თეიმურაზ ლოლაძე

თეიმურაზ ლოლაძე
(1920-2000)

თეიმურაზ ნიკოლოზის ძე ლოლაძე დაიბადა 1920 წლის 24 მაისს ქ. ქუთაისში. მამა - ნიკოლოზ ლოლაძე სრულიად ახალგაზრდა გმირულად დაიღუპა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. იგი დედამ, რუსული ენისა და ლიტერატურის ცნობილმა პედაგოგმა - პოლინა ლოლაძისამ აღზარდა.

1937 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის - სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებშივე ჩაება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, სადაც მისი პირველი მასწავლებლები იყვნენ სახელგანთქმული მეცნიერები, პროფესორები გ. გედევანიშვილი, გ. კასიანი და გ. გოცირიძე. 1942 წელს ინსტიტუტის წარმატებით დამთავრების შემდეგ შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის საავიაციო ქარხანაში, სადაც მუშაობდა საამქროს ტექნოლოგად, ოსტატად, საამქროს უფროსად და ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ. 1946-1949 წლებში თ. ლოლაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტი იყო. 1950 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გამოაქვეყნა მონოგრაფია “ბურბუშელის წარმოქმნა ლითონების წრის დროს”, რომელიც შემდგომ ითარგმნა და ბერლინში გამოიცა (1954 წ.). მეორე მონოგრაფია “მწრელი იარაღის ცვეთა” გამოქვეყნდა 1958 წელს, რომელიც მისი სადოქტორო დისერტაციის საფუძველი გახდა.

სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე თ. ლოლაძემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ლითონთა წრის პროცესის თანმხლებ მოვლენათა ფიზიკურ არსს. მის მიერ დამუშავებულმა წრის პროცესების მყისიერი ფიქსირების ორიგინალურმა მეთოდმა ფართო გამოყენება პოვა მსოფლიოს მრავალი სამეცნიერო-ლაბორატორიულ კვლევაში. თ. ლოლაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგად განვითარდა ლითონების წრის პროცესების მექანიკის, წრის დროს კონტაქტური მოვლენების, საიარაღო მასალების შექმნის, გახურებული ლითონების წრის, მასალათა აბრაზიული დამუშავების ახალი მეთოდები. მან შეიმუშავა მასალების წრით დამუშავების ტრიბოლოგია. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სხვადასხვა დანიშნულების მაღალმწარმოებლური ჩარხები და მანქანები, ახალი შენადნობები მწრელი იარაღისა და სამარჯვებისათვის, რომლებიც დანერგილია მრავალ მანქანათსაშენ და მეტალურგიულ ქარხანაში.

1958 წლიდან გარდაცვალებამდე თ. ლოლაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრას განაგებდა. ამ პერიოდში მან შექმნა მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლა, რომელმაც ფართო აღიარება პოვა საქართველოში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თ. ლოლაძემ მეცნიერთა და მკვლევართა მთელი პლეადა აღზარდა, რომლებიც ამჟამად ცალკეულ სამეცნიერო მიმართულებებს, კათედრებსა და დარგობრივ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებს ხელმძღვანელობენ. მის მიერ მომზადებულია 15 მეცნიერებათა დოქტორი და 40 კანდიდატი. თ. ლოლაძის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები ასახულია 180 სამეცნიერო ნაშრომში, მათ შორისაა, 9 მონოგრაფია, 80 საავტორო მოწმობა და 11 პატენტი, რომელთა დიდი ნაწილი გამოცემულია გერმანიაში, ინგლისში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვ.

თ. ლოლაძე 1961-1963 წლებში გაეროს ხაზით მივლინებული იყო ინდოეთში, ხოლო 1967-1969 წლებში ეგვიპტეში, სადაც ბომბეისა და მანსურიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში იყო იუნესკოს პროექტების ხელმძღვანელი და მთავარი ტექნიკური მრჩეველი. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ 1971 წლამდე მუშაობდა მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის საპროექტო-ტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.

1971-1980 წლებში თ. ლოლაძე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, ხოლო 1981-1988 წლებში - რექტორი. ამ მაღალ თანამდებობებზე ნათლად წარმოჩინდა თ. ლოლაძის, როგორც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დიდი ორგანიზატორის, ნიწი და უნარი.

ამ პერიოდში უმთავრესი ყურადღება ექცეოდა სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მართვის სრულყოფას, ფაკულტეტებისა და კათედრების სასწავლო-ლაბორატორიული ბაზის გაფართოებასა და გაძლიერებას, ახალი სახელმძღვანელოების შექმნას, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ყოფილი სსრკ-ის უმაღლესი სასწავლებლებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან ახალგაზრდა ნიწიერ მეცნიერთა ეროვნული კადრების მოწვევას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საინჟინრო სპეციალობების კათედრათა ფილიალების შექმნა ქვეყნის წამყვან სამრეწველო საწარმოებში; კერძოდ, ასეთი იყო ელექტრული მანქანების კათედრის ფილიალი საწარმოო გაერთიანება “ელექტროაპარატში”, საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის ფილიალი საწარმოო-ტექნიკურ გაერთიანება “ავტოტრანსტექნიკაში”, მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის სამეცნიერო-საწარმოო უბნები რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, გაერთიანება “ჩარხმშენებელში”, თბილისის ინსტრუმენტულ და საავიაციო ქარხნებში და სხვ.

