არქიტექტურის პოეტიკა დაიბადა წყალზე - ხმელთაშუა ზღვაში 1988 წლის ივნისში.
1988 წლის ივნისში, იუნესკოს ეგიდით ჩატარდა კონცეპტუალური არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსი-კრუიზი თემაზე “XXI საუკუნის ცივილიზაციის სივრცე”. კონკურსი ჩაატარა არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიამ გემზე “ლევ ტოლსტოი”. მთელი მსოფლიოდან კონკურსში მონაწილე 400-მდე ახალგაზრდა არქიტექტორის (40 წლამდე ასაკის) გარდა გემზე თავი მოიყარეს სხვადასხვა ჰუმანიტარული პროფესიის და ასაკის ადამიანებმა. კონკურსის შედეგებიც ზღვაზე შეჯამდა, როცა გემმა ვენეციიდან ისევ ვარნისკენ აიღო გეზი.
კონკურსის მთავარ ნომინაციაში (ხუთიდან) “არქიტექტურა – კულტურა”, პირველი პრემია მიიღო შოთა ბოსტანაშვილის პროექტმა “პილიგრიმები”. ეს გახლავთ საკაცობრიო მისიით აღჭურვილი მოხეტიალე კუნძული, ახალი კონტინენტი, რომელიც იქ მიცურდება, სადაც უჭირთ.
“პილიგრიმები” ექვსი გრანდიოზული მცურავი მინის სახლია, ფორმით კი საკარცხულები (სავარძელი - ტახტი) - ინტერიერის (ამ შემთხვევაში სამყარო - ინტერიერი), დასვენების და დიალოგის სიმბოლო. სხვადასხვა კულტურათა სტილისტიკაა საკარცხულთა საზურგეების სილუეტებშიც. საზურგეთა ფასადები ერთდროულად უზარმაზარი ტელეეკრანებია - “პილიგრიმთა” საქადაგო ენა. ამ მეტაფორით კაცობრიობა ისევ მარტოა ლაჟვარდოვან უსაზღვრობაში - გაშლილი ცის ქვეშ, გაშლილ ზღვაში. იგი ხელახლა უნდა დაიბადოს “წარღვნის წყლებიდან” და ამჯერად სული გადაარჩინოს.
XXI საუკუნე კულტურათა დიალოგის და ქანცგაწყვეტილი კაცობრიობის „დასვენების“ სივრცეა.
“არქიტექტურის პოეტიკის” სტუდია დაარსდა 1990 წლის 7 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, როგორც დამოუკიდებელი სკოლა - “თავისუფალ მსმენელთა აუდიტორია” - აკადემიური სასწავლო ფორმატის ალტერნატივა. არქიტექტურის პოეტიკის დამფუძნებელია არქიტექტორი პოეტი, კულტუროლოგი, პროფესორი შოთა ბოსტანაშვილი (1948 - 2013).
სტუდიის მუშაობას საწყის ეტაპზე ხელი შეუწყო “არქიტექტურის შესავლის”, სოლო შემდეგ ეტაპზე “არქიტექტურის გეგმარების” კათედრამ და ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ. 2007 წელს “არქიტექტურის პოეტიკა” შევიდა არჩევითი საგნების სიაში. 2008 წელს თავი მოიყარა შოთა ბოსტანაშვილის სადოქტორო დისერტაციაში “სივრცის პოეტიკა”. ამავე ნაშრომში ჩაეყარა საფუძველი არქიტექტურის სემიოტიკის პრობლემატიკას, რომლის კვლევაც დასრულდა დავით ბოსტანაშვილის სადოქტორო დისერტაციაში “ნიშანი და ნაშენი”. ამ შრომამ კი, გზა გაუხსნა არქიტექტურის კრიტიკულ დისკურსს. 2008 წლიდან საგანი "არქიტექტურის პოეტიკა" საბაკალავრო აკადემიური პროგრამის ნაწილია. სტუდია ასევე წარმოდგენილია სამაგისტრო საფეხურზე სილაბუსით "კულტურის სემიოტიკა და ხუროთმოძღვრული პრაქტიკა". სტუდია "არქიტექტურის პოეტიკა" ასევე აქტიურად უძღვება სტუდენტთა საბაკალავროო და სამაგისტრო საკურსო და სადიპლომო არქიტექტურული პროექტების ხემლძღვანელობას.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა აღმშენებლობის სულისკვეთება ჩვენი ეროვნული კულტურისათვის უცებ არასინქრონული აღმოჩნდა; როცა “შენება” შეცვალა “ნგრევამ” და “გადაშენებამ”; როცა პედაგოგებს და სტუდენტებს - ყველას ერთად - “სხვა” უფრო დიდი გამოცდა უნდა ჩაებარებინათ - არქიტექტურის პოეტიკამ იმძლავრა მაშინ.
