სტუ
12/12/2023

8 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეო­ლოგიური ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმ­ძღვა­ნე­ლობის, თანამშრომლებისა და სტუდენტების თხოვნით, „სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრს“ საქართველოს საბუნებისმეტ­ყვე­ლო მეცნიერებათა აკადემიის, ნამდვილი წევრი, პროფესორი ალექსანდრე თვალჭრელიძე, თვალჭრელიძეების გვარის ღირსეული შთამომავალი  სტუმრობდა.

შეხვედრა სტუ-ის III კორპუსში გაიმართა. პროფესორი დამსწრე საზოგადოების წინაშე თემით - „დღეისათვის საქართველოში გეოლოგიის დარგში არსებული პრობ­ლემები და თანამედროვე მიდგომები“ წარსდგა.

საჯარო ლექციამ მსმენელთა შორის  დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენების  შემდეგ შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, გაიმართა  დისკუსია და სამომავლოდ განმეორებითი შეხვედრა დაიგე­გ­მა.

აღსანიშნავია, რომ მესამე კორპუსში არსებობს დიდი (ბაბუა) ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალოგიის, გეოქიმიისა და პეტრო­ლო­გიის მუზეუმი.   ახალგაზრდა თაობამ,  მომავალმა გეო­ლოგებმა აუცილებელია იცოდნენ მათი დიდი წინაპრების ბიოგრაფიული ცნობები. ვინ იდგა  დიდი ქართული გეოლოგიური სკოლის სათავეებთან. სწორედ თვალჭრელიძეების დიდი ოჯახის შთამომავალია ბატონი ალექსანდრე. მისი  ბაბუა - ალექსანდრე თვალჭრელიძე -  ქართველი გეოლოგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1919 წლიდან სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრას.

1928-1948 წლებში, ასეთივე პროფილის კათედრის გამგე იყო  საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლან­დე­ლი სტუ); 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა მინერალური ნედლეულის საკავშირო საქართველოს ფილიალს (ახლანდელი ა. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეუ­ლის კავკასიის ინსტიტუტი). მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი მონოგრაფია საქართველოს სსრ ბუნებრივი რესურსების შესახებ. ალ. თვალჭრელიძე საქართველოში მინერალურ - პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებე­ლია.

მისი შრომები შეეხება კრისტალოგრაფიის, მინერალოგიის, პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის საკითხებს.  მის მიერ აღმოჩენილია და შესწავლილი გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, მარმარილოს, ქალცე­დო­ნისა და სხვ. საბადოები საქართველოში.

მამა - გიორგი (დოდიკა) თვალჭრელიძე - ქართველი გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979).  მისი შრომები ეხება საქართველოს, კავკასიისა და ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ენდოგენური მეტალოგენიის საკითხებს.

გიორგი თვალჭრელიძე კავკასიაში მეცნიერებათა რეგიონულ მეტალოგე­ნიურ კვლევას ხელმძღვანელობდა.  კავკასიის მეტალოგენიური რუკის ავტორი (მასშტაბი 1:1000000). დაწერილი აქვს არაერთი მონოგრაფია, რომელიც მიუძღვნა მეტალოგენიის კარდინალურ საკითხებს.

ეს ძალზედ მცირედია, რისი თქმაც შეიძლებოდა ამ საინტერესო ოჯახის წევრებზე, მაგრამ ამ ინფორმაციიდან თვალნათლივ ჩანს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ თვალჭრელიძეებს საქართველოს გეოლოგიის განვითარების საქმეში.

ვიმედოვნებთ,  ასეთ  შეხვედრებს მიეცემა სისტემატიური ხასიათი.   ყოველივე ეს კი, სამთო-გეოლოგიურ დარგში მოღვაწე  პროფესიონალების, ჩვენი კოლეგების დაინტერესებას გამოიწვევს სამომავლოდ  შეხვედრების განსაახლებლად და  თავიანთ გამოცდილებას  გაგვიზიარებენ.


სიახლეებში დაბრუნება