საინჟინრი გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი
სამარკშაიდერო საქმისა და საინჟინრო გეოდეზიის კთედრა სათავეს იღებს 1922 წლიდან, როდესაც თბილისის უნივერსიტეტში პროფ. ანდრია ბენაშვილმა დაარსა გეოდეზიისა და ასტრონომიის კათედრა. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების შემდეგ ჩამოყალიბდა სამარკშაიდერო საქმისა და გეოდეზიის კათედრა, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი გარდაცვალებამდე (1941წ.) ა. ბენაშვილი იყო.
1941-85 წლებში კათედრას განაგებდა პროფ. ნიკოლოზ თევზაძე (ორმოცდაათიან წლებში მცირე დროის განმავლობაში მარკშაიდერიის კათედრა ცალკე არსებობდა, რომელსაც დოც. ი. ეძგვერაძე ხელმძღვნელობდა). 1985-2011 წლებში საინჟინრო გეოდეზიის, მარკშაიდერიის და ქალაქის კადასტრის კათედრას, შემდგომ საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა პროფ. მერაბ თევზაძე. 2011-2019 წლებში საინჟინრი გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტს – პროფ. მალხაზ ხურციძე. 2019 წლიდან დღემდე – ასოც. პროფ. თეიმურაზ პაპავა.
1938 წლიდან კათედრა მაპროფილებელია და ამზადებს სამთო ინჟინერ-მარკშაიდერებს, 1978 წლიდან ინჟინერ-გეოდეზისტებს. 2001 წლიდან სტუ-ში დაიწყო კადრების მომზადება სპეციალობით – „ქალაქის კადასტრი“, ხოლო 2012 წლიდან – გეოინფორმატიკის სპეციალობით. ძირითადი სასწავლო დისცპლინებია; ,,გეოდეზია”, ,,განაზომთა შედეგების მათემატიკური დამუშავება”, ,,სამარკშაიდერო საქმე”; ,,წიაღის გეომეტრია, გეოდეზიური ინსტრუმენტმცოდნეობა”, ,,უმაღლესი გეოდეზია”, ,,გეოდეზიური ასტრონომია”, ,,გრავიმეტრია”, ,,კარტოგრაფია”, ,,ფიზიკური მანძილსაზომები”, ,,საინჟინრო გეოდეზია” ,,ფოტოგრამმეტრია” და სხვ.
ფასდაუდებელია პროფ. ა.ბენაშვილის ღვაწლი ქართული ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნაში. მას ეკუთვნის ,,ტოპოგრაფია” (1932 წ.), ,,სფერული ტრიგონომეტრია” (1933 წ.), ,,სფერული ასტრონომია” (1938 წ.) და სხვ.
კთედრის გამგეს დოც. ნ.თევზაძეს მაღალხარისხოვანი, ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნისათვის (,,უმცირეს კვადრატთა მეთოდი” და ,,განაზომთა შეცდომების თეორია”), საჯარო დაცვის შედეგად, მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (1961წ.).
ამვე კთედრის დოცენტმა კ. ტაბატაძემ სადოქტორო დისერტაციად წარადგინა სახელმძღვანელო ,,უმაღლესი გეოდეზია” და 1964 წელს წარმატებით დაიცვა იგი.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ნიკოლოზ თევზაძის მიერ ,,საინჟინრო გეოდეზიაში” ორიგინლური ათტომეულის შექმნა, რომელიც ინჟინერ-გეოდეზისტებისათვის საჭირო ყველა სპეციალურ დისციპლინას მოიცავს. ათტომეულმა ფრიად მაღალი შეფასება მიიღო ჩვენი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც. ამ უნიკალური ნაშრომისათვის ნიკოლოზ თევზაძეს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიეკუთვნა (გარდაცვალების შემდეგ).
აღსანიშნავია კათედრაზე მომზადებული სახელმძღვანელოები: გ. ლაგვილავას ,,მარკშაიდერია”; კ. ტაბატაძის ,,სფერული ტრიგონომეტრია”; რ. ჩეკურიშვილის ,,ფოტოგრამმეტრია” და ,,სტერეოფოტოგრამმეტრია”.
პროფ. მერაბ თევზაძემ გამოაქვეყნა ,,ცდომილებათა თეორია და უმცირეს კვადრატთა მეთოდი” (რუსულ ენაზე, თანაავტორი მ. ბელიაევი, მოსკოვი, ნედრა, 1992 წ.), ,,ფიზიკური მანძილსაზომი”, ,,თანამედროვე გეოდეზიური ხელსაწყოები”, ,,გეოდეზია I ნაწილი”, ,,გამოყენებითი გეოდეზიის კურსი I და II ნაწილი” (თანაავტორი პროფ. მ. მესხი), ,,გეოდეზია ტოპოგრაფიის საფუძვლებით” (თანაავტორი ს. ცუცქირიძე).
კათედრის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებებია: დაკვირვებები მსხვილ ჰიდროტექნიკურ და სამრეწველო-სამოქალაქო ნაგებობების დეფორმაციებზე; საქართველოს მიწის კადასტრის ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური უზრუნველყოფა და კონტროლი; სამთო წარმოებასა და მიწისქვეშა სამუშაოებში გიროთეოდოლიტებისა და შუქმანძილსაზომების დანერგვა; გეგმიურ-სასიმაღლო საფუძვლის შექმნა თბილისის მეტროპოლიტენისა და სხვა მსხვილი ობიექტების მშენებლობისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტუ-ს საინჟინრო გეოდეზიის და მარკშაიდერიის კათედრის, შემდგომში საინჟინრი გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტის მაღალპროფესიონალური გუნდის მონაწილეობა ენგურჰესის ჰიდროკვანძის ნაგებობათა უსაფრთხოების შესწავლაში, პირველი ქართული კოსმოსური კონსტრუქცია – რეფლექტორის შექმნაში და თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში აქტიური თანამშრომლობისათვის.
ამჟამად გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტში ფუნქციონირებს სამი საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო გეოდეზია“ (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა). დეპარტამენტი აგრეთვე ემსახურება სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს: არქიტექტურა, მშენებლობა, სამთო და გეოინჟინერია, გეოლოგია, მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი, სამოქალაქო ინჟინერია, Architecture, Civil Engineering, Строительство, Архитектура და Технология нефти и газа.
დეპარტამენტმა თავის არსებობის მანძილზე ათასზე მეტი სპეციალისტი მოამზადა. დღეისთვის შტატში 21 თანამშრომელი, საიდანაც 3 მოწვეული მასწავლებელია, 3 პროფესორი, 6 ასოც. პროფესორი, 1 ასისტ. პროფესორი, 3 ასისტენტი, 4 უფროსი მასწავლებელი და 1 მასწავლებელი.
კათედრას გააჩნია სასწავლო ლაბორატორიებითა და კომპიუტერული კაბინეტებით დაკომპლექტებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე გეოდეზიურ ინსტრუმენტები. სასწავლო პროცესი მთლიანად უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებით ქართულ ენაზე.
სხვადასხვა დროს კათედრაზე ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ პროფესორები: გ. თევზაძე, ვ.აბაშიძე, მ.მესხი, ს.ფირალიშვილი, ს.ცუცქირიძე, ა.კიკაბიძე, ნ.ტურაბელიძე; დოცენტები ი.ეძგვერაძე, გ.ვარაზაშვილი, გ.ლაგვილავა, ლ.ლევიძე, შ.ჩიგოგიძე, კ.იმნაძე, პ.რამიშვილი, ლ.ლეკიშვილი, გ.ხუნჯუა, გ.გიორგობიანი, ნ.გუგუტიშვილი, ა.მაისურაძე, ნ.კერესელიძე, ლ.შენგელია, ი.მამაცაშვილი.