სტუ

         გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, 2005 წლის 7 მარტს, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№583/03), ადრე არსებული ხუთი კათედრის - მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის; გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის; სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლო­გიის და ძიების; ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის; სამთო-გეოლოგიურ და ქიმიურ მეტალურგიულ საწარმოთა მენეჯმენტის ბაზაზე შეიქმნა.

დეპარტამენტის მაღალი კვალიფიკაციისა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები, სასწავლო პროცესთან ერთად, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით ასრულებდნენ და კვლავაც შეუძლიათ საერთაშორისო მოთხოვნების შესა­ბამისად შეასრულონ შემდეგი სახის სამუშაოები:

         გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში ფუნქციონირებს ქიმიური, მინერაგრაფიის, მინერალოგიის, ჰიდროგეოლოგიის, პეტროგრაფიისა და გრუნტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების საგამოცდო ლაბო­რატორიები, საშლიფე სახელოსნო. ლაბორატორიები აღჭურვილია, როგორც შედარებით მოძველებული, ასევე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობებით.

        ყოფილ კათედრებთან, ერთად დეპარტამენტში შედის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ,,გემო­ლო­გიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რეს­პუბლი­კური ცენტრი’’ (#362), გეოლოგიური პროფილის სამი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია-მუზეუმი: სასარგებლო წიაღისეულის; გეოლოგიისა და პალეონტოლო-გიის; მინერალოგიისა და პეტროგრაფიის.

         გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში ამჟამად 22 კონკურსს გავლილი პროფესორი, 4 მასწავლებელი, 10 ლაბორანტი, 3 მუზეუმის გამგე და  5 მეცნიერ - თანამშრომელია. 

       გეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებმა (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორან­ტუ­რის) წინა მოდიფიცირების პერიოდში (2016-2020 წლებში) მნიშვნელოვანი შევსება და პრო­გრესი განიცადა, ბაკალავრიატის პროგრამას დაემატა ახალი სასწავლო კურსები, ზოგიერთი ძველი შეივსო დას ახალი საკითხებით დაიხვეწა. ამჟამად ისწავლება გეოგრაფიული საინფო­რმაციო სისტემები (GIS), როგორც დამოუკიდებელ კურსების სახით, ასევე ზოგიერთ ცალკეულ გეოლოგიურ კურსებში.

         აღსანიშნავია, რომ მომავალში შემდეგი აკრედიტაციის მისაღებად (2027 წელი) მნიშვ­ნელო­ვანია სასწავლო კურსების ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით გადახალისება, ვფიქრობთ ასევე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიების შევსებას, გადახალისებას და ახლი ლაბორა­ტო­რიების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით ეს ეხება მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კვლევითი კომპონენტის თანამედროვე დონეზე შესასრულებლად საჭირო თანამედროვე მეთო­დების და კომპონენტების დანერგვა, რაც კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მოსამზადებ­ლად აუცილებელია. მნიშვნელოვანია არსებული ლაბორატორიების გადაიარაღება და ახალი ხელსაწყო-მოწყობილობების შეძენა.

         თანამშრომლები სასწავლო პროცესთან ერთად ეწევიან სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს.

         სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიის და ძიების კათედრა თბილისის სახელ­მწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირდაპირი მემკვიდრეა. ამ უმაღლესი სასწავლებლის უფროსმა მასწავლებელმა, ციმბირიდან 1924 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა ბატონმა კალისტრატე გაბუნიამ 1926 წელს ჩამოაყალიბა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრა, რომლის ხელმძღვანელობაც თვითონ იკისრა.

         1928 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტისა და 1917 წელს დაფუძნებული რუსულენოვანი საინჟინრო უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების შედეგად, ჩამოყალიბდა ახალი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი – საქართველოს ინდუს­ტრიული ინსტიტუტი, სადაც პირდაპირ გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის კათედრა პროფესორ კ. გაბუნიას ხელმძღვანელობით.

ბატონი კალისტრატეს უდროოდ (49 წლის ასაკში) გარდაცვალების შემდეგ კათედრას ხელმ­ძღვანე­ლობდნენ:

 

1937-56 წლებში – აკადემიკოსი პეტრე გამყრელიძე

 

1956-67 წწ. – დოცენტი გრიშა ავალიანი,

 

1967-80 წ.წ. – დოცენტი გიორგი ტოგონიძე,

 

1980-1991 წ.წ. – პროფესორი შოთა ჯავახიშვილი,

 

1991-1997 წ.წ. – პროფესორი ზურაბ ოთხმეზური,

 

1997 წლიდან 2005 წლამდე პროფესორი ნოდარ ქაჯაია.

 

კათედრის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს მყარი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის საქმეში, განხორციელდა მრავალი საველე-გეოლოგიური ექსპედიცია.

კათედრა აღიჭურვა მიკროსკოპებით, კოლექციებით და სხვადასხვა ლაბორატორიული თუ საველე აღჭურვილობით.

მინერაგრაფიისა და სტრუქტურული გეოლოგიის კაბინეტი

 

კათედრამ, დაარსებიდან დღემდე, აღზარდა რამდენიმე ათასი სამთო ინჟინერ-გეოლოგი. მათ შორის არიან როგორც პრაქტიკოსი გეოლოგები, წარმოების ხელმძღვანელები, ასევე გამოჩენილი მეცნიერები: აკადემიკოსები გ. თვალჭრელიძე, ე. გამყრელიძე, დ. შენგელია, აკადემიის წევრ–კორესპონდენტები გ.ზარიძე, მ. თოფჩიშვილი, ი. ბუაჩიძე და მეცნიერებათა დოქტორები – ვ. ნადირაძე, შ. ჯავახიშვილი და მრავალი სხვა. კათედრაზე მოღვაწეობდნენ აკადემიკოსები პეტრე და ერეკლე გამყრელიძეები, გ. თვალჭრელიძე; ღვაწლმოსილი პროფესორები ა. ბენდელიანი, ვ. ნადირაძე, გ. ქომეთიანი, მ. აბაკელია, მ. ჯაფარიძე, შ. ჯავახიშვილი, ზ. ოთხმეზური, ვ. გელეიშვილი, დოცენტები ტ. ზაგიუ, ნ. გაბაშვილი (ნიჟარაძე) და მრავალი სხვა გამოჩენილი პედაგოგი.

 

მნიშვნელოვანია პროფესორ ვაჟა გელეიშვილის წვლილი კათედრის მატერიალური ბაზისა განახლებასა და სასწავლო კოლექციების გადმოცემის საქმეში.

         1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე კრის­ტა­ლოგრაფიის, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კურსთა წასაკითხად მიწვეულ იქნა უკვე ცნო­ბილი მეცნიერი ალექსანდრე თვალჭრელიძე (1881-1957 წ.წ.), რომელიც მანამდე იგივე კურსებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულ­ტეტზე. ფაქტობივად, ეს წელი უნდა ჩაითვალოს კათედრის შექმნის თარიღად, თუმცა ფორმალურად ეს მოხდა 1928 წელს, როდესაც საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში შეიქმნა და ჩამოყა­ლიბ­და კრისტალოგრაფიის, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრა, რომლის გამგედაც დაინიშ­ნა ალ. თვალჭრელიძე.

 

         ალ. თვალჭრელიძე უდიდესი ენთუზიაზმითა და წარმატებით სწავლობდა საქართველოს მინერალურ რესურსებს. მის მიერ აღმოჩენილ იქნა ადსორბენტი თიხების უმდიდრესი საბადოები დასავლეთ საქართველოში. ეს ნედლეული აუცილებელია ნავთობის მრეწველობის განვითარების საქმეში, ამ აღმოჩენამ უდიდესი ეკონომიკური ეფექტი მისცა სახელმწიფოს, ვინაიდან აქამდე ეს ნედლეული ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოდიოდა; ეს საბადოები (გუმბრი, ასკანა) ამჟამადაც ფუნქციონირებს. ბენტონიტური თიხების გარდა, მან აღმოაჩინა და შეისწავლა მარ­მარი­ლოს, ქალცედონის და სხვათა საბადოები.

         მეცნიერულ-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ალ. თვალჭრელიძეს მიაჩ­ნდა, რომ უაღრესად საჭირო იყო მინერალოგიური და პეტროგრაფიული ცოდნის შეტანა მოსახ­ლეობაში. იგი სისტემატიურად კითხულობდა პოპულარულ ლექციებს და აწყობდა ექსკურსიებს გეოგრაფიული და გეოლოგიური საზოგადოების სახელით, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის მიდამოების პირველი გზამკვლევის შედგენაში. მეცნიერის დიდმა ერუდიციამ, საქმის სიყვარულმა და აქტიურმა მოღვაწეობამ პოპულარული გახადა გეოლოგიური საქმიანობა და ახალგაზრდობაში ამ დარგისადმი ცხოველი ინტერესი გამოიწვია, რაც საფუძვლად დაედო ჩვენში მაღალკვალიფიციური და მძლავრი გეოლოგიური სკოლის შექმნას. კათედრის ხელმძღვანე­ლო­ბის გადაწყვეტილებით კათედრის მუშაობაში აქტიურად ჩართეს პერსპექტიული სტუდენტები. ახალი ტალღის პედაგოგთა შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თ. ავალიანის თავდადე­ბუ­ლი და უმწიკვლო მუშაობა, რომელმაც კათედრაზე ლაბორანტობით დაიწყო (1933-1987 წ.წ, დოცენტი).

