არჩილ ძიძიგური

არჩილ ძიძიგური 
(1914-1997)

არჩილ ამბროსის ძე ძიძიგური დაიბადა 1914 წლის 15 აგვისტოს ქ. ქუთაისში პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახში. საშუალო სკოლა დაამთავრა 1932 წელს ქ. თბილისში და ჩაირიცხა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე, რომელიც 1938 წელს დაამთავრა. 1939-41 წლებში სწავლობდა დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1945 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1946 წელს დოცენტის თანამდებობაზე აირჩიეს.

1952-57 წლებში განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებას, რომლის ბაზაზეც მისი ინიციატივით 1957 წ. ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის (შემდგომ გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტი), რომლის პირველი დირექტორიც თვითონ იყო 1973 წლამდე. 1958 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად და 1960 წ. მიენიწა პროფესორის წოდება.

1961 წელს ა.ძიძიგური აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1969 წელს - ნამდვილ წევრად.

1964 წელს მიენიწა საქართველოს მეცნიერებისადა ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1968-70 წ.წ. განაგებდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარებისა და ტრანსპორტის კათედრას.

1973 წელს აკადემიკოსი ა. ძიძიგური დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად. ამ მაღალ თანამდებობაზე იგი 1981 წლამდე მუშაობდა. აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვანად გაფართოვდა და გაძლიერდა ინსტიტუტი. იგი უმაღლესი საინჟინრო განათლებისა და ტექნიკური მეცნიერების ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრად იქცა. გაიხსნა ფაკულტეტები და კათედრები, გაიზარდა სტუდენტთა კონტინგენტი. აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა VI სასწავლო კორპუსი, სადაც განთავსდა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ფუნდამენტურ და ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა საუნივერსიტეტო კათედრები, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ლაბორატორიები. კაპიტალურად შეკეთდა VII სასწავლო კორპუსი, სადაც ბინა დაიდო “ავტომექანიკურმა” ფაკულტეტმა. ინსტიტუტთან ახლოს საბურთალოზე მწყობრში ჩადგა სტუდენტთა 16 სართულიანი საერთო საცხოვრებელი. დაიწყო VIII სასწავლო კორპუსის მშენებლობა ენერგეტიკის ფაკულტეტისათვის. საფუძველი ჩაეყარა გეოლოგიის ფაკულტეტის IX სასწავლო კორპუსისა და უნიკალური შახტ-ლაბორატორიის მშენებლობას. მნიშვნელოვანად გაფართოვდა სოხუმში, ბათუმში, ცხინვალში, რუსთავში, თელავში, წიათურაში, ტყიბულსა და ფოთში არსებული ფაკულტეტებისა და პუნქტების სასწავლო-ლაბორატორიული ბაზები. ავწალაში მწყობში ჩადგა უახლესი ტექნიკით აღწურვილი სამხედრო მომზადების კათედრა - კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი სასწავლო კომპლექსი.

რექტორატი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ სტუდენტთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საქმეს. ინსტიტუტის პოლიკლინიკა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღწურვილ ახალ შენობაში განთავსდა. ექსპლუატაციაში შევიდა კიკეთის დედათა და ბავშვთა დასასვენებლი ბაზა. საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა სპორტულ-გამაჯანსაღებული კომპლექსის მშენებლობას ლესელიძეში. ფართო მაშტაბები მიიღო პროფესორ-მასწავლებელთა საბინაო მშენებლობამ. ტრადიციად იქცა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრები ცნობილ მწერლებთან, მეცნიერებთან, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეებთან. შრომითი სემესტრები სტუდენტური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

აკადემიკოსი ა. ძიძიგური 1978-1988 წ.წ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, 1988 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - ამავე პრეზიდიუმის მრჩეველი. 1978 წ. მისი ინიციატივით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან ჩამოყალიბდა საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო გარდაცვალებამდე.

აკადემიკოსი ა. ძიძიგური სამთო საქმის, კერძოდ, სამთო მექანიკის, სტაციონარული მანქანებისა და ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი, სამთო მექანიკოსთა ეროვნული სკოლის ფუძემდებელი და მისი აღიარებული ხელმძღვანელი იყო. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავდა სამთო საქმის თითქმის ყველა მიმართულებას. ა. ძიძიგურის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულდა ფუნდამენტური გამოკვლევები საშახტო სტაციონარული დანადგარების, საშახტო ჰიდროაერომექანიკისა და სავენტილაციო სისტემის, სამთო თბოფიზიკის, მილსადენი ტრანსპორტისა და მრავალფაზოვანი ნაკადების, საბურღი დანადგარების რეჟიმების აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად.

დიდია აკადემიკოს ა. ძიძიგურის დამსახურება საქართველოს სამთამადნო მრეწველობის განვითარებაში. იგი მუდამ აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოში არსებული ყველა მნიშვნელოვანი სამთო ობიექტის დაპროექტებასა და ათვისებაში, რისთვისაც თავის მოწაფეებთან ერთად 1973 წ. მიენიწა საქართველოს სახელმწიფო პრემია, რომელიც მას ავტორთა კოლექტივთან ერთად განმეორებით მიენიწა 1993 წელს, როგორც “შახტ-ლაბორატორიის” მთავარ მეცნიერ-კოლსუნტანტს.

ა. ძიძიგურის უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნასა და განვითარებაში, რისთვისაც მას სხვა გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად 1974 წ. გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია მიენიწა. იგი დღიდან ჩამოყალიბებისა, იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ა. ძიძიგური 300-ზე მეტი გამოქვეყნებული მეცნიერული შრომის ავტორია, მათ შორისაა 10 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო და 40-ზე მეტი გამოგონება. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულია 40-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია.

ა. ძიძიგური მრავალი საერთაშორისო კონგრესის, სიმპოზიუმისა და კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე იყო. მისი მოხსენებები სამთო მეცნიერის აქტუალურ პრობლემებზე ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. მის მაღალ მეცნიერულ ავტორიტეტზე ისიც მეტყველებს, რომ ა. ძიძიგური სამთო საქმის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ბრძანდებოდა.

ა. ძიძიგური არა მხოლოდ გამოჩენილი მეცნიერი და სამთოელთა არაერთი თაობის ამღზრდელი, არამედ ფართო პროფილის საზოგადო მოღვაწეც გახლდათ. იგი არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბწოს დეპუტატად.

1980 წელს ა. ძიძიგური ქ. ბათუმის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

ა. ძიძიგურის, როგორც მეცნიერისა და უმაღლესი სკოლის დიდი ორგანიზატორის სამეცნიერო-პედაგოგიური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა ქვეყნის უმაღლესი ხარისხის (ლენინის, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობისა და საპატიო ნიშნის) ორდენებითა და მედლებით იყო აღნიშნული; დაჯილდოვდა საზოგადოება “ცოდნის” წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის აკადემიკოს ნ. ვავილოვის სახელობის ოქროს მედლით.

აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური გარდაიცვალა 1997 წელს.

ბანერები