შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წინამორბედი შესაბამისი სპეციალობის კათედრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა 1932 წელს, სახელწოდებით „უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის“ კათედრა. კათედრის გამგედ დაინიშნა პროფესორი ივანე ყიფშიძე. იგი აღნიშნულ კათედრას ხელმძღვანელობდა 1959 წლამდე.
გასული საუკუნის 50-ან წლებში კათედრას გადაერქვა სახელწოდება და ეწოდა „შრომის დაცვისა და მაღაროს ვენტილაციის“ კათედრა.
1959 წლიდან კათედრას სათავეში ჩაუდგა საქართველოს სსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ კაშიბაძე. იგი კათედრას ხელმძღვანელობდა 1988 წლამდე. ამის შემდეგ 1988 წლიდან კათედრის გამგედ დაინიშნა დოცენტი ზვიად მოსაშვილი, რომლის გარდაცვალების შემდეგ 1993 წელს კათედრის გამგედ არჩეულ იქნა დოცენტი ნაომ ბოჭორიშვილი.
2006 წლიდან „შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის“ კათედრის ბაზაზე შეიქმნა სასწავლო დეპარტამენტი და მას ეწოდა „შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ N304 დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი ნაომ ბოჭორიშვილი. იგი აღნიშნულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 2015 წლამდე.
2015 წლიდან, პროფესორ ნ. ბოჭორიშვილის გარდაცვალების შემდეგ, „შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში შეცვალა პროფესორმა ნინო რატიანმა.
„შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შემადგენლობაში და ამასთან ინარჩუნებს საუნივერსიტეტო სასწავლო დეპარტამენტის სტატუსს, რადგან დაარსების დღიდან უძღვება შრომის უსაფრთხოების ზოგადი კურსის სწავლებას სტუ-ს ყველა ფაკულტეტზე. გარდა ამისა, გასული საუკუნის 90-ანი წლების ბოლოდან დეპარტამენტი გახდა მაპროფილებელი და შესაბამისი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გავლის შემდეგ დაიწყო მიღება საბაკალავრო პროგრამაზე „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“. 2006/2007 სასწავლო წლიდან საბაკალავრო პროგრამას შეემატა სამაგისტრო (ხელმძღვანელი ნინო ჯვარელია), ხოლო 2011/2012 სასწავლო წელს აკრედიტაცია გაიარა სადოქტორო პროგრამამ (ხელმძღვანელი ნანა მაჭავარიანი).
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს 2007–2012 წლებში ენიჭებოდათ კვალიფიკაცია „შრომის უსაფრთხოების მენეჯერი“. 2012 წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია და იმ დროისათვის მოქმედი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად მიიღო სახელწოდება „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“. 2012 წლიდან აღნიშნული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს ენიჭებოდათ კვალიფიკაცია „გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების მაგისტრი“. სულ აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა 51 მაგისტრმა.
2020 წელს რეაკრედიტაცია გაიარა და დღეისათვის დეპარტამენტის ბაზაზე ფუნქციონირებს პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის აკადემიური პროგრამის სამივე საფეხური. პროგრამების ხელმძღვანელები არიან „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ პროფესორი ლუცინდა ჩხეიძე (ბაკალავრიატი), „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“ პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია (მაგისტრატურა) და პროფესორი ნინო რატიანი (დოქტორანტურა)
არსებული საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, სამუშაო ადგილების უსაფრთხო ორგანიზება და დაგეგმვა, შრომის პირობების გაუმჯობესება, შრომის პროცესში წარმოქმნილი საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების მართვა.
ამჟამად უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე დეპარტამენტში ირიცხება საერთო ჯამში 188 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.
საქართველოს სახელმწიფო შრომის უსაფრთხოების, დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფის მნიშვნელობის გათვალისწინებით, 2017 წლიდან სრულად აფინანსებს საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ ჩარიცხულ სტუდენტებს.
2006 წლიდან პროფესორ ნაომ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა „კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების და სწავლების ცენტრი შრომის და წარმოების ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოებაში“, სადაც მსმენელები ეუფლებოდნენ ინჟინერიის მიმართულების ყველა დარგის უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს და სწავლის დასრულებისა და შესაბამისი ტესტირების შემდგომ ეძლეოდათ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 2015 წლიდან დღემდე, აღნიშნულ სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია.
