საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღე აღინიშნა.
ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე, სამთო-გეოლოგიური საზოგადოების და „საქნახშირის“ წარმომადგენლები, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ გახსნა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. დეკანმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. დღეს ჩვენი დღეა. 1922 წელს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე პოლიტექნიკური ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე თავდაპირველად სამი განყოფილება იყო: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. სამთამადნო განყოფილებას გააჩნდა სპეციალობები - სამთო (საექსპლუატაციო), მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური. 1928 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელსაც დასაწყისში გააჩნდა შემდეგი ფაკულტეტები: სამშენებლო ფაკულტეტი, მექანიკური ფაკულტეტი, სამთო-ქიმიური ფაკულტეტი. დღეისათვის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მიზანს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება წარმოადგენს, უმაღლესი განათლების სამივე - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. მადლობა მინდა გადავუხადო რექტორს, ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს სტუმრებს და მეგობრებს დაფასებისათვის. მადლობა სტუდენტებს, რომელთა თითოელი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სახლის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო „არემჯის“, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს ფაკულტეტს. „არემჯი“ არის ერთ-ერთი მოწინავე, კერძო სექტორიდან, რომელმაც წარმატებული სტუდენტებისათვის სტიპენდია დააწესა და რომელიც ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით ფაკულტეტის მთავარი პარტნიორია“, - განაცხადა დეკანმა.
როგორც სტუ-ის რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, სამთო-გეოლოგია ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ მიიღონ ევროპული სტანდარტის განათლება.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღეს. ფაკულტეტისა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარად 101 წლისაა. სამთო-გეოლოგია არის სამრეწველო დარგი, ქვეყნის განვითარება ამ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების წარმატებასთანაა დაკავშირებული. სიამაყით ვაცხადებ, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მოთხოვნა და შესაბამისად, უნივერსიტეტი ყოველდღიურად აუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ფაკულტეტზე განახლდა ინფრასტრუქრუტა. უნივერსიტეტი პატრნიორებთან ერთად ზრუნავს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „არემჯის“. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტზე მოღვაწე ყველა მეცნიერს, დეკანატს, სტუდენტებს და წარმატება ვუსურვო მათ. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ მომავალი სამთოელების ნამუშევრები, იმ ახალგაზრდების, რომელთაც ხვალ წარმატებით უნდა გააგრძელონ დიდი მეცნიერების გაკვალული გზა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ფაკულტეტის დღეს და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რექტორმა სტუ-ის „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნანი ხუნდაძე. საპატიო დიპლომი გადაეცა პროფესორებს: რუსუდან ჩხეიძეს, ნორინგ მოლოდინს, აკაკი გოჩოლეიშვილს, მევლუდ შალიკაძეს და ნუნუ აბაკელიას. ასევე, რექტორმა სიგელი გადასცა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს დავით რატიანს, ანა ქათამიძეს და ირმა გულიაშვილს.
ღონისძიების დასასრულ, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტუის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცეს „არემჯის“, „საქნახშირის“ და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ბიძინა სონღულაშვილმა.