სტუ
20/07/2026

ენერგეტიკის ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე 2026  წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, მათი ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.

„არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, ოცნება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა“ - ამ სიტყვებით მიმართა კურსდამთავრებულებს   ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ. მან უკვე ყოფილ სტუდენტებს  სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვა. 

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო,

დღეს განსაკუთრებული დღეა - დღე, როდესაც ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება და ახალი, კიდევ უფრო საინტერესო გზა იწყება. როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, მინდა თითოეულ თქვენგანს გულით მოგილოცოთ ეს წარმატება. ამ წლების განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ ცოდნა და პროფესიული უნარები შეიძინეთ, არამედ ისწავლეთ პასუხისმგებლობა, შრომის ფასი, გუნდური მუშაობა და მიზნისკენ შეუპოვრად სვლა. ჩვენთვის ყოველთვის დარჩებით ენერგეტიკის ფაკულტეტის დიდი ოჯახის წევრებად. გვეამაყება თქვენი თითოეული წარმატება და გვჯერა, რომ თქვენი ცოდნა, პროფესიონალიზმი და ღირსეული დამოკიდებულება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში.

არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, ოცნება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. გახსოვდეთ, უნივერსიტეტის კარი თქვენთვის ყოველთვის ღია იქნება და აქ ყოველთვის გელოდებათ ადამიანები, რომლებსაც თქვენი წარმატება გულწრფელად ახარებთ. გისურვებთ პროფესიულ წარმატებას, ღირსეულ კარიერას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და იმ ძალას, რომელიც ყველაზე რთულ გზაზეც კი წინსვლის მოტივაციას მოგცემთ. ბედნიერი მომავალი თქვენ! და კიდევ ერთხელ - გულითადად გილოცავთ უმაღლესი განათლების მიღებას!“ - პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე 

საზეიმო საღამოს განსაკუთრებული ემოციური განწყობა ახლდა. კურსდამთავრებულებმა  მადლობა გადაუხადეს ლექტორებსა და მშობლებს მხარდაჭერისთვის. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით, სამახსოვრო ფოტოების გადაღებითა და კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.