 

         არსებობის პირველ ხანებში (1940 წ-მდე) კათედრა მიკედლებული იყო თბილისის სახელ­მწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტს. ამ დროიდან დამყარდა საქმიანი, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა უნივერსიტეტსა და ინდუსტრიული ინსტიტუტის პედაგოგებსა და სტუდენტებს შორის. ხშირად აწყობდნენ ერთობლივ სასწავლო პრაქტიკებსა და ექსკურსიებს, სტუდენტები მუშაობდნენ სამეცნიერო წრეებში. ამ პერიოდში დაიწყო კათედრის სასწავლო ინვენტარით უზრუნველყოფა. სასწავლო მიზნით შეიძინეს “კრანცის” ფირმის კრისტალების მინის მოდელების კოლექცია, ასევე რამდენიმე პოლარიზაციული მიკროსკოპი და ფეოდოროვის მაგიდა.

         1940 წელს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექციამ კათედრას გადასცა, უ. ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში არსებული ფართობი (4 ოთახი), სადაც საფუძველი ჩაეყარა სათანადო ლაბო­რა­ტორიების და სასწავლო მუზეუმის ავტონომიურ არსებობას და ფუნქციონირებას.

         1948 წელს ალ. თვალჭრელიძე, გადატვირთულობის გამო, (ის, გარდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრისა, ხელმძღვანელობდა ანალოგიურ კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი და აქტი­ურად იღწვოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში), იძულებული გახდა, დაეტოვებინა პო­ლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრა. ინსტიტუტის დირექციამ კათედრის გამგის თანამდებო­ბა­ზე მოიწვია ალ. თვალჭრელიძის მოწაფე, ამავე კათედრის აღზრდილი, გეოლოგია-მინერალო­გიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ზარიძე.

 

გირტგი ზარიძე კათედრას ხელმძღვანელობდა 1948-1960 და 1974-1978 წლებში.

 

ამ დროს კათედრის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1948 წელს კათედრაზე მოიწვიეს თამარ ყაზახაშვილი (დანალექ ქანთა პეტროგრაფიის კურსის წასაკითხად), რომელიც მანამდე კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნერ - თანამშრომელი იყო, და გიორგი ხარაშვილი (კრისტალოგრაფიისა და მინერალოგიის კურსების წასაკითხად), რომელიც მანამდე საქართველოს ფერადი მეტალების საბადოების ძიების საწარმოო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ გამოცდილი გეოლოგების გვერდით ასისტენტებად მუშაობდნენ ე. ჯავახიშვილი (1949-52 წ.წ), ო. ნადარეიშვილი (1950-57 წ.წ.) და ი. კიკნაძე. კათედრის ძველი თანამშრომლებიდან მხოლოდ ასისტენტი თ. ავალიანი დარჩა, აგრეთვე ლაბორანტებად მუშაობდნენ: ვ. ნიჟარაძე (1952 წლიდან), ჯ. ცქიტიშვილი (1951 წლიდან), ი. ფარადაშვილი (1953 წლიდან), კ. მადაოვა, ო. ქაროსანიძე, ა. კორინთელი, თ. გოცირიძე, საწ. ოსტატი ზ. ენაგელი.

         1955 წელს დამთავრდა ახალი სამთო კორპუსის მშენებლობა საბურთალოზე და კათედრა გადავიდა იმ შენობაში, სადაც ამჟამად სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტია განთავსებული. ამით კათედრამ ახალი ლაბორატორიების და არსებული მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმის ექსპოზიციების გაფართოების რეალური შესაძლებლობა მიიღო. ამ წლიდან დაიწყო კათედრის შემდგომი აღმავლობა და ახალი მატერიალური ბაზის შექმნა პროფ. გ. ზარიძის მეთაურობით. მრავალმა სპეციალისტმა დაიცვა დისერტაცია მისი ხელმძღვანელობით, ხოლო თავად ინტენსიურად მუშაობდა მეტამორფული ქანების და გრანიტოიდების გენეზისის, ენდოგენური ქანების, ფორმაციული კლასიფიკაციისა და რეგიონალური პეტროგრაფიის საკითხების შესწავლის მიზნით. პროფ. გ. ზარიძეს 1963 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მეცნიერის წოდება, 1967 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1973 წ. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ზარიძე 1952-56 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს, იყო მისი დირექტორი (ამჟამად რექტორი). მისი მოღვაწეობა მეტად ნაყოფიერი იყო - ამ პერიოდში ინსტიტუტმა შესამჩნევ წარმატებებს მიაღწია როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო დარგში. ამასთან, ერთად ინსტიტუტში დამყარდა მისაბაძი წესრიგი.

 

         1960-1974 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. გ. ხარაშვილი (რომელიც 1967-1979 წლებში, პარალელურად ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა). ამ პერიოდშიც მნიშვნელოვანია კათედრის მიღწევები როგორც სასწავლო-მეთოდური, ასევე სამეცნიერო მიმართულებით, ქართულ ენაზე გამოქვეყნდა რამდენიმე სახელმძღვანელო და მეთოდური ცნობარი. აღსანიშნავია მადნეულის პოლიმეტალურკოლჩედანური საბადოს მადნეული ველის სტრუქტურულ თავისებურებათა გამოკვლევა. გარკვეულ იქნა მადანწარმომშობი და მადანშემცველი ქანების მეტასომატური პროცესების თანმიმდევრობა. მადნეული საბადოს შესწავლის შედეგები გამოყენებული იქნა საბადოს შემდგომი შესწავლის, მარაგის დაზუსტების და სხვა საკითხების გადაწყვეტის მიზნით. ამ კვლევებს არა მარტო პრაქტიკული, არამედ დიდი მეცნიერული მნიშვნელობაც აქვს. ამასთან ერთად, შესწავლილი იქნა კავკასიონის სპილენძ-პიროტინის გამადნებები და სხვა მეტალოგენური საკითხები.

 

         1978-1998 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი, გეოლოგიურ-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. დ. შენგელია, რომლის მეცნიერული ინტერესები, ძირითადად, განისაზღვრება მეტამორფიზმის თერმოდინამიკური რეჟიმისა და გრანიტოიდების გენეზისის საკითხებით.

 

დავით შენგელიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კათედრის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის თანამედროვე აპარატურით აღჭურვასა და კათედრის ახალგაზრდა თანამშრომლების და ასპირანტთა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების მომზადებას. ამ დროს განსაკუთრებით მდიდრდება კათედრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კათედრაზე ფუნქციონირებს სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები: 1. კრისტალოგრაფიისა და მინერალოგიის; 2. მაგმური ქანების პეტროგრაფიის; 3. ლითოლოგიის; 4. პეტროქიმიის; 5. ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების; 6. საშლიფე-სახელოსნო.

        ამ პერიოდში კათედრის სამეცნიერო კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა მეტამორფული და მაგმური წარმონაქმნების პეტრომინერალოგიური საკითხები. აქ კვლავ ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას ეწევიან კათედრის პროფესორები: დ. შენგელია, გ. ხარაშვილი, გ. ზარიძე; დოცენტები: თ. ყაზახაშვილი, თ. ავალიანი, ი. ფარადაშვილი, ი. მგალობლიშვილი, რ. კახაძე, ნ. ფოფორაძე, ი. ახვლედიანი , თ. წუწუნავა, ა. დოლაქიძე, თ. ბუტულაშვილი, მუზეუმის გამგე ო. სესკურია, ლაბორანტები ნ. იკოშვილი, ნ. ადეიშვილი და სხვანი.

          რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთის სპეციალურ ჟურნალებში გამოქვეყნებულია კათედრის წევრთა 300-ზე მეტი ნაშრომი. 1992 წელს მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის კათედრის თანამშრომლებმა მონოგრაფიისთვის - “კავკასიონის მეტამორფული კომპლექსების პეტროლოგია” დაიმსახურეს ალ. ჯანელიძის სახელობის პრემია.

 

სტუდენტური გაცვლითი პრაქტიკები ჩეხოსლოვაკიაში

         1985 წელს აკადემიკოს გ. ზარიძის ხელმძღვანელობით და პროფ. დ. შენგელიას ხელშეწყობით მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი “სპექტრომეტრიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის რესპუბლიკური ცენტრი” (ამჟამად “გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი”), რომელიც აღიჭურვა იმ დროისათვის უნიკალური ხელსაწყო-მოწყობილობებით.

