სტუ

ენერგეტიკისა  ფაკულტეტის ისტორია 


ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველთა საფუძველია. სწორედ ენერგეტიკის განვითარების დონით განისაზღვრება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა (როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე), და საერთოდ, ამ ქვეყნის ადგილი და როლი მსოფლიო თანამეგობრობაში. 

ენერგეტიკის დარგში ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებას საფუძველი ჩაეყარა 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, რომლის პირველი დეკანი იყო საქართველოში ელექტროტექნიკური მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებელი, პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე. ამ დროისათვის პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამი განყოფილებისაგან შედგებოდა - სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო განყოფილებები. თავის მხრივ მექანიკური განყოფილება ელექტრომექანიკური,  ჰიდრომექანიკური და თერმომექანიკური სპეციალობებით იყო წარმოდგენილი. 

1922 წლის 16 იანვარს, პოლიტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს პირველი ლექცია მათემატიკაში ანდრია რაზმაძემ წაუკითხა. ამავე წლის სექტემბრიდან, პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე შესვლის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ აუცილებელი გახდა მისაღები გამოცდების შემოღება (უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტზე მისაღები გამოცდები არ ტარდებოდა). პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე საკონკურსო საგნები იყო ალგებრა, გეომეტრია და ტრიგონომეტრია.  ამით დაიწყო სასწავლო პროცესი ქართული საინჟინრო კადრების მოსამზადებლად. იმ პირველ ათ ქართველ ინჟინერთა შორის, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი დაამთავრეს 1928 წელს, ხუთს - ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია მიენიჭა. 

ენერგეტიკის ფაკულტეტის დამოუკიდებლად არსებობა 1928 წლიდან გაგრძელდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი დაარსების სათავეებთან იდგნენ გამოჩენილი მეცნიერი და სწავლული ინჟინრები; პროფესორები: ალექსანდრე დიდებულიძე, ბესარიონ ჭიჭინაძე, ალექსანდრე მუსხელიშვილი, სტეფანე ყირქესალი, არტემი ტერ-ხაჩატურიანი, ლევან ხიზანიშვილი, ევგენი პეტკევიჩი და სხვ. 

არსებობის მანძილზე ფაკულტეტმა 30000-ზე მეტი სპეციალისტი მოამზადა ენერგეტიკის დარგისთვის. ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებისა და წინსვლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სხვადასხვა დროს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე მომუშავე პირებს: პროფ. ა. ტერ-ხაჩატუროვს, ინჟინერ ვ. კარახანიანს, ინჟინერ ვ. არშბას, პროფ. ა. დიდებულიძეს, ინჟინერ პ. კიკნაძეს, ინჟინერ ა. მეტონიძეს, დოც. მ. კასიანს, დოც. გ. მახარაძეს, დოც. გ. კუპრაძეს, პროფ. ა. კოტიას, დოც. ო. ასათიანს, პროფ. ნ. ნინუას. პროფ. ო. კერვალიშვილს, დოც. ნ. წივწივაძეს, პროფ. დ. ლაოშვილს და პროფ. გ. არაბიძეს, პროფესორ ლენა შატაკიშვილს. საქართველოს ენერგეტიკული სისტემა და უმნიშვნელოვანესი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო საწარმოთა ელექტროტექნიკური სამსახური, მთლიანად ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეცილისტებითაა დაკომპლექტებული.

ამჟამად ფაკულტეტს ხელმძღვანელობს პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე.

ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით აგრძელებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორიო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი, შრომის თავისუფალ ბაზარზე კონკურენტუნარიანი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები, საქართველოში მდგრადი და ეფექტური ენერგეტიკული ბაზის ჩამოყალიბების, ენერგეტიკული სისტემების და ობიექტების ოპტიმალური მართვისა და განვითარების, ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებისა და მისი ეტაპობრივი განხორციელების,  ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე  საინჟინრო-ტექნიკურ, ეკონომიკური, სამართლებრივი და გარემოსდაცვითი პროცესების, ადგილობრივი სათბობ-ენერგეტიკული რესურსებისა და ენერგიის განახლებადი წყაროების მასშტაბური გამოყენების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის და ენერგოდამზოგი ღონისძიებების პრაქტიკული რეალიზების, საქართველოში ელექტრო, ჰიდრო და თბოენერგეტიკის, ენერგოსისტემისა და სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების, თანამედროვე ენერგეტიკული დანადგარებისა და სამილსადენო სისტემების მუშაობის, სათბობ-ენერგეტიკული დარგების მენეჯმენტის, ელექტროტექნიკის, ელექტრომექანიკის, ენერგეტიკული დანადგარების დიაგნოსტიკის, ელექტრონიკის, ელექტრული ტექნოლოგიების და ელექტრომომარაგების მიმართულებით. 

ენერგეტიკის ფაკულტეტზე  სწავლება მიმდინარეობს უმაღლესი აკადემიური განათლების სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. 

1. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
2. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
3. საინჟინრო მენეჯმენტი
ავტორიზებულ რეჟიმში ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია (რუსულენოვანი )
 მაგისტრატურა
1. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
2. ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტი და ინდუსტრიული პოლიტიკა
დოქტორანტურა
 1. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
2. ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტი
ფაკულტეტზე არსებული საბაკლავრო პროგრამა „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ მზადდება ამერიკული საინჟინრო ტექნოლოგიების ბორდის (ABET) აკრედიტაციის მისაღებად. 

ფაკულტეტზე ასევე მოქმედებს პროფესიული მომზადების პროგრამა მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი. ავტორიზაციის პროცესშია დაბალი ძაბვის ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით ფაკულტეტზე მომზადდა და ფუნქციონირებს ოთხი მოკლევადიანი პროფესიული  გადამზადების პროგრამა. ეს პროგრამებია:
1. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟი (მზის თერმული სისტემების მონტაჟი);
2. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟი (მზის  ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი);
3. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული და თბური ტუმბოების სისტემების მონტაჟი);
4. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟი (მცირემასშტაბიანი ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი).

ფაკულტეტი წარმოდგენილია ექვსი დეპარტამენტით:
 
1. თბოენერგეტიკის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ენერგოაუდიტის 
დეპარტამენტი (№201). 
2. საწარმოო ინივაციების და ოპერაციათა მენეჯმენტის 
დეპარტამენტი (№202). 
3. ელექტროენერგეტიკისა და ელექტრომექანიკის 
დეპარტამენტი (№203). 
4. ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის 
დეპარტამენტი (№204). 
5. ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების 
დეპარტამენტი (№205); 
6. ჰიდროენერგეტიკისა და   მაგისტრალური სამილსადენო სისტემათა 
დეპარტამენტი (№208). 

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზა, რამაც ხელი შეუწყო საგანმანათლებლო პროგრამებში ახალი ლაბორატორიული დისციპლინების ჩართვასა და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების წარმატებით განხორციელებას. 

სს „თელასის“ და ფირმა „Schneider Electric”-ის მიერ დაფუძნდა სასწავლო ცენტრი „Schneider Electric   Telasi“, რომლის მიზანია ბაკალავრებისა და მაგისტრების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება, სპეციალისტების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. სასწავლო-ცენტრი აღჭურვილია ფრანგული კომპანიის მიერ წარმოებული უახლესი ელექტრომოწყობილობებით და აპარატურით. იგი საშუალებას იძლევა გამოკვლეული იქნეს ელექტრომომარაგების მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელებში არსებული პრობლემები და დასახულ იქნეს მათი გადაწყვეტის გზები, რაც ხორციელდება ცენტრში მოქმედი “ელექტროტექნოლოგიური დანადგარების ავტომატური მართვის სისტემებისა და ავტომატიზებული ელექტროამძრავის“, „ელექტრომომარაგების დაბალი ძაბვისა“ და „ელექტრომომარაგების საშუალო ძაბვის“ სამი სასწავლო ლაბორატორიის ბაზაზე და სადაც 150-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარებაა შესაძლებელი ელექტროსისტემის ნებისმიერი სახის რეჟიმისათვის. ცენტრი რეგიონალური მნიშვნელობისაა, იგი უზრუნველყოფს საქართველოსა და ამიერკავკასიის მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ენერგეტიკოსების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. 

