სტუდენტი: დავით ბოსტანაშვილი
ხელმძღვანელი: შოთა ბოსტანაშვილი
თემა: მთასახლე - მედიაცენტრი ავლაბარში
სადიპლომო პროექტი, 2004 წ.
გლობალიზაციის ეპოქისათვის დამახასიათებელია არქიტექტურული პრაგმატიკა - არქიტექტურის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების მიმართ ზურგის შექცევა. პროფანულ და საკრალურ სივრცეებს შორის საზღვრების მოშლა.
ხუროთმოძღვრული პრიორიტეტები, რომლებიც ერთის მხრივ პოსტმოდერნიზმმა და მეორეს მხრივ დეკონსტრუქტივიზმმა აიღეს თავის თავზე, უკვე ამოიწურა. უფრო მეტიც დადგა პროვინციული პოსტმოდერნის და პროვინციული დეკონსტრუქტივიზმის საშიშროება.
მეტაკულტურული რეფლექსიები (ანუ, კულტურა კულტურის შესახებ) ახალ ამოცანებს გვისახავენ, კერძოდ “დაბრუნების” დისკურსის შესაძლებლობას, -პირველსაწყისებთან “დაბრუნებას”, მის “განმეორებას“.
ჩემს პროექტში ასეთ პირველსაწყისად წარმოდგენილია “მთა”. იგი მხოლოდ სემანტიკურად არის მთა, ხოლო სივრცე, რომელსაც ის შემოსაზღვრავს არის “სახლი” (სასახლე). ასე გაჩნდა ჩემი პოექტის დასახელებაც: “მთასახლე”. ეს უკვე ჰიბრიდია, როგორც ლინგვისტური, ისე ხუროთმოძღვრული. ეს არ არის მოხდენილი სახლი ბუნებაში, ანუ ბუნებაში შეტანილი კულტურა, - იგი კულტურული ბუნებაა.
საპროექტო ტერიტორიის შერჩევა განაპირობა მშენებარე სამების ტაძარმა, როგორც სტრუქტურალისტურმა მეტაფორამ - საკრალური სივრცის სიმბოლომ.
წარმოდგენილ პროექტში “ტაძარ-სტრუქტურას” აღარ ყავს ოპოზიცია (ასეთ სივრცედ ავლაბრის ქუჩები რჩება). ”მთასახლე” აღარ არის პროფანული ტაძართან მიმართებაში და არც უპირისპირდება ტაძარს საკრალურობის ნიშნით. აღნიშნული პრობლემა მოხსნილია.
”მთასახლე” ემიჯნება საკრალურ-პროფანულობის ოპოზიციურობას, სივრცული სინთეზის ახალ სახედ (ახალ სახელად) წარმოდგება.
კულტურულ-საინფორმაციო ცენტრი განლაგებულია ავლაბარში, კომპლექსი იკავებს არსებული, ბარაკული ტიპის, 1-2 სართულიანი შენობების ადგილს. ცენტრის მთავარ კომპოზიციურ ღერძს წარმოადგენს არსებულ მჭიდრო განაშენიანებაში შემოჭრილი წყლის ხელოვნური სარკე, რომლის პლასტიური ფორმა გრძივადაა განვითარებული 330 მ. სიგრძეზე, სამების ტაძრის კარიბჭედან ბარათაშვილის აღმართამდე.
თავად მთავარი შენობა, კულტურულ საინფორმაციო ცენტრი განთავსებულია წყლის სარკის ჩრდილოეთით. შენობის კომპოზიციაც აგრეთვე გრძივად არის განვითარებული 220 მ. სიგრძეზე. ფორმიდან გამომდინარე ცენტრის სიგანე ცვალებადია 10 მ-დან 35 მ-დე. წყლის სარკის სამხრეთით გათვალისწინებულია კიპარისების მწვანე ფარდა. საფეხმავლო გზები განთავსებულია წყლის სარკის ორივე მხარეს 220 მ. სიგრძეზე. ამ გზით იქმნება საფეხმავლო კავშირი კიბალჩიჩის აღმართიდან (ელენე ახვლედიანის აღმართი) სამების ტაძრამდე.
ფუნქციურად შენობა წარმოადგენს კულტურულ-საინფორმაციო ცენტრს, შეხვედრების, ინფორმაციის გაცვლის, კონფერენციებისა და პრეზენტაციების გასამართ ადგილს. გათვალისწინებულია სივრცე საგამოფენო დარბაზებისთვის, ჩვენებებისთვს, კაფეებისა და მაღაზიებისთვის.
ინტერიერში, ტერასების (სართულების) გეგმის კონტურები, თავისუფალ ტეხილი ხაზებისგან შემდგარ ნახატს წარმოადგენს. მათი ფორმის შერჩევისას დავეყრდენით მანამდე ამ ადგილას არსებული შენობების კონტურებს. პროექტირებამდე არსებული შენობები და ქუჩები არსებობას განაგრძობენ როგორც იატაკის ფაქტურები. მათი კონტურები გადაქცეულია გამწვანებად, მოშანდაკებად, წყლის სარკეებად რომლებიც იჭრებიან შენობის ინტერიერში (ვესტიბიულების იატაკის ნახატებად).
ხაზგასასმელია უკანა ფასადის გადაწყვეტა, რომელიც წარმოადგენს შემინულ, დატეხილი გეომეტრიული ფორმების კომპოზიციას. უკანა ფასადის მიმდებარე ავლაბრის განაშენიანების ქაოტური, გეომეტრიული ფორმები შენობის უკანა ფასადში მეორდება - სხვა მასშტაბით, სხვა მასალით. უკანა ფასადს ზემოთ თავისუფლადაა გადაფარებული მინის საფარი (მთა). ბოლო დონეების სახურავებზე გათვალისწინებულია ღია ტერასები.
წყლის სარკის მხრიდან მინის ტალღოვან ფასადზე (მთავარი ფასადი) “ამოსული” კუბები გათვალისწინებულია, როგორც მზის ბატარეები და სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციები. მათი მილგაყვანილობები მილებშია გატარებული. მილები გადაწყვეტილია როგორც ხისებრი სტრუქტურა და ინტერიერის საინტეტესო დეტალს წარმოადგენს.
წყლის სარკეზე განთავსებული ოქროსფერი მინის პრიზმები დინამიურად იჭრებიან მთლიან კომპოზიციაში და ავლაბრის განაშენიანებაში. ამ დინამიკას კიდევ უფრო აძლიერებს წყლის სარკის დინება და დონეების სხვაობით შექმნილი ჩანჩქერები (ვაედნის სიმაღლეები 1 - 2 მეტრი). წყლის სიღრმე მცირეა: 15 - 20 სმ. პრიზმები შესაძლებელია (“ოქროს კიდობნები”) საფეხმავლო ქუჩებს ჩასაკეცი ხიდურებით დაუკავშირდნენ. პრიზმის ზომებია 3 მ X 18 მ. პრიზმებს გააჩნიათ სარდაფის სართული დამხმარე სათავსებისთვის. ეს ფართი საკმარისია იმისთვის რომ პრიზმები დაიტვირთოს სხვადასხვა ფუნქციით: პატარა კაფე, მაღაზიები, საგამოფენო პავილიონები. ზოგიერთი მათგანის იატაკი მოძრავია და ზაფხულობით ზემოთ იწევა სტუმრებთან, ერთად რაც ამ დინამიურ სურათს დაუვიწყარ ეფექტს მიანიჭებს.
ბოლოს აღსანიშნავია ის ხედები რომლებიც ახალი კომლექსის განხორციელებისას მიიღება: ავლაბრის ქუჩებში მოძრაობისას სამების ტაძარი ხშირად ხვდება კადრში. საკმარისია ერთი ნაბიჯის გადადგმა და ავლაბრის ურბანული განაშენიანებიდნ (გამწვანების ან ცენტრის გავლით) სხვა სიტუაციაში და თითქოს სხვა დროში აღმოჩნდები: “მთა”, “ტყე”, “მდინარე”. სამების ტაძარიც ამ არაურბანულ კადრში შემოდის. და აქედან სხვანაირად აღიქმება თბილისის ხედი და მთაწმინდა.