სტუ
10/01/2024

წელს, 5 იანვარს ცნობილ ქართველ სამთოელს, ქართველ სამთოელთა მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის მოამაგეს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, მეცნიერების და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, "სამთო ჟურნალის“ ერთ-ერთ დამაარსებელს და მის პირველ მთავარ რედაქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრის ყოფილ გამგეს, პროფესორ ბორის დემეტრაძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.

წლების განმავლობაში  ბორის დემეტრაძე იყო: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; ქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე; საქართველოს კომპარტიის ქ. თბილისის ორგანიზაციის ამავე რაიონული პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი;  

მისი მრავალმხრივი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც ძალზე მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: პატიოსანი, უმწიკვლო, ენერგიული და გულისხმიერი საქმიანობით, შრომით და მოღვაწეობით მან პროფესიულ სფეროში ნათელი კვალი დატოვა. საზოგადოების უდიდესი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა. 1973 წლიდან, ბორის დემეტრაძე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) დაუბრუნდა. მან ცხოვრება და მოღვაწეობა მთლიანად დაუკავშირა სამთო საინჟინრო კადრების აღზრდას.

იგი იმ ქართველ სამთოელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ფასდაუდებელი ამაგი დასდეს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორგანიზებას, დახვეწასა და სრულყოფას. ახალგაზრდა სამთოელთა და გეოლოგთა აღზრდის, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებლების სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწორედ მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგად 1991 წელს ექსპლუატაციაში შევიდა მსოფლიოში უნიკალური შახტი-ლაბორატორია, რისთვისაც მას სხვა კოლეგებთან ერთად მეცნიერების და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ბორის დემეტრაძე სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ კომისიაში, წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სამთო მექანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ავტორი მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, ტექნიკური პროფილის უმაღლესი სკოლის სტუდენტებისათვის შეადგინა რიგი სახელმძღვანელობისა და მეთოდური სამუშაოებისა წიაღისეულის საბადოების დამუშავების სფეროში.

ყველა ამ დამსახურებისათვის ბორის დემეტრაძეს   პროფესორის წოდება მიენიჭა,  1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2000 წელს კი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად-აკადემიკოსად აირჩიეს.

ბორის დემეტრაძის უშუალო მცდელობით და გულისხმევით განხორციელდა ქართველ სამთოელთა დიდი ხნის ოცნება- დაარსდა სამეცნიერო, საინჟინრო, საინფორმაციო, ანალიზური "სამთო ჟურნალი".

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბორის დემეტრაძის ადამიანური თვისებები. იგი შემკული იყო ჭეშმარიტად ქართული გენისა და სამთოელის გამორჩეული ღირსებებით, რომელთაგან აღსანიშნავია პატიოსნება, შრომის მოყვარეობა, სამართლიანობა, გულისხმიერება, ადამიანთა მიმართ თანაგრძნობა და თანადგომა, თავისი ქვეყნისა და ხალხის უსაზღვრო სიყვარული.

ბორის დემეტრაძის ნათელი ხსოვნა მარად რჩება მისი კოლეგების, მეგობრების, მოწაფეების, მოწაფეთა მოწაფეების და ყველა იმ ადამიანთა გულში, ვისაც კი მასთან საქმიანი ადამიანური ურთიერთობა უხდებოდა ოდესმე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატი,

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანატი,

პროფესორ-მასწავლებლები,

"სამთო ჟურნალის" სარედაქციო კოლეგია


სიახლეებში დაბრუნება