აღნიშნულ დეპარტამენტში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მრავალი გამორჩეული, მაღალკვალიფიციური პროფესორ მასწავლებელი, რომლებიც ეწეოდნენ, როგორც პედაგოგიურ, ასევე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და წარუშლელი კვალი დატოვეს შრომის უსაფრთხოების სამეცნიერო-საგანმანათლებლო დისციპლინის განვითარებაში. მათი სახელები მუდამ იქნება დეპარტამენტის ისტორიის ნაწილი: მიხეილ ჯვარშეიშვილი, თამარ მესხელი, არჩილ იმედაძე, ბიძინა ახვლედიანი, გიორგი ლაპიაშვილი, გაიოზ ჩიქობავა, ვლადიმერ ზამთარაძე, გივი რატიანი, მაგდა ჩხუბიანიშვილი, ნინო მშვენიერაძე, ევგენია ბუჩუხიშვილი, ედუარდ გოგია, მარინე ავალიანი, აკაკი ელისაშვილი, ეკატერინე რევიშვილი, ანატოლი ნევეროვი, გია კავსაძე, თამარ ცოტაძე.
გასული საუკუნის 70-80 -იან წლებში „შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის“ მაშინდელ N 27-ე კათედრას, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის ტერიტორიეზე გააჩნდა სასწავლო-სამეცნიერო პოლიგონი, სადაც მოწყობილი იყო 250 მეტრის სიგრძის აეროდინამიკური მილი და საამფეთქებლო კამერა. მათი გამოყენებით აღნიშნულ დანადგარებში ტარდებოდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მიწისქვეშა სამთო სამუშაოების აეროლოგიის სხვადასხვა საკითხებზე, აგრეთვე აფეთქებაუსაფრთხოების საკითხები.
აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მონაცემების გამოყენებით კათედრაზე დამუშავდა და წარმატებით იქნა დაცული ორი სადისერტაციო ნაშრომი. 1976 და 1983 წწ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვეს ზვიად მოსაშვილმა და თეიმურაზ კუნჭულიამ.
წლების განმავლობაში დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ატარებდნენ ლექციების კურსს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცხინვალის, სოხუმის, ბათუმის, ტყიბულის, რუსთავის და ჭიათურის ფილიალებში. ასევე, შრომის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისა და შრომის დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ორგანიზაციებში (მეტალურგიული ქარხანა, ქიმიური კომბინატი, კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხანა, წისქვილკომბინატი, ვაგონშემკეთებელი ქარხანა და სხვ.) ტარდებოდა გასვლითი ლექციები შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.
საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, კერძოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების“ შესაბამისად, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის 2022 წლის 25 ნოემბრის (სხდომის ოქმი №6) გადაწყვეტილებით დეპარტამენტის ბაზაზე არსებულ სასწავლო ცენტრს მიენიჭა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი, როგორც სრული, ასევე დაბალი და საშუალო რისკის ობიექტების მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს მიიღო ახალი ორგანული კანონი (№ 4283-IIს) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, შეიცვალა სტატუსი, მიღებული კანონი გახდა უფრო მაღალი იერარქიის ორგანული კანონი, ასევე კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, საქართველოს შრომის კოდექსმა შეიძინა ორგანული კანონის სტატუსი, რითაც სახელმწიფომ შრომის უფლების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული და ქვეყნის პრეზიდენტის 2018 წლის 5 მარტს დამტკიცებული საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ავალდებულებს ორგანიზაციებს ჰყავდეთ შრომის უსაფრთხოების დიპლომირებული ან სერთიფიცირებული სპეციალისტ(ებ)ი. შესაბამისად, არც ერთი საწარმო და დაწესებულება არ შეიძლება ფუნქციონირებდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ან შრომის უსაფრთხოების სამსახურის გარეშე. გამომდინარე შრომის ბაზრის მოთხოვნის ტენდენციისა და თანამედროვე ეკონომიკურ-ორგანიზაციული პოლიტიკის მოთხოვნებისა, ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობა ძალზე მაღალია. ჩვენს კურსდამთავრებულებს უმაღლესი განათლების პროგრამის მიხედვით გავლილი აქვთ პროფესიული უსაფრთხოების სრული კურსი და არ მოეთხოვებათ პერიოდული სერთიფიცირება, განსხვავებით მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის მსმენელებისგან.
საქართველოს მასშტაბით მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის N 304-ე დეპარტამენტში წარმოებს კვალიფიციური კადრების მომზადება უმაღლესი განათლების აკადემიური პროგრამებით.
შრომის უსაფრთხოება პერსპექტიული და მოთხოვნადი პროფესიაა. მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ძალზე მაღალია. შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დამსაქმებლებთან აქტიურ თანამშრომლობას ადასტურებს ორგანიზაციებთან ხელმოწერილი მემორანდუმები: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი“; სამთომოპოვებითი საწარმოები რიჩ მეტალს გრუპ („არემჯი“) და შპს „საქნახშირი“; შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“; საქართველოს სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოება; საქართველოს საინჟინრო „აკადემია’; სამშენებლო კომპანია „ანაგი“, ასევე აღნიშნული პროგრამებით დაინტერესებული ორგანიზაციების (შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „HSE Group“; RRC International Training and Consultancy Georgia; შპს „საფკო“; გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; სს „თელიანი ველი“; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი და სხვ.
