საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 აპრილის N 751 განკარგულებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 7 დეკემბრის N01-05-04/189 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა „მთის მდგრადი განვითარების“ ფაკულტეტი, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებიდან და მთის განვითარების პროგრამიდან. ფაკულტეტი უზრუნველყოფს მაღალმთიანი რეგიონებისათვის მთისმცოდნე, მდგრადი განვითარების ტრანსდისციპლინარული ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდა ექსპერტ-პროფესიონალი კადრების მომზადებას.
მდგრადი განვითარება განიხილება როგორც კაცობრიობის განვითარების ახალი კონცეფცია. მდგრადი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნის გასაღები სწავლაა. სწორედ აზროვნების შეცვლაზეა დამოკიდებული ცვლილება მდგრადობისკენ. ტრანსდისციპლინარული კვლევის დროს განსხვავებული სფეროების ცოდნა ინტეგრირებულია საერთო ხედვაში, რაც ახალ პრობლემებზე რეაგირებისთვის გლობალური ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა. სწორედ ტრანსდისციპლინარული მიდგომა ცდილობს სხვადასხვა ცოდნის გაერთიანებას და ახალი ცოდნის ჩამოყალიბებას, და ამით ხელს უწყობს რეალობის გლობალური და ინტეგრირებული ხედვის შესაძლებლობას. ამგვარი მიდგომა ახალგაზრდებს უფრო სრულყოფილად მოამზადებს მთაში ცხოვრებისთვის, რომელსაც ისინი აღმოაჩენენ, შეაფასებენ და გარდაქმნიან მომავალში.
მდგრადი განვითარების მიზნები - SDG - კაცობრიობის განვითარებისა და მდგრადობისთვის გარემოს ამბიციური მაკრო დონის გეგმაა. მიზნები ეხება გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის სიღარიბეს და უთანასწორობას, კლიმატისა და გარემოს დეგრადაციას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და სამართლიანობას.
ფაკულტეტის მიზნობრივ-თემატური მუშაობა ხელს უწყობს შემდეგი მიზნების განხორციელებას:
ქვეყნის მთიანი რეგიონების მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის, მთაში სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური მდგრადი გარემოს შექმნის მიზნითა და ბოლონიის პროცესის მოთხოვნების, აგრეთვე, გაეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, შეიქმნა ოთხი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (რომლებიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ):
1. მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება (კვალიფიკაცია-გარემოსმცოდნეობის ბაკალავრი).
2. მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი(კვალიფიკაცია-ტურიზმის ბაკალავრი).
3. მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა (კვალიფიკაცია-მენეჯმენტის ბაკალავრი).
4. ბუნებრივი საფრთხეები მდგრადი გარემო და დაცვა (კვალიფიკაცია-ინჟინერიის ბაკალავრი გარემოს ინჟინერიაში).
ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, კურიკულუმები, სილაბუსები და სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებთან, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) ნორმებთან. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამები ახალია, რომლებსაც ანალოგი არ მოეპოვება არც საქართველოს და არც მის სამეზობლო ქვეყნების საგანმანთლებლო სივრცეში.
ახალგაზრდა ფაკულტეტი ევროპულ სტანდარტთან სრული თანხვედრისათვის და მსგავსი სამაგისტრო თუ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ფორმირებისათვის თანამშრომლობს ევროპულ ქვეყნებთან და იყენებს წარმატებული უნივერსიტეტების გამოცდილებას, როგორიცაა მილანის უნივერსიტეტი (კვლევითი ცენტრი - მთის უნივერსიტეტი UNIMONT) და შოტლანდიის მაღალმთისა და კუნძულების უნივერსიტეტი.
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე განხორციელებულ პროგრამებს შესწევთ ძალა, რომ გაანალიზონ სამთო განათლების ფორმები და სისტემები და შეაფასონ მათი გავლენა მთებსა და მთის ხალხზე; ასევე, შეაფასონ მთიან რეგიონებზე ფაქტორული ცვლილებები, დადებითი ეფექტების მიღწევის გზები და მათი პოტენციალი მდგრადობის მხარდაჭერისთვის.
საქართველოს მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს შეუწყობენ არა მხოლოდ ცოდნის გაზრდას, არამედ გარემოს მდგრადობისაკენ აზროვნებისა და პრაქტიკის შეცვლას.
სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი და პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები შესაძლებლობას გვაძლევს, ხაზი გაუსვათ კეთილსინდისიერების მნიშვნელობას და ტრანსდისციპლინური ცოდნის შექმნის აუცილებლობას; მისცემს ადამიანებს უნარებსა და კომპეტენციას, მონაწილეობა მიიღონ მდგრადი განვითარების პროცესებში; პროგრამები უფრო კომპეტენტურს და თვითდაჯერებულს გახდის პროგრამის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს და მისცემს მეტ საშუალებას სოციალური ღირებულებების, სქესთა თანასწორუფლებიანობის და კულტურული მრავალფეროვნების პრინციპების გათვალისწინებით მიაღწიონ ჯანმრთელ და პროდუქტიულ ცხოვრებას ბუნებასთან მდგრადი ჰარმონიის მეშვეობით.
ამჯერად, აკრედიტაციის ეტაპზეა სამაგისტრო პროგრამა „გარემოს მდგრადი განვითარების მენეჯმენტი“, ხოლო მზადების ეტაპზეა ინგლისურენოვანი სამაგისტრო „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ და პროფესიული გადამზადების ქართულენოვანი პროგრამები „ტყის დაცვა რეინჯერებში“ და „გეოსაინფორმაციო სისტემების სპეციალისტი“.
ფაკულტეტის სტუდენტთა კონტინგენტი მუდმივად მზარდია. ამას განაპირობებს, ერთის მხრივ, პროგრამების უნიკალურობა (ასეთი დასახელების პროგრამები არ მოქმედებს არც ჩვენი სამეზობლო ქვეყნების უნივერსიტეტებში და არც შუა აზიისა თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებში) და, მეორეს მხრივ, თვითონ პროგრამების სპეციფიკა; პრაქტიკული ნაწილი მნიშვნელოვანწილად ეთმობა საველე გასვლებს, ტარდება სტუდენტური კონფერენციები, კონკურსები და გასვლითი სემინარები.
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი გაფორმებული მემორანდუმების ჩარჩოში აქტიურად თანამშრომლობს საჯარო და კერძო სკოლებთან,
მოსწავლე-ახალგაზრდობას იწვევს სხვადასხვა კონკურსებსა და კონფერენციებზე; მიღებული აქვს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის დაფინანსება და მაღალმთიან წალკის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: სამეცნიერო კვლევითი კლუბის „უმცროსი მეცნიერები მთის მდგრადი განვითარებისათვის“ დაარსება.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფაკულტეტი სხვა ფაკულტეტებთან კოლაბორაციაში აწყობს სამეცნიერო ღონისძიებებს;
2022 წელს ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“.
2023 წელს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად დავაორგანიზეთ საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები“.
აღსანიშნავია, საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი - გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც ტურიზმის მსოფლიო დღეს მიეძღვნა და 2024 წლის 26-28 სექტემბერს ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში. კონფერენციის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერებს შორის იყვნენ გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, კურორტების განვითარების სააგენტო.
ფაკულტეტის ინიციატივით 2024 წელს შეიქმნა ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელთა ალიანსი, რომლის მთავარი მიზანია კოლაბორაცია, მთის ტურიზმის თემატიკის გააქტიურება და ერთობლივი სამეცნიერო და აკადემიური აქტივობების განხორციელება.
ფაკულტეტი აქტიურადაა ჩართული ინტერნაციონალიზაციის პროცესებში; 2023 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრთან UNIMONT, რომელთან ერთადაც CIF საგრანტო პროექტის ფარგლებში მზადდება ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა;
2024 წლიდან ფაკულტეტი გაეროს სასურსათო ორგანიზაციის მოხალისეობრივი ალიანსის „მთის პარტნიორობის“ წევრია, რაც საგანმანათლებლო პროგრამებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. ინტენსიურად ვაწვდით ინფორმაციას განხორციელებული აქტივობების შესახებ, რაც მათ ვებგვერდზე და სოცაილაურ არხებში ვრცელდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ფაკულტეტის პროფესურა, როგორც ტექნიკური მხარდამჭერი, ჩართულია იყო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის კვლევაში Impact of climate change and the future of snow and mountain tourism destinations.
ფაკულტეტს აქვს ამბიციური მიზანი - მოამზადოს ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა მდგრადი ტურიზმის კუთხით, რომელიც მოიპოვებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის აკადემიის TedQual - ის სერტიფიკატს.
საქართველოს მთიანეთს, ერთი მხრივ, აქვს გარემოს მრავალი გამოწვევა და საჭიროებს ქმედებებს მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, გააჩნია მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვანი, რესურსული, ბუნებრივი პოტენციალი, რაც შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური განვითარების გაღრმავებისა და მთაში მოქალაქეთა ცხოვრების ყოველდღიური, კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. სწორედ, ამ საქმეს ემსახურება ფაკულტეტი თავისი საქმიანობით და ეხმაურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.