არტემ ბოჯგუა

არტემ ბოჯგუა
(1902-1957)

არტემ პეტრეს ძე ბოჯგუა დაიბადა 1902 წლის 11 მაისს სენაკის მაზრის სოფელ ზანაში. 1920 წელს დაამთავრა სენაკის დაწყებითი სასწავლებელი და 1923 წლამდე მუშაობდა სოფლად. შემდეგ ჩამოვიდა თბილისში და 1924-1925 წლებში კავალერისტთა პოლკში მსახურობდა. 1925-1927 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ნავთის სატუმბ განყოფილებაში უბნის უფროსად. 1930 წელს ჩაირიცხა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე, რომელიც 1934 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში დამპროექტებლის თანამდებობაზე.

1937 წლის აგვისტოში ა. ბოჯგუა დაინიშნა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორად, სადაც 1949 წლემდე მუშაობდა. 1946 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1947 წელს დოცენტის წოდება მიენიწა. იგი სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამთო მანქანებისა და ტრანსპორტის კათედრაზე.

ფასდაუდებელია ა. ბოჯგუას ღვაწლი და დამსახურება ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზების შექმნისა და განვითარების საქმეში. ამ დროისათვის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო კორპუსები ქ. თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარეობდა. კათედრები, სასწავლო აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები, სხვადასხვა დანიშნულების სტრუქტურული ქვედანაყოფები ძირითადად ერთმანეთისგან საკმაოდ დაცილებულ არსენალის მთასა და სამოსწავლო შესახვევში (ამჟამად უშანგი ჩხეიძის ქ. ¹1) მდებარე ძველ შენობებში იყო განთავსებული, რაც ხელს უშლიდა სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მართვის ნორმალურად წარმართვას. ქვეყნის ინდუსტრიალიზაციასთან ერთად სულ უფრო იზდებოდა საინჟინრო სპეციალობისადმი დაუფლებისკენ ახალგაზრდობის სწრაფვა, ყალიბდებოდა ახალი საინჟინრო დარგები, საფუძველი ეყრებოდა იმ დროისათვის უახლეს სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს. ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობითი პროცესი სულ უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებდა ინსტიტუტს საინჟინრო კადრების მომზადებისა და მეცნიერულ გამოკვლევათა გაფართოების მიმართულებით. 40-იანი წლების დასარულს სახელმწიფოში არსებული რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების მიუხედავად საქართველოს მთავრობამ ინსტიტუტის დირექტორს - ა. ბოჯგუას დაავალა შესაბამის უწყებებთან ერთად სათავეში ჩასდგომოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პერსპექტიული განვითარების გეგმის დამუშავების და ინსტიტუტის ერთიანი სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის ასაშენებლად შესაფერისი ადგილის შერჩევის საქმეს. მთავრობის ამ ურთულეს დავალებას ა. ბოჯგუამ ღირსეულად გაართვა თავი. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომლის წევრების, ცნობილი ხუროთმოძღვრის - მიხეილ შავიშვილისა და პროექტის მთავარი ინჟინრის, გეოდეზიის კათედრის ახალგაზრდა ასისტენტის - ნიკოლოზ თევზაძის განსაკუთრებული თავდადებისა და დაუღალავი ენთუზიაზმის შედეგად დამუშავდა ინსტიტუტის პერსპექტიული განვითარების გეგმა და მშენებლობის პროექტი. კომისიის მიერ შერჩეულ იქნა საბურთალოს ტერიტორია, სადაც ამჟამად განლაგებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მშენებლობა დაიწყო 1938 წელს. მის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასწავლო-ლაბორატორიული კორპუსის მშენებლობა 1952 წელს მაინც დასრულდა და იქ ბინა დაიდო სამთო ფაკულტეტმა.

აღსანიშნავია ა. ბოჯგუას განსაკუთრებული ზრუნვა ინსტიტუტის კათედრების უახლესი აპარატურითა და მოწყობილობა-დანადგარებით აღწურვისადმი. მიუხედავად ომის უმძიმესი პერიოდისა, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასობით სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ინსტიტუტის მეცნიერთა კვლევის შედეგებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის გამტკიცებას საქმეში. სწორედ ომის წლებში ტექნიკური უმაღლესი სკოლის წინაშე დიდი დამსახურებისათვის ა. ბოჯგუამ მიიღო სახელმწიფოს მაშინდელი უმაღლესი ჯილდო - ლენინის ორდენი.

1947 წელს ა. ბოჯგუას დირექტორობის პერიოდში აღინიშნა ინსტიტუტის დაარსების 25 წლისთავი, იგი შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა და ეწოდა «საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი».

1949-1951 წლებში ა. ბოჯგუა მიავლინეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტის დოქტორანტურაში. 1951 წლიდან მუშაობდა ქ. მოსკოვში საკავშირო ქვანახშირის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგედ, სადაც რამდენიმე საავტორო მოწმობის მფლობელი გახდა. 1956 წელს დაბრუნდა სამშობლოში და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც დიდი პატივისცემით შეხვდნენ.

ა. ბოჯგუა მუდამ გამოირჩეოდა დაუღალავი ენერგიითა და შრომის მოყვარეობით, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიმართ გულისხმიერებით, ყურადღებითა და კეთილმოსურნეობით. მისი დიდი ღვაწლი ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღინიშნა ორდენებითა და მედლებით.

ა. ბოჯგუა გარდაიცვალა 1957 წელს შემოქმედებითი სიმწიფის ხანაში. 

ბანერები