სახელმწიფო და საუნივერსიტეტო სტიპენდიები
საქართველოში წარმატებული სტუდენტებისთვის მოქმედებს პროგრამა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სემესტრულად გაიცემა და თვეში 150 ლარს შეადგენს. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს, თავად უნივერსიტეტები განსაზღვრავენ.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც. სტიპენდიები სტუ-ის ბაკალავრიატის I, II, III და IV კურსის იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებსაც სასწავლო წლის პირველი სემესტრის სესიების შედეგების მიხედვით აქვთ მაღალი რეიტინგი (რეიტინგის მაქსიმალური ქულის ოდენობა ყოველწლიურად იცვლება). სტიპენდიანტს ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიები არჩევენ.
სტუ-ში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ გარდა, არსებობს საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები. შესაძლებელია სტუდენტმა სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად სახელობითი სტიპენდიაც მიიღოს, თუ კონკურსის წესის შესაბამისად, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
საფაკულტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვს მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ ყველა საგანში) და ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებსა და ტრენინგებში, ჩართულია სტუ-ის თვიმმართველობის ღონისძიებებში.
საფაკულტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვთ მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ) და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებში, ტრენინგებში.
სოციალური შეღავათების მინიჭების პროგრამა
სტუ-ის სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის.