STU Logo Faculty Logo Poetics Logo

ქარ | ENG

შოთა ბოსტანაშვილი

პროფ. შოთა ბოსტანაშვილი (1948 - 2013), არქიტექტორი, პოეტი, მეცნიერი "სტუდია არქიტექტურის პოეტიკის" დამაარსებელია.

შოთა ბოსტანაშვილი დაიბადა 1948 წ. ქალაქ თბილისში. 1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტორის სპეციალობით. 1966-1970 წლებში მუშაობდა “საქსახპროექტში” არქიტექტორ-ტექნიკოსად. 1970-1990 წლებში არქიტექტურის ფაკულტეტის საპროექტო ბიუროში არქიტექტორად, არქიტექტურული განყოფილების უფროსად. აკადემიურ მოღვაწეობას იწყებს 1978 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე.

შოთა ბოსტანაშვილის პედაგოგირ მოღვაწეობამ უზარმაზარი კვალი დატოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ამას მოწმობს მისი ხელმძღვანელობით შესრულებული სტუდენტთა საკვალიფიკაციო, საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების წარმატებები ადგილობრივ და საერთაშორისო სცენაზე. სტუდია არქიტექტურის პოეტიკა მისი აკადემიური მოღვაწეობის გვირგვინია: პროფ. ბოსტანაშვილის არქიტექტურის ორიგინალური გააზრების შედეგად შექმნილი სწავლების მეთოდი თავისუფლების ის სივრცეა, სადაც ყოველ ინტერაქციას მოყვება ახალი ხედვა, ახალი აღმოჩენები.

მისი 40 წლიანი პროფესიული და შემოქმედებითი პრაქტიკა მრავალ ათეულ არქიტექტურულ პროექტს და რეალიზაციას ითვლის; მრავალი მათგანი დაჯილდოებულია საერთაშორისო და ადგილობრივი პრემიებით. მათგან განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ ხსოვნის კუბი ქ. სენაკში (1975 წ.), ქუთაისის შრომის დიდების მემორიალი (1976 წ.), შინმოუსვლელთა მემორიალი სოფელ მუხრანთან (1975 წ.), პურის ქარხანა ქ. თბილისში (1984), სახლი რეზიდენცია ქ. თბილისში (1998) და საკუთარი ხელით გამოძერწილი კულტურის ცენტრი „პოეზიის სასახლე“ ქ. თბილისში (1999-2002).

შოთა ბოსტანაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივია. მისი სამეცნიერო სტატიების თემები მოიცავენ კულტურის ფილოსოფიას, სემიოტიკას, არქიტექტურის კულტუროლოგიას, ლიტერატურის კრიტიკას, მატერიალური კულტურის ძეგლების კვლევას, მრავალ რეცენზიას და გამოხმაურებას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მის მიერ ჩატარებული საქართველოს ებრაელთა მატერიალური კულტურის კვლევა და ამ მემკვიდრეობის დოკუმენტური ფიქსაცია, ისევე როგორც რესტავრაცია. მატერიალური მემკვიდრეობის მრავალწლიანი კვლევა დასრულდა მის სადოქტორო დისერტაციაში "სივრის პოეტიკა. სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების არქიტექტურა საქართველოში" (სტუ, 2008 წ.)

შოთა ბოსტანაშვილის პოეზია იბეჭდებოდა ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" ფურცლებზე. მისი პოეზიაც იგივე შემოქმედებით ნიადაგზეა აღმოცენებული რაც არქიტექტურული და კრიტიკული პრაქტიკა. შოთა ბოსტანაშვილი თავად ქართულ ენას აძლევს საშუალებას რომ ილაპარაკოს. წიგნი "ოთხი ლაპარაკი" (2012 წ.) პოემათა ციკლს წარმოადგენს, სადაც პოეტური ტექსტი დაწერილია "წყლით", "ცეცხლით", "ჰაერით" და "მიწით".


შოთა ბოსტანაშვილი კითხულობს საკუთარ პოემას "გაცეცხლებული ლაპარაკი" კრებულიდან "ოთხი ლაპარაკი" საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების სააქტო დარბაზში (2008 წ.)

"არქიტექტურის პოეტიკის" აღიარება მოხდა არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიაში. პოეტიკის გამოფენის და მოხსენების შედეგად სტუდიის დამფუძნებელი აკადემიის პროფესორად იქნა არჩეული (1997). შოთა ბოსტანაშვილი იყო არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის, მოსკოვის ფილიალის წევრ-კორესპონდენტი (2001 წლიდან); აღმოსავლეთ ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის სრული წევრი (ბაქო, 1999 წ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ქვემოთ მოცემულია შოთა ბოსტანაშვილის ძირითადი პროექტების გალერეა. პროექტების სანახავად დააწკაპუნეთ სურათზე


შოთა ბოსტანაშვილის არქიტექტურული შემოქმედება


კულტურის ცენტრი ზემელზე(2006)
პოეზიის სასახლე (2001)
სახლი რეზიდენცია (1998)
9 აპრილის მემორიალი
პილიგრიმები (1988)
მსახიობი(ს) სახლი (1985)
მემორიალური კომპლექსი (1985)
მალთაყვის პარკი (1986)
პურის ქარხანა (1983)
საფლავი
ეთნოგრაფიული მუზეუმი (1979)
შრომის დიდების მემორიალი (1979)
ფოთის კულტურის ცენტრი (1976)
ხსოვნის კუბი (1975)
ხსოვნის ტაძარი (1974)
ხევსურეთის სოფლები (1973)