         1998-2005 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. ნ. ფოფორაძე, რომლის სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს სილიკატების მყარფაზური გარდაქმნები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები (გემოლოგია), კეთილშობილი ლითონები და გეოარქეოლოგია.

 

ნოდარ ფოფორაძემ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გემოლოგიური მიმართულების განვითარებას და კათედრის სათანადო აპარატურით აღჭურვას. კათედრაზე შეიქმნა მძლავრი “მინერალური ნივთიერებების კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების სასწავლო-საწარმოო ბაზა”, სადაც სტუდენტები თავიანთ პროფესიულ დონეს იმაღლებენ.

         გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა დაარსებულია 1924 წელს. კათედრის პირველი გამგე იყო ქართული გეოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ა. ჯანელიძე (1924-1941წ.წ.).

 

შემდგომში კათედრას ხელმძღვანელობდნენ: გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-პალეობიოლოგი აკად. ლ. დავითაშვილი (1941-1946 წ.წ.),

 

პროფ. გ. ხარატიშვილი (1946-1981 წ.წ.),

 

1981 წლიდან 2005 წლამდე პროფ. თ. ლომინაძე. სხვადასხვა წლებში აქ მოღვაწეობდნენ და ამჟამადაც მოღვაწეობენ მეცნიერ-გეოლოგები: ა. ცაგარელი, ლ. გაბუნია, ა. ლალიევი, მ. უზნაძე, მ. კაჭარავა, გ. გუჯაბიძე, ნ. ქუჩულორია, მ. შარიქაძე, ა. კვერნაძე, გ. მაღალაშვილი, ი. კვანტალიანი, ზ. სახელაშვილი, შ კელეპტრიშვილი, ი. წერეთელი, ხ. მიქაძე, ი. კოკოლაშვილი და სხვ. ძირთადი სასწავლო დისციპლინებია: "ზოგადი გეოლოგია", "ისტორიული გეოლოგია", "რეგიონული გეოლოგია", "პალეონტოლოგია", "გეომორფოლოგია", "მეოთხეულის გეოლოგია". თანამშრომელთა მიერ შექმნილია მრავალი სახელმძღვანელო და მეთოდური მითითება, მათ შორის: გ. ხარატიშვილი " ისტორიული გეოლოგია" (1974), გ. გუჯაბიძე "ზოგადი გეოლოგია" (1976), ლ. დავითაშვილი "პალეონტოლოგიის მოკლე კურსი" (მთარგმნელი - ნ. ქუჩულორია, 1985), ნ. ქუჩულორია "პალეონტოლოგიის მოკლე კურსი" (1989), ა. კვერნაძე, შ. კელეპტრიშვილი "გეომორფოლოგია და მეოთხეულის გეოლოგია" (1997), მ. შარიქაძე, შ. კელეპტრიშვილი " ზოგადი გეოლოგიის ლაბორატორიის კურსი". მაგისტრატურაში იკითხება შემდეგი სასწავლო დისციპლინები: გეოლოგიის საფუძვლები, პალეონტოლოგიის სპეციალური კურსი, კავკასიის გეოლოგია, საქართველოს გეოლოგია, პალეოეკოლოგია და ტაფონომია, სტრატიგრაფიული კვლევის მეთოდები (ბიოსტრატიგრაფია), ფაციესური ანალიზი, პალეოგეოგრაფია. სამეცნიერო - კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს ორი მიმართულებით: ა) კავკასიის და მოსაზღვრე რეგიონების მეზოზოურ-კაინოზოური ნალექების ბიოსტრატიგრაფია და ბ) თავფეხიანი მოლუსკების პალეობიოლოგია. ამ მხრივ არის თვალსაჩინო მიღწევებიც, რაც აისახა ჩვენთან და უცხოეთში გამოქვეყნებულ ნაშრომებში (15 მონოგრაფია და 400-მდე სამეცნიერო სტატია). თანამედროვე პალეონტოლოგიურ-სტრატიგრაფიულ კვლევებში წამყვან როლს იკავებს ელექტრონული მიკროსკოპია, რომლის საშუალებითაც ხდება ცხოველთა განამარხებული სკელეტის შიგა სტრუქტურების შესწავლა. ამ სახის კვლევების საფუძველზე კათედრის თანამშრომლებმა დაადგინეს მეზოზოური თავფეხიანი მოლუსკების ფილოგენეზური კავშირები და შექმნეს მათი ახალი სისტემატიკა. დღეისათვის მონოგრაფიულად არის შესწავლილი იურული და ცარცული ამონოიდეების და ბელემნოიდეების მრავალი ჯგუფი. ჩატარებულმა კვლევებმა ხელი შეუწყო ევროპის სამხრეთი ზოლის მეზოზოური ნალექების დეტალურ ბიოსტრატიგრაფიულ დანაწილებას. შედგენილია სტრატიგრაფიული სქემები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული საქმიანობისათვის.

         ჰიდროგეოლოგთა და ინჟინერ-გეოლოგთა კადრების აღზრდისა და ამ მიმართულებით ფუნდამენტური მეცნიერული კვლევების ჩატარების მიზნით 1954 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე, გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, პროფესორ იოსებ ბუაჩიძის თაოსნობით დაარსდა ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კათედრა, რამაც დასაბამი მისცა საქართველოში ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის სკოლის შექმნას. ბატონი იოსებ ბუაჩიძე ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კათედრას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა

 

 

იოსებ ბუაჩიძე 1959-1973 წლებში იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი. შემდგომში კათედრას უძღვებოდნენ მისივე აღზრდილები.

 

 

დევი ჩხეიძე (1974-1991წ.წ.), ლია ვარაზაშვილი (1991-2001წ.წ.), ომარ ქუცნაშვილი (2001-2003წ.წ.) და უჩა ზვიადაძე (2003-2015 წ.წ.). ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის დაარსების პირველი დღეებიდან ბატონი იოსებ ბუაჩიძის მხარდამხარ და მომდევნო ათწლეულებში ჰიდროგეოლოგთა და ინჟინერ-გეოლოგთა მრავალი თაობის აღზრდაში მოღვაწეობდნენ პროფესორები: გულნარა ქართველიშვილი, ოლია მენთეშაშვილი, იოსებ ტუღუში, გიორგი ჯაფარიძე, ანატოლი ნადარეიშვილი, ლია ვარაზაშვილი, დევი ჩხეიძე, ვაჟა ჭუმბურიძე, თამაზ ლორთქიფანიძე, უჩა ზვიადაძე, მერაბ ლაპიაშვილი, ბერდი ზაუტაშვილი, თამაზ ჯიქია, დავით როგავა, ირაკლი ლომინაძე, ზურაბ ვარაზაშვილი.

 

        მნიშვნელოვანია კათედრის დოცენტის, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული, ინჟინერ-გეოლოგის და დიდი ხელოვანის იოსებ ტუღუშის წვლილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხატრული შემოქმედების განვითარებაში: მან საფუძველი ჩაუყარა საესტრადო ორკესტრს და მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო ათეული წლების განმავლობაში.

         XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის მიზნით, ფართო მასშტაბით გაიშალა როგორც მტკნარი სასმელი, მინერალური და სამრეწველო წყლების საბადოების კვლევა-ძიების, ასევე ჰიდროტექნიკური, სატრანსპორტო, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობის სამუშაოები. ქვეყნის წინაშე დადგა საბადოების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის, სხვადასხვა სახის მშენებლობების პროექტების დამუშავებისა და მათი შესაბამის დონეზე განხორციელების აუცილებლობა, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებდა შესაბამისი დარგების კვალიფიციური კადრებით - ჰიდროგეოლოგებით, ინჟინერ-გეოლოგებით, ჰიდროტექნიკოსებითა და მშენებლებით უზრუნველყოფა.

         ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის პირველი გამოშვება (24 სპეციალისტი) შედგა 1960 წელს. სტუ-ს საარქივო მონაცემებით, დაარსებიდან 2023 წლამდე კათედრამ გამოუშვა ათასზე მეტი სპეციალისტი.

       

ნაყოფიერ სასწავლო-მეთოდურ მუშაობასთან ერთად, კათედრები სამეცნიერო მუშაობას ახორციელებდნენ როგორც საბიუჯეტო ისე სამეურნეო დაფინანსებით.

 

გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ვაჟა ჭუმბურიძე ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან

        საუკუნის განმავლობაში კათედრების თანამშრომელთა მიერ გაწეულ დიდ სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-პრაქტიკულ საქმიანობაზე მიუთითებს მათ მიერ გამოცემული 2000-ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურა, საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბის სამეცნიერო პროექტებში, გრანტებში მონაწილეობა.   კათედრების ინიციატივით ჩატარებულია მრავალი სამეცნიერო კონფერენცია, თათბირი, სიმპოზიუმი, როგორც ადგილობრრივი, ისე საკავშირო და საერთაშორისო მნიშვნელობის. წლების განმავლობაში დაცულია მრავალი საკანდიდატო, სადოქტორო აკადემიური დოქტორის ხარისხი გეოლოგიაში. სამეცნიერო თემატიკები ეხება თითქმის ყველა გეოლოგიური მიმართულებას.

ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი 50 მეტი სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, მეთოდური მითითება, სტუდენტთა სასწავლო - საველე პრაქტიკის მეგზური. შესაბამისად, ,,გეოლოგიის’’ საგანმანათლებლო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების თითქმის ყველა საგანში სახელმძღვანელოები არის ქართულ ენაზე.

ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულია სტუდენტთა პრაქტიკის მეგზური, მონოგრაფია და რამოდენიმე ასეული სამეცნიერო სტატია. ,,გეოლოგიის’’ საგანმანათლებლო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების თითქმის ყველა საგანში სახელმძღვანელოების არის ქართულ ენაზე.

მონოგრაფია და რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატია. მონოგრაფიები, მათ შორის: კავკასიონის მეტამორფული კომპლექსების პეტროლოგია; გ. ზარიძე – პეტროლოგია (რუსულ და ქართულ ენებზე), გ. ზარიძე – საქართველოს ნავთობის გეოლოგიური სამარხების განვითარების მოკლე ისტორია 1997წ; ნ. ფოფორაძე – ძვირფასი და სანახელავო ქვები 1998წ; გ. ოდიკაძე – კავკასიონის გრანიტოიდები 1998წ; გ. ზარიძე – თანამედროვე პეტროლოგიის და ვულკანოლოგიის გეოლოგიური ასპექტები 2001წ; კავკასიონის ცენტრალური კრისტალური ფუნდამენტის მეტამორფული ფაციესების რუკა (1:200000) 1997წ; კავკასიონის ცენტრალური კრისტალური ფუნდამენტის მეტამორფული ფორმაციების რუკა (1:200000) 1999წ. 2005 წელს გამოიცა პროფ. ნ. ფოფორაძის ორი სახელმძღვანელო “საიუველირო საქმე” და “საიუველირო და სანახელავო ქვები”. 2020 წელს

 

         საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე 70 წელია წარმატებით ფუნქციონირებს - „მინერალოგიისა და პეტროგრაფიის“, „გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის“ და „სასარგებლო წიაღისეულის“ მუზეუმები.

        მუზეუმებში გეოლოგიური მასალა წარმოდგენილია მრავალი თაობის ქართველი გეოლოგების მიერ წლების განმავლობაში შეგროვილი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ცნობილი და, ზოგჯერ, უნიკალური მინერალების, ქანების, მადნებისა და ნამარხი ორგანიზმების ნიმუშებით, რომლებიც გამოირჩევიან ორიგინალურობით, მრავალფეროვნებითა და წარმომადგენლობით და ტოლს არ უდებენ მოწინავე ქვეყნების მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს.          

  

გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმი

       პროფ. გ. ხარატიშვილის სახელობის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმი შეიქმნა გასული საუკუნის 50-იან წლებში. ის ერთ-ერთი საუკეთესოა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ანალოგიურ მუზეუმებს შორის. მუზეუმის შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო კათედრის გამგე, პროფ. გიორგი ხარატიშვილი. ამ საქმეში მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის პროფ. ნელი ქუჩულორიას, რომლის ერუდიციის, პროფესიონალიზმის და დიდი შრომის წყალობით მუზეუმმა მიიღო სისტემატიზებული, დასრულებული სახე.

 

მასალის შეგროვება ძირითადად ხდებოდა, გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის თანამშრომლების საველე სამუშაოების და სასწავლო-გეოლოგიური პრაქტიკების ჩატარების დროს არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე,  არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოლოგიურად საინტერესო სხვადასხვა რეგიონში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, ურალი, ციმბირი, ბალტიისპირეთი, რუსეთის ვაკე, უკრაინა, ყირიმი, ჩრდილოეთ კავკასია და სხვ.). მუზეუმი ფართოვდებოდა მასალის შეგროვებასთან ერთად,  რომელიც სათანადოდ მოწმდებოდა, მუშავდებოდა, თანდათან იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. ამგვარად შეიქმნა უნიკალური სასწავლო მუზეუმი, სადაც გამოფენილი ძირითადი თემატური მასალა ასახავს დედამიწის აგებულებისა და განვითარების ისტორიას, გეოდინამიკურ პროცესებს და წარსულის ორგანულ სამყაროს. მუზეუმს გააჩნია მდიდარი ფონდები, რომლებსაც დიდი სამეცნიერო და სასწავლო მნიშვნელობა აქვთ. მის საცავებში ინახება ათასობით ქანის, ნამარხის და მინერალის ნიმუში.

 

         მუზეუმის ექსპონატები, თემატიკის შესაბამისად, სამ ვრცელ დარბაზშია განთავსებული. მუზეუმი ხელს უწყობს როგორც სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სწორ პროფორიენტაციას.  

 

         ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისში დაბადებული, მრავალმხრივად განვითარებული პიროვნების პ. პეტროვის მიერ შესრულებული პანოები, მაკეტები, ნამარხი ორგანიზმების მულიაჟები, წარსული გეოლოგიური ეპოქების რეკონსტრუქციების სურათები, გამოჩენილ მეცნიერთა პორტრეტები, ძველი ლანდშაფტების სქემები, რუკები, განმარტებითი ტექსტები, რომლებიც მუზეუმშია განთავსებული, და რაც სტუდენტებს სასწავლო მასალის ათვისებაში ეხმარება. მუზეუმში წარმოდგენილი მასალა თვალნათლივ ასახავს დედამიწის ქერქის და სიცოცხლის განვითარების ისტორიას. მნახველი ადვილად რწმუნდება, თუ როგორი გრანდიოზული გეოლოგიური პროცესები მოქმედებდა და მოქმედებს ჩვენ პლანეტაზე და რა დიდი დრო გასულა დედამიწისა და პირველი მარტივი ორგანიზმების წარმოშობის შემდეგ, რომ ბუნებაში ყველაფერი ჩნდება, ვითარდება და იცვლება კანონზომიერად. ყველაფერი მოძრაობაშია, ვითარდება, კვდება და ადგილს უთმობს ახალს.

მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი

      

      მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი დაარსებულია 1940 წელს, თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის შენობაში (უშ. ჩხეიძის ქუჩაზე) მუზეუმი განთავსებული იყო ერთ ოთახში, სადაც მინერალთა კოლექციები გამოფენილი იყო მცირე ზომის რვა ვიტრინაში. იმ პერიოდში შეძენილ იქნა სხვადასხვა დანიშნულების მშვენიერი სასწავლო კოლექციები (კრანცის, როზენბუშის, რინეს, გირშვალდის, სმიტის და სხვ.). წლების განმავლობაში, აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმის მინერალთა და ქანთა კოლექციების შევსება ხორციელდებოდა, ძირითადად ცენტრალიზებულად (გამოწერით) სპეციალური გეოლოგიური ექსპედიციებიდან. ასევე, მრავალი ნიმუში საჩუქრადაა გადმოცემული უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტების მიერ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ საბადოებზე მუშაობდნენ.

 

კათედრის თანამშრომლების საველე ექსპედიციებისა და სტუდენტთა სასწავლო გეოლოგიური პრაქტიკების პერიოდში მუზეუმი სისტემატურად ივსება ახალ-ახალი ნიმუშებითა და ექსპონატებით და ამჟამად სამი ვრცელი დარბაზი უჭირავს. ნიმუშების გარკვეული ნაწილი გამოიყენება მაგისტრანტთა და დოქტორანტთა ნაშრომების შესას­რუ­ლებლად.

 

  

სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი.

           პროფესორ კალისტრატე გაბუნიას სახელობის სასარგებლო წიაღისეულის სასწავლო-სამეცნიერო მუზეუმი, გამოყენებითი გეოლოგიის კათედრის ჩამოყალიბებასთან ერთად, XX საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა. ამჟამად მუზეუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მე-3 კოპრუსის), სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეოთხე სართულზეა განთავსებული და უკავია 240 კვ/მ ფართობი. იგი შედგება ორი საგამოფენო დარბაზისგან.მუზეუმის შევსება ექსპონატებით ხდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა საბადოებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შეძენილი თუ უსასყიდლოდ გადმოცემული, გაცვლითი წესით მიღებული, სახელშეკრულებო საველე სამუშაოების დროს შეგროვებული კარგად დოკუმენტირებული ნიმუშებით.

 

ამჟამად მუზეუმში თავმოყრილი 5000-ზე მეტი ნიმუში არა მარტო შემეცნებითი და სასწავლო დანიშნულებისაა, არამედ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სამეცნიერო ხასიათისაა. მუზეუმის ექსპონატებში არის საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა თუ მადანგამოვლინების კარგად რანჟირებული და გეოლოგიურად სისტემატიზებული სასწავლო და საკვლევი კოლექციები.