დეპარტამენტში არსებობს აუცილებელი ხელსაწყოებითა და მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები, პროფესორ ვახტანგ კაშიბაძის სახელობის ხანძარსაწინაღო ტექნიკის კაბინეტი, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის საჭირო აპარატურა, თანამედროვე საპროექციო საშუალებებითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიები. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის სამოქმედო გეგმაში ასახულია კონკრეტული ამოცანები აღნიშნული პროგრამების მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეტაპობრივი გაუმჯობესებისათვის და სასწავლო კორპუსში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ლაბორატორიების თანამედროვე საზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფის შესახებ.
დეპარტამენტის ბაზაზე შესრულებულია არაერთი საგრანტო პროექტი:
ამჟამად მიმდინარეობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტში გამარჯვებული სამეცნიერო-საკვლევ თემაზე მუშაობა:
ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომელთა მაღალი მეცნიერული მიღწევის დასტურია არაერთი გამოგონების საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული საავტორო უფლება (პატენტი):
შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში ამჟამად შტატით ირიცხება 12 აკადემიური პერსონალი, მათ შორის: 7 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენტ-პროფესორი; 6 უფროსი მასწავლებელი და 4 ლაბორანტი. ემერეტუსის სტატუსი მიენიჭათ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, პროფესორებს: დიანა თევზაძეს და ნათელა მექვაბიშვილს.
დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მიერ სტამბური წესით სხვადასხვა გამომცემლობაში გამოცემულია მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელო და სასწავლო მეთოდიკური მითითებები. უკანასკნელი 5 წლის სამეცნიერო - კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის შედეგების ჩამონათვალი მოიცავს: 2 მონოგრაფიას, 18 სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს, 30 სამეცნიერო სტატიას, სალექციო კურსების 8 ელექტრონულ ვერსიას.
სასწავლო დეპარტამენტის აკადემიური და დამხმარე პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით თანამშრომელთა უმრავლესობამ გაიარა სხვადასხვა დონის ტრენინგები, მიღებული აქვთ მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სემინარებში, მათ შორის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული აკადემიური პერსონალის მობილობის (Erasmus+) პროგრამაში.
პროფესორი ო. ლანჩავა არჩეულია რუმინეთის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და ბალკანეთის ქვეყნების საერთაშორისო სამთო აკადემიის საპატიო წევრად. ასევე, სამეცნიერო ჟურნალების “ქართველი მეცნიერები“ და რუმინეთის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა „Journal of Engineering Sciences and Innovation“ (ბუქარესტი) რედკოლეგიის წევრად.
„შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის“ კათედრისა და „შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტის არსებობის მანძილზე თანამშრომლების მიერ დაცული იქნა 9 სადისერტაციო ნაშრომი, მათ შორის უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში 5 ნაშრომი.
დეპარტამენტის მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებებია სამთო საწარმოების გვირაბების აეროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტების დადგენა, შრომის უსაფრთხოების კუთხით საწარმოო სანიტარიისა და უსაფრთხოების ტექნიკის საკითხების გამოკვლევა, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის პრობლემატიკის დაძლევა, ერგონომიკული პარამეტრების დადგენა, საწარმოო რისკების გამოვლენა, შეფასება და მათი თავიდან ასაცილებელი პრევენციული ღონისძიებების შემუშავება, საწარმოებში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონტროლო ზომების განსაზღვრა/დანერგვა, წნევის ქვეშ მომუშავე გამათბობელი ქვაბების ფეთქებაუსაფრთხოების პარამეტრების შემუშავება და დანერგვა, საავტომობილო გვირაბებში წარმოქმნილი ხანძრების პირობებში ხალხის გადასარჩენი ტრანსფორმირებადი სისტემების შემუშავება და გამოცდა, ტექნოსფეროს დაბინძურების კვლევა და ა.შ.
ჩვენი სტუდენტები სისტემატიურად ესწრებიან უნივერსიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დამსაქმებლებთან, აქტიურ მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის ცხოვრებაში, სამეცნიერო კონფერენციებში, სტუდენტური დღეების ეგიდით გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები მონაწილეობენ კომპანია არემჯის მიერ ყოველწლიურად ორგანიზებულ „საზაფხულო სკოლის“ პროგრამაში, სადაც კომპანიის საწარმოებში გადიან ანაზღაურებად პრაქტიკას. საბაკალავრო პროგრამის „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ II კურსის სტუდენტი ანა ქათამიძე 2023 წლის არემჯის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული გახდა.