საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“, ჩატარდა.
საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტუ-ის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ორგანიზებით და კომპანია RMG-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო სამთო საქმისა და გეოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერებმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა. ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმოამდგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“, გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარმატება უსურვა კოლეგებს.
„საქართველოს ეკონომიკის აღორძინება მინერალური რესურსების მიზანმიმართული შესწავლისა და ათვისების გერეშე შეუძლებელია. გეოლოგია ერთ-ერთი ტრადიციული და გამორჩეული დარგია, როგორც უნივერსიტეტში, ასევე ქვეყანაში. ძლიერი გეოლოგიური სამსახურების გარეშე შეულებელია ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და გარემოს მდგრადობა, მინერალური რესურსების სრულყოფილი ბაზის შექმნა. საქართველოში მოქმედი მინერალური რესურსების შემსწავლელი, მომპოვებელი და გადამამუშავებელი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, მეცნიერ და პრაქტიკოს გეოლოგთა ისეთი მჭირდო კონტაქტები, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს, ერთობლივი კვლევითი სამუშაოები და გამოცდილების გაზიარება გეოლოგიის დარგის სიძლიერის საწინდარია, მითუფრო, როცა ამ მიმართულებით დიდია სტუდენტების აქტიურობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციის თემები აქტუალურია და საინტერესო. მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილეებს“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.
კონფერენცია მიეძღვნა გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლე¬მე¬ბის შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას, მინერალური რესურსების კლასიფიკაციას, ბუნებრივი საფრთხეების მართვისა და პრევენციის ღონისძიებების განხილვას, წყლის რესურსების (მტკნარი, მინერალური და თერმული) რაციონალურ გამოყე-ნებასა და სწორი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას, ნარჩენების მართვას. დიდი ნაგებობების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში არსებული საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლას, სამთო საქმის აქტუალური საკითხების განხილვას. კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი თემები:
„ახალი მონაცემები ხრამის კრისტალური მასივის კამბრიულამდელ სერპენტინიტებზე“, „საქართველოს მინერალური რესურსული ბაზის მაკროეკონომიკური შეფასება: ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორი“, „საქართველოს პოსტკოლიზიური გეოდინამიკა, ტექტონიკა და სეისმურობა“, „ამიერკავკასიის ცენტრალური ნაწილის გეოლოგიური აგებულება, 1:200 000 მასშტაბის გეოლოგიური რუკა და განმარტებითი ბარათი“, „გვიან ცარცული საყდრისის ეპითერმული საბადოს ფაციალური ანალიზი და მადნის გავრცელება, ბოლნისის რაიონი, საქართველო“, „მდინარე მტკვრის პლატობაზალტები (სამხრეთ კავკასიის კონტინენტური პლატობაზალტური (CFB) პროვინცია, საქართველო): მიმდინარე კვლევები და სამომავლო პერსპექტივები“, „მცხეთის ჯვრის მონასტრის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების შესწავლა“, „დიდი კავკასიონის გაგრა-ჯავის ზონის ნაოჭა სტრუქტურების, მათი ფორმირების პირობებისა და სტრატიგრაფიის შესახებ“, „ტყიბულ-შაორის საბადოს ნახშირების მიწისქვეშა გაზიფიკაციის წესით მოპოვების შესწავლა ლაბორატორიული ექსპერიმენტით“ და სხვა.