        მუზეუმი 2001-2002 წლებში მონაწილეობდა გერმანიაში საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების ეგიდით ჩატარებულ გამოფენაზე „საქართველო: განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან“. ამ გამოფენასთან დაკავშირებული მასალები გერმანიაში გამოცემულ კატალოგშია ასახული. პირველი დარბაზის ვიტრინებში მოთავსებულია მაგმური, პეგმატიტური, გრეიზენული, სკარნული და ჰიდროთერმული პროცესებისათვის დამახასიათებელი ქანების, მადნებისა და მინერალების ეტალონური ნიმუშები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აქვე არის გამოფიტვის, დალექვის და ინფილტრაციის პროცესებთან დაკავშირებული გეოლოგიური წარმონაქმნები. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიოში ცნობილი რკინის მეტამორფოგენული საბადოების – კურსკის მაგნიტური ანომალიისა და კრივოიროგის სრული გეოლოგიური ჭრილის მიხედვით რანჟირებულ ნიმუშებს. ამავე დარბაზშია რკინის სკარნული (დაშქესანი) და დანალექი (ქერჩი) მადნების კლასიფიცირებული ნიმუშები. ყველა ჩამოთვლილი ვიტრინის საცავებში მოთავსებულია სასწავლო თუ სამეცნიერო მნიშვნელობი შესაბამისის ნიმუშები. ცალკე გამოფენილია საქართველოს მოსაპირკეთებელი ქვების სხვადასხვა ზომის 100-ზე მეტი დამუშავებული ნიმუში. მეორე დარბაზში თავმოყრილია ნიმუშები საქართველოს საბადოებიდან და მადანგამოვლინებებიდან. აქ განთავსებულია მეცნიერულად სისტემატიზებული, როგორც საექსპოზიციო, ასევე სასწავლო და საკვლევი ექსპონატები. აქვე გამოფენილია მადნეულის კარიერისა და ზოფხიტოს ანთიმონიუმის საბადოს თვალსაჩინო მაკეტები. მუზეუმის საცავში ინახება მრავალი ათეული ნიმუში, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მიზნებისათვის.

        მუზეუმები ფართო პროპაგანდას უწევს არა მარტო მინერალების, ქანების, მადნების და განამარ­ხე­ბული ორგანიზმების შესახებ არსებულ ცოდნას, არამედ შეუზღუდავად აწვდის კოლექციონერებსა და მრავალ დაინტერესებულ პირს სრულფასოვან ინფორმაციას ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის თვალსაჩინო გეოლოგიური ექსპონატების შესახებ.   ისინი, გარდა სასწავლო და სამეცნიერო პროცესისა, ინტენსიურად არიან ჩართული ,,შაბათის სკოლის’’ ფუნქციონირებაში, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ცოდნის გაფართოებასა და პროფესიულ ორიენტაციაში ეხმარება. “შაბათის სკოლაში” სწავლების კურსი მიზნად ისახავს მოსწავლეთა დაინტერესებას გეოლოგიური პროცესებით და მოვლენებით, რათა გასცდნენ სასწავლო სახელმძღვანელოების ჩარჩოებს, რაც სასკოლო პროგრამის საბაზისო ცოდნას გააფართოებს და გაამდიდრებს. “შაბათის სკოლის” პროგრამაში შედის ლექციების, ექსკურსიების და საუბრების ჩატარება დედამიწის წარმოშობის, აგებულებისა და განვითარების ისტორიის, მასში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის, მიწისძვრების და ვულკანიზმის, მიწის ქერქის ნივთიერი შედგენილობის, ქანების და მინერალების, როგორც სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალის, თავისებურებების და მათი გამოყენების სფეროების, საიუველირო და სანახელაო ქვების, მინერალების, როგორც ბუნების საოცრების, ასევე ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს განვითარების ისტორიის შესახებ.

         მუზეუმებში, პრაქტიკულ მეცადი­ნეობებ­თან ერთად, პერიოდულად ეწყობა თემატური ექსკურსიები, სემინარები, საკონკურსო კონფერენციები, დის­კუ­სიე­ბი, ვიდეომასალის ჩვენება სტუდენტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. მოსწავლე-ახალგაზრდობა ხშირი სტუმარია მუზეუმისა, რომლის დიდ წარმატებაზე ნათლად მეტყველებს ჩანაწერები შთაბეჭდილებათა წიგნებში. უკანასკნელ წლებში მუზეუმებს შეემატა რამდენიმე ახალი ექსპონატი. სისტემაში იქნა მოყვანილი და გადახალისდა კოლექციები, შეიქმნა მონოგრაფიული განყოფილებებიც.    

            ამჟამად, მუზეუმების საერთო სივრცეში რვა დიდი დარბაზია, რომლებიც მუდმივად განიცდიან განახლებას, შევსებასა და გადამოწმებას. მუზეუმის ვიტრინებში გამოფენილია 15000–მდე ნიმუში, რომლებიც განაწილებულია თემატურად. მუზეუმის საკუთრებაშია მდიდარი ფონდი, რომელსაც დიდი სასწავლო და სამეცნიერო მნიშვნელობა გააჩნია. საცავებში ინახება 20 ათასზე მეტი მინერალის, ქანის, მადნის, ნამარხი ორგანიზმის ნიმუში და თემატური კოლექციები.

         მუზეუმებთან ფუნქციონირებას იწყებს საერთაშორისო საველე გეოლოგიური ბანაკი, რომელიც დაფუძნებულია ბოლნისის და ყაზბეგის რაიონებში წლების განმავლობაში ჩატარებული სტუდენტური პრაქტიკების გამოცდილებაზე. ბანაკის მუშაობის უზრუნველყოფა დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი და უცხოელი სტუდენტების ურთიერთობა–დაახლოებას და, რაც მთავარია, მათ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

 

პატარა სტუმრები ჩვენს მუზეუმებში

გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმი

       გამოცემულია მუზეუმების ფერადი ორენოვანი ბუკლეტები. მუზეუმები შესულია თბილისის მერიის მიერ შედგენილ ქალაქის მუზეუმების გზამკვლევში, რაც ხელს უწყობს მათ ცნობადობას.

       

       მუზეუმების უპირველესი დანიშნულებაა  სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუ­დენ­ტები უზრუნველყოს ვიზუალური მასალითა და საკვლევი ნიმუშებით, რის გამოც მუზეუმები აქტიურადაა ჩართული სასწავლო და სამეცნიერო პროცესში. ლაბორატორიული სწავლებისათვის შექმნილია მცირე თემატური კოლექციები, შერჩეულია ტიპური მინერალების, ქანების, მადნების ნიმუშები ფიზიკური და ქიმიური თვისებების ლაბორატორიული კვლევისათვის. ეს ყველაფერი სტუდენტების სამეცნიერო და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია , რომ 2022 წელს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე არსებული მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი გაწევრიანდა საერთაშორისო მუზეუმების ასოციაციაში (The Society of Mineral Museum Professionals (SMMP), რაც საშუალებას მოგვცემს ვითანამშრომლოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მინერალოგიის მუზეუმებთან, მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებსა და გამოფენებში.

შვედეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმთან დაწყებულია ორმხრივი თანამშრომლობა. ა.წ. 20 მაისს, საქართველოს საელჩომ (მუზეუმის დირექტორს, ლიზა მონშონს შვედეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა გადასცა) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მინერალოგიის და პეტროგრაფიის მუზეუმის დახმარებით, შვედეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმს გადაეცა საქართველოში აღმოჩენილი მინერალების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმის მინერალების საგამოფენო დარბაზში განთავსდა. განიხილეს სამეცნიერო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლებლობები.

 

 

საქართველოს საელჩო განაგრძობს საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო მიმართულებით კავშირებისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 45 წელია წარმატებით ფუნქციონირებს აკადემიკოს გიორგი ზარიძის სახელობის „გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური (გმნკდგრ) ცენტრი“, რომლის (სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018) საგამოცდო ლაბორატორია (GAC-TL-0198) აკრედიტებულია 12 სფეროში: 1. ძვირფასი, ფერადი და შავი ლითონების შემცველი შენადნობები, 2. ძვირფასი ლითონების შემცველი არალითონური მასალები, 3. ოქროს შემცველი მადნები და კონცენტრატები, 4.    ძვირფასი (საიუველირო) და სანახელავო მინერალები (ქვები), 5.   მაგმური, მეტამორფული და დანალექი ქანები, 6. ნიადაგების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა, 7. კერამიკა, 8. საღებავების ნაწარმი, სამხატვრო საღებავები, 9. პლასტილინი, 10. პლასტმასის სათამაშოები, 11. პლასტმასები და მათი ნაწარმი, პოლიმერული ნაწარმი, 12. არაორგანული ნარჩენები (გეოლოგიური, მეტალურგიული, სამთო, სამშენებლო). აქედან გვაქვს 34 გამოსაცდელი პროდუქტი და 82 საკვლევი პარამეტრი ISO ან EA სტანდარტებით (https://www.gac.gov.ge/ka/accredited-bodies/16). სფეროები მრავალ დარგს მოიცავს. ასეთი რაოდენობის გამოსაცდელი პარამეტრი საქართველოში მხოლოდ ერთეულ ლაბორატორიას აქვს. ლაბორატორია წლების განმავლობაში ახალ-ახალ აკრედიტებულ სფეროებს იმატებს. 2019-2020 წელს გმნკდგრ ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროებს დაემატა ახალი სფეროები: ნარჩენები, პლასტიკატები, საღებავები, პლასტმასის სათამაშოები. მომავალში დაგეგმილია გაფართოვდეს აკრედიტაციის სფერო შემდეგი მიმართულებით: 1. წყლის გამარტივებული ქიმიური ანალიზი, 2. ქანებისა და გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების განსაზღვრა. გმნკდგრ ცენტრში საექსპერტო-სადიაგნოსტიკო, სამეცნიერო კვლევებს, პროექტებს, გრანტებს ასრულებენ წამყვანი მინერალოგები, პეტროგრაფები, გემოლოგები, მადნების სპეციალისტები, ჰიდროგეოლოგები, გეოეკოლოგები, ქიმიკოსები, ლითონმცოდნეები და სხვა. აღნიშვნის ღირსია სტუდენტების ჩართვა სამუშაოებში, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.

