სტუ
ფაკულტეტის ისტორია იწყება 1922 წლის 16 იანვარს, როდესაც თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი.
პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე თავდაპირველად სამი განყოფილება იყო: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. სამთამადნო განყოფილებას გააჩნდა სპეციალობები - სამთო (საექსპლუატაციო), მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური.

1928 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელსაც დასაწყისში გააჩნდა შემდეგი ფაკულტეტები: I. სამშენებლო ფაკულტეტი, II. მექანიკური ფაკულტეტი, III. სამთო-ქიმიური ფაკულტეტი, რომელიც წარმოდგენილი იყო ორ განყოფილებად: 1. სამთო და 2. ქიმიურ-ტექნოლოგიური. სამთო ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა გრიგოლ წულუკიძე.

1930 წელს ჩატარებული საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ექვსი ინსტიტუტი, რომელთა შორის იყო ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. იმის გამო, რომ ასეთი რეორგანიზაცია სრულად გაუმართლებელი იყო, მალე დაიწყო დაქუცმაცებული ინსტიტუტების გაერთიანების პროცესი. 1932 წელს სამთო-მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიის სამთო-ქიმიური ინსტიტუტი. 1933 წელს სამთო-ქიმიური, საინჟინრო-სამშენებლო და ენერგეტიკული ინსტიტუტები გაერთიანდნენ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სახელწოდებით, მას შემდეგ როდესაც გაუქმდა ამიერკავკასიის ფედერაცია ინსტიტუტს ეწოდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი.

1947 წელს, როდესაც საქართველოს ინდუსტრიულმა ინსტიტუტმა უმაღლესი ტექნიკური განათლების 25 წლისთავი იზეიმა, მას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელი მიენიჭა. ინსტიტუტში ამ დროს არსებულ 6 ფაკულტეტს შორის იყო სამთო ფაკულტეტი.
უკვე 1972 წელს, როდესაც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 50 წლისთავი აღინიშნა ინსტიტუტში ფუნქციონირებდა 28 ფაკულტეტი, 102 კათედრა და მზადდებოდა ინჟინრები 62 სპეციალობაში. მხოლოდ დღის სტაციონარზე ფუნქციონირებდა 15 ფაკულტეტი, მათ შორის: სამთო ფაკულტეტზე (დეკანი დ. ბეჟაშვილი), სწავლება მიმდინარეობდა ექვსი სპეციალობით, ხოლო ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა 6 კათედრა. გეოლოგიურ ფაკულტეტზე (დეკანი გ. ჯაფარიძე) სწავლება მიმდინარეობდა ოთხი სპეციალობით, ფაკულტეტს ემსახურებოდა 5 კათედრა.

სამთო ფაკულტეტის დეკანებად სხვადსხვა დროს მუშაობდნენ: რ. ჯიქია, კ. გაბუნია, გ. ჩხეიძე, გ. ქართველიშვილი, ბ. აბესაძე, ნ. ტყემალაძე, დ. შერვაშიძე, ა. ლალიევი, გ. ჯაფარიძე.
1955 წელს ფაკულტეტს სამთო-გეოლოგიური ეწოდა. 1971 წლიდან 1992 წლამდე სამთო და გეოლოგიური ფაკულტეტები ცალ-ცალკე არსებობდნენ, ხოლო 1992 წელს კვლავ გაერთიანდნენ. ამ პერიოდში სამთო ფაკულტეტის დეკანები იყვნენ დ. ბეჟაშვილი, ბ. დემეტრაძე, გ. ბუცხრიკიძე; გეოლოგიური ფაკულტეტისა - გ. ჯაფარიძე, ვ. ჭუმბურიძე, თ. ლორთქიფანიძე, ზ. მგელაძე. გაერთიანებული სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანად არჩეული იყო ზ. მგელაძე. 2005 წლიდან ფაკულტეტის დეკანია ა. აბშილავა.
ბოლო წლებში ფაკულტეტზე სტუდენტთა აღზრდის საქმეს სწავლების სამივე საფეხურზე უძღვებოდა 14 კათედრა, რომელთა უმრავლესობა მაპროფილებელი იყო. ამ კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ისეთი მრავალი გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს თანამედროვე საინჟინრო სკოლის შექმნასა და განვითარებაში.

ამჟამად ფაკულტეტზე სტუდენტთა სასაწავლო საქმიანობას წარმართავს ხუთი დეპარტამენტი:
1. გეოლოგიის
2. სამთო ტექნოლოგიების
3. ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიის
4. საინჟინრო გეოდეზიის და გეოინფორმატიკის5. შრომის უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვისფაკულტეტზე სწავლა მინდინარეობს სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), აგრეთვე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე