სტუ
02/12/2024

ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „უმაღლესი განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“

2024 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით და ამავე ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: 

„უმაღლესი განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტუ-ს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, აკადემიური პერსონალი სტუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტებიდან, მეცნიერ-მკვლევარები და მოწვეული სტუმარი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ჟან მონეს პროფესორი, ლარისა თაკალანძე.  

ღონისძიება შესავალი სიტყვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტე­ტის დე­კა­ნმა, პროფესო­რმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა: „მოგეხსენებათ, 2023 წლის აგვისტოში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (UNGA) 2024-2033 წლები მდგრადი განვითარების მეცნიერებათა საერთაშორისო ათწლედად გამოაცხადა.

ამდენად, მეცნიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - ეს ის ფაქტორია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას და სახელმწიფო პოლიტიკის წარმატების გარანტად გვევლინება; მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა წარვმართოთ ჩვენი შემდგომი საქმიანობა და დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“.

პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები საქართველოს მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის“; მან ვრცლად ისაუბრა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შესახებ, რომლის დაარსებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტ-ში მთავრობის განკარგულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაუყარა საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საქართველოში პირველად ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა. ამჟამად ფაკულტეტზე წარმატებით ხორციელდება რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებმაც აბიტურიენტებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია და მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამების ანალოგი, როგორც საქართველოს, ისე მის სამეზობლო ქვეყნების სხვა უნივერსიტეტებში არ მოიპოვება.

ფაკულტეტი ევროპულ სტანდარტთან სრული იდენტური ფორმირებისა და სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა-განვითარებისათვის თანამშრომლობს და იყენებს ევროპული, წარმატებული უნივერსიტეტების გამოცდილებას, როგორიცაა იტალიის მთის საერთაშორისო უნივერსიტეტი და შოტლანდიის მაღალმთისა და კუნძულების უნივერსიტეტი. მოხსენების დასასრულს, ბატონმა ნოემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფაკულტეტის განვითარების სამომავლო გეგმები და შესაძლებლობები.

პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ თავის მოხსენებაში „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების როლსა და მნიშვნელობას იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მდგრადი განვითარების მისაღწევად, ასევე შესაბამისი ამოცანების ინტეგრირებაზე საგანმანათლებლო პროგრამებში.

პროფესორი ლარისა თაკალანძე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით „მდგრადი განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ევროკავშირის გამოცდილება“ და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

მოხსე­ნე­ბე­ბისა და პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა ფართო დის­კუ­­სია, კითხვა-პასუხი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მთლიანობაში კი, მსგავსი ფორმატის ღონისძიების ჩატარებამ და სამომავლო ხედვამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

მრგვალი მაგიდის  მუშაობის შედეგები შეაჯამა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ, მან მადლობა გადაუხადა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს, აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გამოთქვა მოსაზრება მასში სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების ჩართვის აუცილებლობაზე.