საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადა - „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება” ჩატარდა.
ოლიმპიადაში, რომელიც ონლაინ ფორმატში 4-11 დეკემბერს ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო საჯარო სკოლების 32-მა მოსწავლემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 23-მა სტუდენტმა.
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეებს მიეცათ დავალება, კომისიისთვის წარედგინათ საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ - ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ბროშურების მიხედვით მომზადებული 20 შეკითხვის ტესტის პასუხები და 10-ქულიანი ესე, ხოლო სტუდენტებისთვის 50-ქულიანი ტესტური დავალება იყო შემუშავებული.