სტუ-ის მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან, სადაც ყველა საფეხურის სტუდენტს შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ასეთი ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვა.
Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად, გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც კონკურსის მიმდინარეობისას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე ირიცხებიან: ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე მეოთხე-მეშვიდე სემესტრებში, მაგისტრატურის სწავლების საფეხურზე მეორე-მესამე სემესტრებში, ხოლო დოქტორანტურის სწავლების საფეხურზე მეორე-მეხუთე სემესტრებში.
კონკურსების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია სტუდენტებს სისტემატურად მიეწოდებათ უნივერსიტეტის ვებ-გვერდის, ელექტრონული ფოსტისა და სპეციალურად შექმნილი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით .
გაცვლითი პროგრამების გარდა, სტუ სტუდენტებს ორი დიპლომის აღების შესაძლებლობას აძლევს. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე მოქმედებს ორდიპლომიანი, ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამა- „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში", რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის, რენის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება და სტუდენტი სტუ-ის დიპლომთან ერთად, ფრანგული უნივერსიტეტის დიპლომსაც იღებს.
ორი დიპლომის მიღება შეუძლიათ, მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებსაც, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტის და მილანის უნივერსიტეტის დიპლომებს იღებენ; ასევე სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის გერმანულენოვანი ლოჯისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.