სტუ
11/09/2025

იტალიელი პროფესორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

CIF საგრანტო პროექტის ფარგლებში - "სტუ-ში    მთის მდგრადი განვითარების  სამაგისტრო პროგრამის შექმნა მილანის უნივერსიტეტის UNIMONT ცენტრთან თანამშრომლობით" -  07-14 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით ეწვია მილანის უნივერსიტეტის დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მილანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და გარემოს მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი, UNIMONT ცენტრის ხელმძღვანელი ანამარია გიორგი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რიკარდო გიუჯეთი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სტეფანო კორსი; სტუმრები ოფიციალურად მიიღო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ;

იტალიელმა პროფესორებმა ორშაბათს, 8 სექტემბერს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ქართველი პროფესორ-მასწავლებლებისთვის გახსნეს ტრენინგების სერია “სილაბუსის დიზაინის ხელოვნება და პრაქტიკა“ და ესტაფეტა ქართველ ტრენერებს გადასცეს.

იტალიელი პროფესორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე დაესწრნენ პროექტის ფარგლებში გის (GIS) სისტემების ლაბორატორიისა და  მთის მდგრადი განვითარების ცენტრის გახსნას.

ხვალ 11 სექტემბერს, ალგეთის დაცული ტერიტორიების სავიზიტო ცენტრში (მანგლისი) CIF პროექტის პარტნიორები გახსნიან ზაფხულის საერთაშორისო სკოლას “მთის მდგრადი განვითარების სწავლება” და იტალიელი პროფესორები სკოლის მსმენელებსაც ჩაუტარებენ ტრენინგებს. სკოლა 5 დღე კარვებით განთავსებას და მთის მდგრადი განვითარების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გულისხმობს, რომელიც 16 სექტემბერს დამთავრდება.