ლაბორატორა აღჭურვილია როგორც რამდენიმე მოძველებული ხელსაწყოებით - ატომურ-აბსორბციული ანალი­ზატორით (AAS-30), სპექტროფოტომეტრით (SPECORD 40), მიკრორენტგენო­სპექ­ტ­რუ­ლი ანალიზატორით (CAMEBAX MICROBEAM), რენტგენოსტრუქტურული ანალიზატორით (DRON-3), ქანებისა და გრუნტების ფიზიკური და მექანიკური თვისებების მზომი ხელსაწყოებით, ბინოკულარებით (МБ-10), ასევე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეძენილია საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობა: პოლარიზაციული მიკროსკოპები (AMSCOPE PZ 300T, AMSCOPE PZ 600T, POLAM-312) და არეკლილი სინათლის მიკროსკო­პი (MP-3), რენტგენოფლუორესცენციური ანალიზატორი (EDX3600B), გემოლოგიური მიკროსკოპები (GEMORO (superior instrument), გემოლოგიური ხელსაწყოები (ტესტერები - Presidium multiteste და Presidium Diamond Mate-A, ლევერიჯები PRESIDIUM Electronic Gemstone Cauge, რეფრაქტორემეტრი РГ-1, ლუპა ტრიპლეტები, ფერის ეტალონები, ოქროს სასინჯი ანალიზური სასწორები (Sartorus, Metler, RADWAG) სიმკვრივის საზომი დანამატით,ნემსები), ქიმიური ჭურჭელი და ქიმიური რეაქტივები, სტანდარტები, ეტალონები,   საველე აღჭურვილობა, GPS ნავიგატორები, საფრენი აპარატი - Phantom 4Pro, კომპიუტერები, პროექტორები, პლოტერი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, ქვების დასამუშავებელი ხელსაწყო-მოწყობილობები და სხვა.

 

    

         ცენტრში ყოველწლიურად სრულდება 30-ზე მეტი სახელშეკრულებო თემა. შესრულებულ სამუშაოებს აქვს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა, რომლებიც უაღრესად აქტუალური, მნიშვნელოვანი და ღირებულია.

         წლების განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს შორის აღსანიშნავია ეკოლოგიური, გეოლოგიური, მინერალოგიურ-პეტროგრაფიული, საინჟინრო - გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური პროექტები, გრანტები და სახელშეკრულებო სამუშაოები.

         კვლევები ხშირად ითვალისწინებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მჭიდრო თანამშრომლობას, საგანძურებში დაცული საინტერესო და ზოგჯერ უნიკალური ძეგლების სიღრმისეული შესწავლის მიზნით. კერძოდ, შეძლებისდაგვარად მკაფიოდ წარმოგვეჩინა უძველესი ძეგლების და სხვადასხვა არტეფაქტების შემადგენელი მინერალების რაობა, მათი წარმომავლობა და დამუშავების ტექნოლოგია.

ხშირად საქმე გვაქვს მსოფლიო მნიშვნელობის კულ­ტუ­­­რუ­­ლი მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ძეგლებთან. ამიტომ კვლევის წარმოებისას გამო­ყენებუ­ლი იყო ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც წინასწარვე გამო­რიცხავ­და შესასწავლი ექსპონატების რაიმე სახის დესტრუქციას. აქედან გამომდინარე, კვლევები ხორციელდებოდა ისეთი აპარატურით, როგორიცაა არადესტრუქციული რენტგენო­ფლუო­რესცენ­­ციური ანალიზატორები, პოლარიზაციული მიკროსკოპი, გე­მო­­ლოგიური მიკროსკოპი, რენტგენოფაზური ანალიზატორი, დუოტესტერები და სხვა. აღნიშვნის ღირსია ცენტრში შესრულებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორებიცაა: „გრაკლიანის გორის ამგებელი მასალისა და იქ აღმოჩენილი არტეფაქტების მინერალოგიურ-ლითოლოგიური გამოკვლევა“; „ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ამგებელი ქანების და იქ მიმდინარე პროცესების კომპლექსური გამოკვლევა“; „ დიდი მცხეთის მუზეუმ - ნაკრძალში დაცული ოქროს ნაკეთობების ქიმიური შედგენილობის კვლევა“; „ძველი და ახალი ქვევრების, მათი დამზადებისათვის გამოყენებული ნედლეულისა და ქვევრების დამზადების ტექნოლოგიის კომპლექსური შესწავლა“; ,,ქართულ-ბიზან­­ტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა“; „საქართველოს არქეოლოგიური მონაპოვარების მინერალური შედგენილობის გამოკვლევა“; „მადნეულის და საყდრისის სანაყაროს ფერდობების მდგრადობის შეფასება და წყალამრიდი არხების დაგეგმვა“; „მადნეულის და საყდრისის საწარმოო უბნის გროვული გამოტუტვის მოედნებზე გამოტუტვის ნარჩენების (კვარციტების) რესურსული პოტენციალის შესწავლა და მათი გამოყენების შესაძლებლობები“. გმნკდგრ ცენტრი ჩართულია სასწავლო პროცესში, მრავალი სასწავლო კურსის ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარებაში; მისი მატერიალურ ტექნიკური ბაზით სარგებლობენ სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სამივე საფეხურის სტუდენტები, რომლებიც სამეცნიერო კონფერენციების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესრულებაში იყენებენ ცენტრში შესრულებულ ანალიზებს (კვლევებს). გმნკდგრ ცენტრში შესრულებული სამუშაოების საფუძველზე დაცულია მრავალი სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაცია, შესრულებულია ანგარიშები და გამოქვეყნებულია მონოგრაფიები ცენტრში, გარდა სასწავლო და სამეცნიერო სამუშაოებისა, ხორციელდება პრაქტიკული სამუშაოები, კერძოდ პროდუქციის სახის მიცემა: საიუველირო და სანახელავო ქვებისათვის ა) საიუველირო ქვების დაწახნაგება ნებისმიერი ფორმის მიღება ფერადი ქვებისათვის, ბ) სანახელავო ქვების დამუშავება (სხვადასხვა ზომისა და ფორმის კაბოშონები), კეთილშობილი ლითონების დასასინჯი ქვების (გაკვარცებული ფიქალი)      დამზადება; გ) სხვადასხვა დანიშნულების კოლექციების დამზადება საქართველოს მინერალებისა და ქანებისგან; ე) მუზეუმების ვიტრინებში განსათავსებელი კოლექციების დამუშავება.

სამეცნიერო კონფერენციები

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ - მასწავლებლები, უნივერსიტეტის დაარსებიდან სისტემატურად მონაწილეობდნენ ადგილობრივ, საკავშირო თუ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებში.

 

აღსანიშნავია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - ,,გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა’’. რომელშიც გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტმანეტის თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ დეპარტამენტის სტუდენტები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სამთო და გეოლოგიური პროფილის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. კონფერენციებზე გაკეთდა 250-ზე მეტი მოხსენება, რომლებიც ეხებოდა გეოლოგიის თითქმის ყველა დარგს, მათ შორის აღსანიშნავია, მინერალოგიისა და პეტროლოგიის თანამედროვე საკითხები, ტექტონიკა, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, გარემოსდაცვითი, სასმელი და ტექნიკური წყლებით მომარაგების, მინერალური რესურსებისა და სამთო საწარმოების განვითარების საკითხები საბაზრო პირობებში და სხვა.

 

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2018 წელს ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე შეიცვალა დევიზი და გახდა ,,სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა’’.

 

2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

     საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ორგანიზატორობით 2020 და 2021 წლებში    საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარა ონ ლაინში

         გეგმის მიხედვით, გაისად, 2024 წლის სექტემბერში, დაგეგმილი მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის უმთავრესი საკითხები მიეძღვნება გეოლოგიისა და სამთო საქმის პრობლემებს, კანონმდებლობის განახლებას წიაღის შესახებ, განათლების სისტემის განვითარების, ლითონური, არალითონური და წყლის რესურსების, გარემოსდაცვით საკითხებს.

