ისტორია

საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შედეგად 2007 წელს განხორციელდა ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი.
ენერგეტიკის დარგში, ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებას საფუძველი ჩაეყარა 1922 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, რომლის პირველი დეკანი იყო საქართველოში ელექტროტექნიკური მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებელი პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე. იმ პირველ ათ ქართველ ინჟინერთა შორის, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი დაამთავრეს 1928 წელს, ხუთს - ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია მიენიჭა.
ენერგეტიკის ფაკულტეტის დამოუკიდებლად არსებობა, 1928 წლიდან გაგრძელდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი დაარსების სათავეებთან იდგნენ გამოჩენილი მეცნიერი და სწავლული ინჟინრები; პროფესორები: ალექსანდრე დიდებულიძე, ბესარიონ ჭიჭინაძე, ალექსანდრე მუსხელიშვილი, სტეფანე ყირქესალი, არტემი ტერ-ხაჩატურიანი, ლევან ხიზანიშვილი, ევგენი პეტკევიჩი და სხვ.
არსებობის მანძილზე ფაკულტეტმა 25000-ზე მეტი სპეციალისტი მოამზადა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგებისათვის, ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებისა და წინსვლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სხვადასხვა დროს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე მომუშავე პირებს: პროფ. ა. ტერ-ხაჩატუროვს, ინჟინერ ვ. კარახანიანს, ინჟინერ ვ. არშბას, პროფ. ა. დიდებულიძეს, ინჟინერ პ. კიკნაძეს, ინჟინერ ა. მეტონიძეს, დოც. მ. კასიანს, დოც. გ. მახარაძეს, დოც. გ. კუპრაძეს, პროფ. ა. კოტიას, დოც. ო. ასათიანს, პროფ. ნ. ნინუას. პროფ. ო. კერვალიშვილს, დოც. ნ. წივწივაძეს, პროფ. დ. ლაოშვილს, ამჟამად ფაკულტეტს ხელმძღვანელობს პროფ. გ. არაბიძე.
საქართველოს ენერგეტიკული სისტემა და უმნიშვნელოვანესი სამრეწველო საწარმოთა ელექტროტექნიკური სამსახური, მთლიანად ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეცაილისტებითაა დაკომპლექტებული.
კავშირგაბმულობის დარგის ინჟინრების მომზადებას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა 1970 წელს, როდესაც შეიქმნა კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი, რომელიც 1974 წელს კავშირგაბმულობის ფაკულტეტად გარდაიქმნა. ფაკულტეტს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: პროფ. შ. რაზმაძე, პროფ, ა. კერესელიძე, პროფ. თ. კუპატაძე.
ამჟამად ფაკულტეტი აერთიანებს ოთხ დეპარტამენტს: ტელეკომუნიკაციის, თბო და ჰიდროენერგეტიკის, ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკის და საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტებს. სწავლება მიმდინარეობს აკადემიური პროგრამების სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, ხოლო უმაღლესი პროფესიული სწავლების ორ - მეოთხე და მეხუთე საფეხურებზე.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო-კვლევითი და ერთი სასწავლო ცენტრი „შნეიდერ ელექტრიკ-თელასი“.
სტუდენტებს ემსახურება თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია კომპიუტერული კლასებითა და მოდელირებული კომპიუტერული პროგრამებით, აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნილი ვირტუალური ლაბორატორიები.
ფაკულტეტზე სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიბლიოთეკით, რომლის წიგნადი ფონდი დაკომპლექტებულია თანამედროვე სახელმძღვანელოებით და დამხმარე ლიტერატურის დიდი არჩევანით, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე (ბეჭდვითი და ელექტრონული სახით).
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ბიბლიოთეკებით.
სტუდენტების განათლებაზე ზრუნავენ: 41 სრული, 58 ასოცირებული, 20 ასისტენტ-პროფესორი, 47 ლაბორანტი და 12 სპეციალისტი.
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და ინჟინრები, რომლებმაც თავიანთი მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცივილიზაციის განვითარების საქმეში: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ფუძემდებელი და ყოფილი პირველი პრეზიდენტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე პროფესორი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი ხალილოვი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსიები: ვახტანგ გომელაური და ვახტანგ ჭიჭინაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი შოთა ლუტიძე, ელექტრული მანქანების მთავარი კონსტრუქტორი ლოდოჩნიკოვი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბორის ტიმოფეევი.