"არქიტექტურის პოეტიკა არქიტექტურის ფილოსოფია და პრაქტიკაა; ის ჩემი პოეზიის ნაწილია, სივრცული სინთეზის მეთოდია, ახალი კონცეპციაა, მოძრაობაა სიტყვიდან საგნამდე და უკან. იგი აღმოცენდა ჩემი შემოქმედებითი პრაქტიკიდან, გამოიარა ქაღალდის არიტექტურა და გადმოვიდა პედაგოგიურ მოღვაწეობაში". - შოთა ბოსტანაშვილი
მეტაკულტურის და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში სივრცე უპირველესად ტექსტია - კულტურათა დიალოგი და დიალოგის კულტურაა. მისი მიზანია არქიტექტურის, როგორც ხელოვნების სინთეზის მაორგანიზებელი ფენომენის რეაბილიტაცია. ამ თვალსაზრისით მეტაპოეტიკა აუქმებს ქრონოტოპულ საზღვრებს; ხუროთმოძღვრულ გენეზისს - სახეებით განსხვავებულებს - სახელებად წარმოადგენს: მასა, კედელი, სვეტი, კიბე, ჩარჩო, რიდე. პოეტიკის ნამუშევრების საწყის პერიოდში ჩართულები იყვნენ ერთგვარ თამაშებრივ ციკლში: დაბადება, დიალოგი, მეტამორფოზა, პარადოქსები, დასასრული. ეს გახლავთ კულტუროლოგიურ პრობლემათა ხუთი სახელი, რომელსაც 90-იანების დასაწყისში უთმობდა ყურადღებას შ. ბოსტანაშვილი.
არქიტექტურის პოეტიკა - ეს გახლავთ სივრცის თავგადასავალი კულტურაში და კერძოდ, ხუროთმოძღვრებაში.
კულტურის სივრცე სინათლის განვრცობით იწყება - “იყოს ნათელი” (დაბ. 1:3). 1. სივრცე არის “მყარი” (წყალთა წიაღში”) და “გამყოფი” (დაბ. 1:6). 2. სივრცე არის “ქვემოთ” და “ზემოთ” არსებულ წყლებს შორის (დაბ. 1:7). ხუროთმოძღვრების ვიტრუვიუსისეულ ტრიადაში (სარგებლიანობა, სიმყარე, სილამაზე), “მყარი” უკვე ცენტრალური ფიგურაა. “გამყოფი” (შინ/გარეთ) და “ზემოთ/ქვემოთ” (ჭერი / იატაკი) არქიტექტურის თანმდევი პარადიგმებია, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ესთეტიკის და პოეტიკის ტექსტებს. არქიტექტურის მეტაპოეტიკა რეფლექსიაა აღნიშნულ ტექსტებზე და ამავე დროს სივრცული სინთეზის ახალი პრაქტიკაა, პასუხია “დასასრულის” კრიზისული და პრაგმატული დროის პრობლემატიკაზე შეცვლილი პრობლემური ველის (ეპისტემე) პირობებში, გლობალიზაციის და ციფრული ტექნოლოგიების ზღურბლიდან (1990) მისი ოცწლიანი გამოცდილების ჩათვლით.
არქიტექტურის მეტაპოეტიკა იმ ვაკანსიების შევსებაა, რომლებიც გაჩნდნენ ფილოსოფიის და ესთეტიკის ადგილზე და შეცვალეს ცოდნის კონფიგურაცია. ამ ნიშნით შესაძლებელია მისთვის არქიტექტურის კულტუროლოგიაც გვეწოდებინა.
არქიტექტურის მეტაპოეტიკამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ინსტრუმენტარიებს (inter esse და ტრიადა: სახე, სახელი, სახლი) და კონცეპტებს, მათ შორის დიქოტომიას - ნაშენი/ნანგრევი - ბინარულ წყვილს, ოპოზიციებს, რომელიც არქიტექტურას არ ჰქონდა. ნანგრევი არის არა მხოლოდ საგნობრივი დესტრუქცია, არამედ მენტალური.
შოთა ბოსტანაშვილი
იერუსალიმის ხელოვნების ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია (1994); იერუსალიმის უნივერსიტეტი (1994); არქიტექტურის ინსტიტუტი (მოსკოვი, პეტერბურგი1999); არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალე (სოფია, 1997); სემიოტიკის პირველი საერთაშორისო კონფერენცია (ბათუმი, 2010); სტუ, ყოველკვირეული თემატური მასტერკლასი და ყოველწლიური ანგარიშები (1990 წლიდან დღემდე).
საგამოფენო პლანშეტები და პლაკატები; აუდიო და ვიდეოჩანაწერები, ორი სატელევიზიო გადაცემა (პირველი არხი 1991); ნახაზები, ესკიზები, მაკეტები.