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, მაისს-ივნისის თვეში, ყოველწლიურად იმართება ღია სტუდენტური კონფერენცია.

 

სტუდენტების მიერ მომზადებული საკონფერენციო თემები შეეხება მინერალოგიის, სასარგებლო წიაღისეული საბადოების, გეოეკოლოგიის, საინჟინრო-გეოლოგიის და ჰიდროგეოლოგიის საკითხებს.

 

სტუდენტური კონფერენცია

სამეცნიერო ღონისძიებები

წლების განმავლობაში სამეცნიერო-კვლევით შესრულებულ სამუშაოებს შორის აღნიშვნის ღირსია ეკოლოგიური, გეოლოგიური, მინერალოგიურ-პეტროგრაფიული, საინჟინრო -გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, სტრატიგრაფიულ-პალეონტოლოგიური პროექტები, გრანტები და სახელშეკრულებო სამუშაოები.

სამეცნიერო ღონისძიებები

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამნეტის თანამშრომლები და სტუდენტები, სასწავლო პროცესთან ერთად, აქტიურად ეწევიან სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობას. მაგ. როგორიცაა 2015 წლის 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზების შესასწავლად გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების ვიზიტი ჩამოწოლილი მეწყერის ტერიტორიაზე. ასევე 2015 წლის 19 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ გეოლოგთა (ინჟინერ-გეოლოგები, ჰიდროგეოლოგები, ლითოლოგები, სტრატიგრაფები, მინერალოგები) სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მდ. ვერეს ხეობასა და, ზოგადად, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ ბუნებრივ მოვლენებს, ასევე, საერთოდ, გეოლოგიის დარგში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს.

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამნეტის თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის კვლევით სამუშაოებში, კერძოდ, ვარძიის ამგებელი ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების და გეოქიმიური მახასიათებლების შესწავლის საქმეში.

 

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტმანეტის აქტიური მონაწილეობით გამოკვლეულია და მომზადებულია ინფორმაცია დაცული ტერიტორიებისა და ბუნების ძეგლების სტატუსის მისანიჭებლად, მათ შორის აღსანიშნავია ,,ბუნების ძეგლი’’ - გოდერძის ნამარხი ტყე.

გამოვყოფთ ზოგიერთ სამეცნიერ-კვლევითი სამუშაოებს:

·                     დორე შენადნობების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა, 2005 წლიდან დღემდე. დამკვეთი - შპს RMG GOLD (კვარციტი)’’;

·                     პლატინა-პალადიუმ-როდიუმიანი ბადეების ქიმიური შედგენილობის დადგენა, 2007 წლიდან დღემდე. დამკვეთი - შპს ,,რუსთავის აზოტი’’;

·                     ქანების ლითოლოგიურ-პეტროგრაფიული შესწავლა, 2011 წლიდან დღემდე. დამკვეთი _ შპს ,,ჯეოინჟინერინგი’’;

·                     ქანების მინერალოგიურ-პეტროგრაფიული შესწავლა, 2013 წლიდან დღემდე. დამკვეთი _ შპს ,,კავკასუს მინერალს გრუპი’’;

·                     შპს „ჯეოსთილის“ წარმოების ნარჩენები;

·                     შპს „რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“

·                     და მრავალი სხვა.

 

   

დეპარტამენტის თანამშრომლები თავიანთ სამეცნიერო საქმიანობის შეფასებას (შეჯერებას) ახორციელებდნენ სადისერტაციო ნაშრომების დაცვით. დისერტაციების დაცვა სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულად ხორციელდებოდა.

 

50-იანი წლებიდან 1972 წლამდე გეოლოგიურ ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა სადისერტაციო საბჭო, რომლის გადაწყვეტილებას ამტკიცებდა იმდროინდელი საკავშირო საატესტაციო კომისია. შემდეგ წლებში 2000 წლამდე სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სადისერტაციო ნაშრომების დაცვა არ ხორციელდებოდა და ნაშრომების დაცვა მიმდინარეობდა გეოლოგიის ინსტიტუტში ან კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში. 2000 წლიდან 2020 წლამდე ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა საფაკულტეტო სადისერტაციო საბჭო და დისერტაციების დაცვა ხორციელდებოდა სადისერტაციო საბჭოში შემავალი და მოწვეული სპეციალისტებისაგან შექმნილ სადისერტაციო კოლეგიებზე.

 

2020-2022 წლებში ფუნქციონირებდა გეოლოგიის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.

 

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის გსფართოებულ სხდომაზე წინასწარი დაცვა.

დაცულია მრავალი საკანდიდატო, სადოქტორო აკადემიური დოქტორის ხარისხი გეოლოგიაში. ბოლო ხუთ წელიწადში დაცულია 25 სამაგისტრო და 10 სადოქტორო ნაშრომი გეოლოგიის მიმართულებით. რთულია სამ წელიწადში სადოქტორო ნაშრომის მომზადება გეოლოგიის მიმართულებით თუ შესაბამისი დაფინანსება არ იქნება საველე-სამუშაოების შესასრულებად და სათანადო ანალიზების ჩასატარებლად. მისასალმებელია რომ გრანტები არსებობს და რუსთაველის და სხვა ფონდების დაფინანსებით ჩვენი დოქტორანტები ახორციელებენ საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებს.

        საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2009-2019 წლებში დაფინანსებული სამეცნიერო გრანტები:

·                     მდ. მდ. მაშავერასა და ფოლადაურის აუზების ეკოლოგიური პრობლემები (ხელმძღვანელი - პროფ. ნოდარ ფოფორაძე) - 2009-2011 წწ;

·                     ყაზბეგ-ომალოს ზონის თიხაფიქლების ბუნებრივი აირის პოტენციალის ათვისების გეოლოგიური, გარემოსდაცვითი და ენერგო-ეკონომიკური ასპექტების გამოკვლევა (ხელმძღვანელი - პროფ. ნოდარ ფოფორაძე) - 2014-2015 წწ;

·                     ყაზბეგ-ომალოს რეგიონის ფიქლის გაზის პერსპექტიული ლოკალური უბნების დეტალური გეოლოგიური შესწავლა (ხელმძღვანელი - ასისტ. პროფ. ოლღა სესკურია)- 2016-2019 წწ.

·                     საქართველოს ბუნებრივი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები (ხელმძღვანელი - პროფ. ვაჟა გელეიშვილი) – 2017-2019 წწ.

·                     შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით სისტემატურად ფინანსდება საველე ექსპედიციები, სადაც მკვლევარებთან ერთად, მაგისტრანტები და დოქტორანტებიც მონაწილეობენ. მათ მიერ შეგროვილი გამორჩეული ნიმუშები გამოფენილია მუზეუმებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს ბუნებრივი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების კოლექციები და 828 - გვერდიანი მონოგრაფია და ყაზბეგ-ომალოს რეგიონის ქვედა- და შუაიურული ფიქლებრივი ტერიგენული ნალექების გეოლოგიური შესწავლა.

 

      

მემორანდუმები

ერთობლივი საქმიანობისა და თანამშრომლობის მიზნით გეოლოგიური პროფილის სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან გაფორმებულია მემორანდუმები:

·                     შპს RMG GOLD და შპს RMG COPPER სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკასთან ერთად დაფუძნებული აქვს ოთხი სახელობითი სტიპენდია (2005 წლიდან);

·                     შპს ,,ჯეოინჟინირინგი’’ (2005 წლიდან);

·                     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი და კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი (2007 წლიდან);შპს ,,ორბი’’ (2005 წლიდან);

·                     ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტთან (2005 წლიდან);

·                     სს ,,IDS ბორჯომი საქართველო“;

·                     შპს ,,კავკასიის სამთო ჯგუფი’’;

·                     საქართველო ეროვნული მუზეუმი;

·                     ,,გეოტექსერვისი’’.

პერსპექტივები

ბოლო წლებში, საქართველოს ბაზარზე სამთო-გეოლოგიური პროფილის პოტენ­ციური დამსაქმებელი უმეტესი კომპანიების რეკომენდაციებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, გარდა სასწავლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი მოდიფიცირებისა, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაიარაღება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობით და თანამედროვე კვლევის მეთოდების დანერგვის აუცილებლობა სასწავლო და კვლევით პროცესში. ეს ყველაფერი გვეხმარება განვახორციელოთ მაღალი კვალიფიკაციისა და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ კონკურენტულ გარემოში დასაქმებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

   ვგეგმავთ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფართო შესაძლებლობების მქონე (მყარი სასარგებლო წიაღისეული, წყალი, ნავთობი) ხელსაწყო-მოწყობილობების (ატომურ აბსორბციული ანალიზატორი - Atomic Absorbtion (AAS) - contrAA® 800 G, ქანებისა და გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გამოსაკვლევი აღჭურვილობის - Equipment for research of rocks and soil physical-mechanical properties, რენტგენოფაზური ანალიზატორის - X-ray diffraction D 2 PHAZER, რენტგენოფლუორესცენცული ანალიზატორი - X-ray fluorescence spectrometer S8 TIGER 1 ან S2 PUMA, გაზის ქრომატოგრაფი და სხვა - Gas Chromatograph, Rheometer, Viscometer, Density Metyer, Penetrometer, მიკროსკოპების) შეძენას. ამგვარად განახლებულ ლაბორატორიებს - (ა) ჰიდროგეოლოგიისა და ჰიდროგეოქიმიის; ბ) საინჟინრო გეოლოგიის; გ) ნავთობისა და გაზის გეოქიმიის: დ) ქანების, მადნებისა და კონცენტრატების ნივთიერი შედგენილობის კვლევის) საშუალება მიეცემათ გაიარონ საერთაშორისო (ISO 17025 სტანდარტი) აკრედიტაცია დამატებით სფეროში. შესაბამისად, ლაბორატორიებში შესრულებულ ანალიზებს ექნება საერთაშორისო ცნობადობა და სანდოობა, რაც ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება და თეორიული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენონ საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების, გრანტების, საექსპერტო-სადიაგნოსტიკო და სახელშეკრულებო თემების შესასრულებლად. მით უმეტეს, რომ დღეისათვის დასაზუსტებელი და გადასასინჯია საქართველოს ტერიტორიაზე ადრე ჩატარებული სამთო და გეოლოგიური სამუშაოების შედეგები, ლაბორატორიული ანალიზების მონაცემები. ხშირ შემთხვევაში, ხელახლა მიმდინარეობს მყარი სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობისა და წყლის საბადოებისა და მადანგამოვლინებების შესწავლა, აგეგმვა და დაძიება, რადგან საბჭოთა პერიოდში მათი შესწავლა და მარაგების დამტკიცება ხორციელდებოდა ქვეყნის მაშინდელი მასშტაბის შესაბამისი ნორმებით, ტექნიკური მახასიათებლებითა და სტანდარტებით, რის გამოც საქართველოს მადანგამოვლინებების უმრავლესობა არაკონდიციურად იყო მიჩნეული და არ მუშავდებოდა, თუმცა საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის პირობებში, ამ საბადოებისა და მადანგამოვლინებების უმეტესობა პერსპექტიულია.

 

დაფინანსებულია გეოლოგიური საველე სამუშაოებისატვის საჭირო აღჭურვილობა, საინჟინრო გეოლოგიის ფიზიკური პარამეტრებისათვის საჭირო მოწყობილობები,.

კარსრუეს ტექნოლოგიის ინსტიტუტის (KIT) მიერ განხორციელებული პროექტი (DAAD-SDG და DAMAST -Transfer 2021-2024) 2021 წელს ერთმა დოქტორანტმა, ორმა სტუდენტმა გერმანიაში გაიარა სტრაჟირება.გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კატასტროფების რისკის მართვის გლობალური ინიციატივა“ (GIDRM) პროექტის ინიციატივით გადმოგვცა ხელსაწყო-მოწყობილობები და   ჩვენი დეპარტამენტის 8 სტუდენტს ჩაუტარდა ერთკვირიანი სტაჟირება საველე და ლაბორატორიული სამუშაოების თაობაზე. წელსაც რაჭაში დაგეგმილია საველე სამუშაოები და რისკის შემცველ უბანზე სამონიტორიგო და ნნნ ხელსაწყოს დამონტაჟების პროცესსი მონაწილეობის მიღება. კარსრუეს ტექნოლოგიის ინსტიტუტის (KIT – Karlsruhe Institute of Technology) მიერ განხორციელებული პროექტი (DAAD-SDG და DAMAST -Transfer 2022-2024) 2021 წელს ერთი დოქტორანტი, ერთი სტუდენტი გერმანიაში, 2022 წლის სექტემბერში 4 სტუდენტი ენგურგესზე სტაჟირებაზე, ოქტომბერში ოთხი სტუდენტი, ერთი დოქტორანტი ანზორ გიორგაძე გერმანიაში.

ბოლო წლებში ფაკულტეტზე არსებული ელექტრონული კომპიუტერული ტექნიკა შეივსო, რამდენიმე წლის წინ „არემჯი“ ჯგუფის დაფინანსებით შექმნილია თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი „სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი“. ეს არის სივრცე სადაც სტუდენტები და ახალგაზრდა სპეციალისტები ეუფლებიან თანამედროვე საინფორმაციო პროგრამებს.

 

შესაძენია სპეციალური (GIS, Datamine, ) პროგრამები, რომელთა გამოყენებითაც ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები აითვისებენ გეოლოგიური რუკების, ჭრილებისა და გრაფიკების კომპიუტერულ გამოხაზვას თანამედროვე სპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, შეძლებენ მარაგების გამოთვლას, გეოლოგიური პროცესების მოდელირებას და სხვ. რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების თანამედროვე მეთოდებით ჩატარებას, სალექციო კურსების ელექტრონული ვერსიებით უზრუნველყოფასა და მეტი მოცულობის ელექტრონული სწავლების ფორმების დანერგვას.

პრაქტიკები

ფაკულტეტისა და გმნკდგ თვითდაფინანსების ცენტრის დაფინანსებით, ყოველწლიურად ორი სტუდენტური პრაქტიკა ტარდება. მეორე კურსის სტუდენტები, ზაფხულში, ორი-სამი კვირით საველე-გეოლოგიურ პრაქტიკას გადიან დაბა კაზრეთში, თსუ-ს გეოლოგიური ინსტიტუტის ბაზაზე (მემორანდუმის თანახმად). პრაქტიკის განმავლობაში ისინი ეცნობიან ბოლნისის რაიონის გეოლოგიას და ეუფლებიან საველე გეოლოგიის საფუძვლებს, იღებენ ქვიურ მასალას, რასაც ამუშავებენ ჩვენს ლაბორატორიებში, კვლევის შედეგებს კი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებზე მოახსენებენ და ამგვარად იძენენ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევებს.

 

პრაქტიკის დამთავრების შემდეგ ოთხ-ოთხი წარჩინებული სტუდენტი, შესაბამისად მემორანდუმისა, რჩება შპს ,,RMG GOLD’’-ში და ს/ს ,,RMG Copper’’ (,,მადნეულში’’) სტაჟიორად გეოლოგიური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური პროცესების ღრმად გაცნობიერების და ათვისების მიზნით.

 

ამასთან ერთად ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტები ერთკვირიან სასწავლო-ზოგადგეოლოგიურ პრაქტიკას გადიან თბილისის მიდამოებში, სადაც ეცნობიან რაიონის გეოლოგიურ აგებულებას, გეოდინამიკურ პროცესებს, გეოლოგიური ჭრილების აგების და კორელაციის მეთოდებს, იძენენ საველე სამუშაოების წარმოების უნარ-ჩვევებს.

 

გეოლოგიური პრაქტიკა დაბა კაზრეთში

მესამე კურსის სტუდენტები, ზაფხულობით საველე-გეოლოგიურ პრაქტიკას გადიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გეოლოგიური აგებულების თავისებურებების გასაცნობად, აქ ისინი სწავლობენ გავრცელებული ქანების ნივთიერ შედგენილობას და ითვისებენ საველე-გეოლოგიური კვლევის მეთოდებს.

პრაქტიკა ყაზბეგის რაიონში

 

გამოცემულია ორენოვანი სტუდენტური პრაქტიკის მეგზურები.

გეგმიური პრაქტიკების გარდა, შეძლებისდაგვარად ტარდება ერთდღიანი ან ორდღიანი თემატური პრაქტიკები.

 

ყოველი პრაქტიკის ანგარიში განთავსებულია გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ვებგვერდზე.

 

 

 

ორდღიანი პრაქტიკა შატილში

მიმდინარეობს მზადება საერთაშორისო გეოლოგიური ბანაკის მოსაწყობად. უცხოეთის რამდენიმე უნივერსიტეტთან დაწყებულია მოლაპარაკება ერთობლივი საერთაშორისო საველე-გეოლოგიური ბანაკის ორგანიზებისთვის ბოლნისისა და ყაზბეგის რაიონებში.

 

საველე-გეოლოგიური პრაქტიკების ერთობლივად ჩატარების მიზნით. ასევე მზადდება წინაპირობები გოდერძის ნამარხი ტყის ტერიტორიაზე უცხოელი და ქართველი სტუდენტების ერთობლივი პრაქტიკის ჩასატარებლად.

საერთაშორისო საველე - გეოლოგიური ბანაკის ორგანიზება და მისი სათანადო უზრუნველყოფა (როგორც ეს გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო) დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი და უცხოელი სტუდენტების ურთიერთობას და, რაც მთავარია, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და აკადემიური ცოდნის ამაღლებას.