საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“

საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“

01-10-2018 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“, რომელიც ეძღვნება ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება, მონიტორინგი, რისკების შეფასება და მართვა.
 
ხუთდღიან საერთაშორსო კონფერენციას 22 ქვეყნის 200-მდე მეცნიერი და მკვლევარი შეუერთდა, მათ შორის UNESCO-ს ექსპერტებიც. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ  საქართველოს სამთავრობო უწყებების - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროების, ასევე,საქართველოს მთავრობასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
 
სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის საერთაშორისო მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რაც მსოფლიო საზოგადოების წინაშე ღვარცოფული კატასტროფების მართვისა და პროგნოზირების კუთხით დგას.  
 
„ღვარცოფული პრობლემები გლობალურია და ჩვენს ქვეყანასაც ეხება. შესაბამისად, ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები განიხილავენ და ახლებურად გაიაზრებენ იმ რისკებსა და პროგნოზებს, რაც ღვარცოფული მოვლენების თანმდევია და ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებასა და ინფორმაციას რისკების მართვის უახლეს სისტემებზე. ეს კი უდავოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მასშტაბით. ამ მიმართულებით საქართველოში მე-19 საუკუნიდან მიმდინარეობს კვლევები, შეიქმნა არაერთი ინსტიტუტი, მათ შორის წყალთა მეურნეობის და ჰიდრომეტეოროლოგიის. ისინი მრავალი წელია შეისწავლიან ამ პრობლემებს და საერთაშორისო თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დააგროვეს. ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო კვლევებში და დაამყაროს ახალი სამეცნიერო და კვლევითი კონტაქტები“, -  აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.  
 
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, მისი სამსახურისთვის მნიშვნელოვანია კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
 
„ღვარცოფები და მათგან მომდინარე პრობლემები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რისკების შკალაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტულია სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა და მკვლევარების ჩართვა საგანგებო სიტუაციების მართვაში. მითუმეტეს, რომ ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს სამსახურის საქმიანობაში სამეცნიერო წრეების ჩართულობასა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნას. იმედი გვაქვს, რომ ამ ხუთი დღის მანძილზე და შემდეგაც, საინტერესო სამუშაო გველის“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
 
ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, მოსკოვის ლომონოსივის სახ. უნივერსიტეტის პროფესორის სერგეი ჩერნომორეცის თქმით, ეს პირველი უდიდესი საერთაშორისო კონფერენციაა, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემის ირგვლივ მრავალი ქვეყნის 200-მდე მეცნიერისა და მკვლევარის მობილიზება შეძლო.  
 
„კონფერენციის სახელწოდება მრავლისმეტყველია და კარგად გამოხატავს მსოფლიოს წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებს. დარწმუნებული ვარ, ეს საერთაშორისო ღონისძიება საფუძველს ჩაუყრის არაერთ ახალ იდეას, ახალ პროექტსა და დისკუსიას. ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გვეძლევა, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიაროთ. რაც მთავარია, სამეცნიერო თვალსაზრისით ჩვენი შეკრება ძალიან საინტერესო იქნება, განსაკუთრებით კი - კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი გასვლითი სემინარები”, - განაცხადა სერგეი ჩერნომორეცმა.
 
კონფერეციის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას, ასევე, მიმართეს სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახ. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. გივი გავარდაშვილმა, სორბონის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფ. ვენსან ჟომელმა, მთის საშიშროებათა და გარემოს დაცვის ჩინეთის აკადემიის ჩუნჩისკის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფ. ფანგქ იანგ ვეიმ და UNESCO-ს ექსპერტმა, პროფ. კრისტინ ტოვმასიანმა.
 
ღონისძიების პირველივე დღეს, ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა სამეცნიერო ნაშრომთა 700-გვერდიანი ილუსტრირებული კრებული, რომელიც სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახ. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით, კონფერენციის მხარდაჭერის მიზნით გამოიცა.
 
კონფერენციის მსვლელობის პერიოდში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო აქტივობა, მათ შორის: UNESCO-ს სესია ღვარცოფულ პრობლემებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და წევრები. ასევე, 4-5 ოქტომბერს, კონფერენციის მონაწილეებისათვის  ჩატარდება პროფესიული ექსკურსია-სემინარი საქართველოს ღვარცოფული ტიპის ისეთ აქტიურ მდინარეებზე, როგორიცაა: დურუჯი, თელავის ხევი, არაგვი და თერგი.
 
საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას 5 ოქტომბერს დაასრულებს.

 

სიახლეებში დაბრუნება