საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებმა, კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ხელმძღვანელობით, ინოვაციური ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მონიტორინგის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს.
ბუნებრივი საფრთხეების, მდგრადი გარემოსა და დაცვის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პროფესიული საველე ექსპედიცია, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძისა და სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ერთობლივი თემატური ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთის ტერიტორიაზე, მთიულეთის არაგვის ხეობაში, მდინარე მლეთისხევის წყალშემკრებ აუზში ჩატარდა.
როგორც ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, სტუდენტები გაეცნენ სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ მოწყობილი ინოვაციური საინჟინრო ნაგებობის - ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მუშაობის პრინციპებს.
მისი მონიტორინგი ახალგაზრდებმა, აკადემიკოს გივი გავარდაშვილისა და პროფესორ-მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, ადგილზე განახორციელეს.