანია და პროფესიული განვითარების უპირობო პროცესს წარმოადგენს.