ამ პერიოდში სასწავლო პროცესში დაიწყო კომპიუტერული ტექნიკის ფართო დანერგვა. ფაკულტეტების მიხედვით ჩამოყალიბდა საინფორმაციო-კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან სინთეზირებული საინჟინრო პროფილის კათედრები, რამაც ხელი შეუწყო კომპიუტერული წიგნიერების განვითარებას ტექნიკურ დისციპლინებში.

თ. ლოლაძის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ნათელი ფურცელია მისი ინიციატივით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დაარსება და ილია წავწავაძის კაბინეტის გახსნა. ამ პერიოდში დაარსდა ლიტერატურული ალმანახი “პარალელი”.

1979-1988 წლებში თ. ლოლაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა დედამიწისა და კოსმიური ბაზირების რადიოტელესკოპების დიდგაბარიტიანი ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების უნიკალური გამოსაცდელი კომპლექსი და ჩამოყალიბდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, რომელმაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური საკონსტრუქტორო ბიუროდან მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო ცენტრად იქცა. თ. ლოლაძე იმავდროულად აქტიურად მონაწილეობდა უნიკალური დიდგაბარიტიანი რადიოტელესკოპებისა და სხვა სპეციალური კონსტრუქციების დამუშავებაში. ამავე პერიოდში თ. ლოლაძის ხელმძღვანელობით ინტენსიურად ვითარდებოდა კოსმიური კნიოგენული მანქანათმშენებლობა, რის შედეგადაც შეიქმნა უნიკალური დგუშიანი მიკრომანქანები, მათ შორის მრავალჯერადი გამოყენების კოსმიურ ხომალდ “ბურანზე” დადგმული თხევადი ჟანგბადის მოწყობილობა ორიგინალური ტუმბოთი. შედეგად 1984 წელს ლაბორატორიას კოსმიური კრიოგენიკის მოთავე ორგანიზაციის სტატუსი მიენიწა.

შემდგომში ეს ორივე სამუშაო საქართველოს სახელმწიფო პრემიით აღინიშნა.

თ. ლოლაძის ინიციატივითა და აქტიური დახმარებით ჩამოყალიბდა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრონული მიკროსკოპიის, მიკროელექტრონიკისა და მიკროელექტრონული ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვნად გააქტიურდა საპატენტო და სალიცენზიო სამსახური. ლიცენზიები გაიყიდა საზღვარგარეთ. საგრძნობლად გაფართოვდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის მასშტაბები.

განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების საქმიანობამ, რომელსაც ყოფილი სსრკ-ს უმაღლეს სასწავლებლებს შორის, მრავალი წლის მანძილზე უპირველესი პოზიციები ეკავა, ხოლო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სასწავლო-პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის მიხედვით აღიარებულ იქნა ერთ-ერთ უძლიერეს უმაღლეს სასწავლებლად, რაც არაერთხელ აღინიშნა მთავრობის მიერ.

მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის თ.ლოლაძეს 1966 წელს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიწა. 1974 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1979 წელს - ნამდვილ წევრად. თ. ლოლაძემ უდიდესი ღვაწლი გასწია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საინჟინრო პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერთა მწიდრო საქმიანი თანამშრომლობის საქმეში.

თ. ლოლაძე მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის, სიმპოზიუმისა და კონფერენციის ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე იყო.

1978 წელს არჩეულ იქნა კოშიცეს (ჩეხოსლოვაკია) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის, 1982 წელს დრეზდენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის, 1996 წელს ხარკოვის (უკრაინა) ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 1966 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მანქანათმშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების (ჩIღP) ნამდვილი წევრი, 1983 წლიდან აშშ-ს ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი. თ.ლოლაძემ 1992 წელს სხვა ქართველ მეცნიერებთან ერთად დააფუძნა საქართველოს საინჟინრო აკადემია. იგი სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და მანქანათმშენებლობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. წლების მანძილზე იღვაწა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრად.

თ. ლოლაძის, როგორც რექტორის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენდა ინსტიტუტის სასწავლო კორპუსების კეთილმოწყობისა და მშენებლობის საქმე. ექსპლუატაციაში შევიდა VIII სასწავლო კორპუსი, კალათბურთის დარბაზი, ლესელიძის სტუდენტთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბაზა, სოხუმის ფაკულტეტის სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან ერთად. ამოქმედდა ლოწინის დამხმარე მეურნეობა, საწარმოო ბაზა; გაფართოვდა პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობა; თბილისის შემოგარენში გამოყოფილ იქნა ტერიტორიები ინდივიდუალური მეურნეობის მოსაწყობად; განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია სტუდენტთა მხატვრულმა შემოქმედებამ და სპორტმა.

მეცნიერებისა და ტექნიკის, საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში მოპოვებული თვალსაჩინო მიღწევებისათვის თ. ლოლაძე მრავალი ორდენითა და მედლით იყო დაჯილდოებული, მათ შორის - ღირსების ორდენით (1997 წ.). დაბადების 80 წლისთავზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბწოს გადაწყვეტილებით იგი გიორგი ნიკოლაძის მედლით დაჯილდოვდა.

პრეზიდენტის მისალოცის ტექსტი

მიუხედავად ხანდაზმულობისა, თ. ლოლაძე ენერგიულად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა ჰქონდა ჩაფიქრებული, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინებას მოხმარდებოდა. სამწუხაროდ, ეს არ დაცალდა. ღირსეული მამულიშვილი, დიდი მეცნიერი, მოაზროვნე და აღმზრდელი, აკადემიკოსი თეიმურაზ ლოლაძე 2000 წლის ივნისში გარდაიცვალა. 

ბანერები