ავსტრიული კომპანია HERZ Armaturen-ის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ერთიანი საფაკულტეტო ლაბორატორიული კომპლექსის (ცენტრის) ფარგლებში, ჰიდროენერგეტიკული დანადგარებისა და მზის კოლექტორებით ინტეგრირებული გათბობის ენერგოეფექტური სისტემების სასწავლო საკვლევი ლაბორატორია. ლაბორატორია შეიქმნა ენერგეტიკული და მონათესავე პროფილის სპეციალისტების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომზადების მიზნით. იგი ეფექტურადაა გამოყენებული ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა მოსამზადებლად. ლაბორატორიის აღჭურვის ხარისხი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს დოქტორანტების მიერ სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, აგრეთვე სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიონალი ენერგეტიკოსების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათლების ინიციატივის პროექტის ფარგლებში (NATELI), შეიქმნა ენერგოაუდიტის ლაბორატორია - თრეინიგ-ცენტრი. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებით. ცენტრის ბაზაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მაღალ კვალიფიციული (პროფესიონალი) ენერგოაუდიტორების მომზადება სხვადასხვა პროფილის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების ენერგეტიკულ, სამრეწველო, სამშენებლო და საბინაო-კომუნალურ სექტორსა და ენერგომომსახურების კომპანიებში დასაქმებული პერსონალის (ინჟინრების, ეკონომისტების, მენეჯერების და ა.შ.) ფართო ჩართვით ენერგეტიკული აუდიტის პროცესში. ამავე პროექტის ფარგლებში ამოქმედდა განახლებადი ენერგიის  ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ენერგიის  განახლებადი წყაროების გამოყენების პოპულარიზაციას, ზრდის ინტერესს მაღალეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის განვითარებისა და ამაღლებს ენერგიის დაზოგვის კულტურას და ამკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას. 
საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, შეიქმნა ჰიდრო და თბოელექტროსადგურების მართვის სასიმულაციო ტრენაჟორები სტუდენტთა მომზადების, ჰესებისა და თესების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
       ენერგეტიკის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსის სახურავზე 2023 წლიდან სამ დონეზე  განთავსებულია მზის ელექტროსადგური, რომელმაც 2023 წლიდან დღემდე გამოიმუშავა 487 მგვტ საათი ელექტროენერგია. აღნიშნული მზის ელექტროსადგური ყოველდღიურად საშუალოდ გამოიმუშავებს 1000 1200 კვტსაათ ელექტროენერგიას, რაც ძირითადად ფარავს ფაკულტეტის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული მზის ელექტროსადგური შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც კვლევითი ლაბორატორია შესაბამისი საკითხებით დაინტერესებული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
      ენერგეტიკის ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით აღჭურვული ვირტუალური ლაბორატორიების მოსაწყობად. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრული ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების მიმართულებით მოწყობილი ლაბორატორიები. ფაკულტეტზე დაინერგა აშშ-ში შექმნილი პროგრამა PSS/E (Power System Simulator), რომელიც უზრუნველყოფს ელექტრული სისტემის რეჟიმების და სხვადასხვა სახის მ.შ. დენების ანგარიშს, აგრეთვე, სტატიკური და დინამიკური მდგრადობის ანალიზს. 

ენერგეტიკის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს „სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა“, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სტუდენტის ყოველკვირეული შეფასების ფორმირება და ამის თაობაზე სტუდენტის ინფორმირება. როგორც ცნობილია, მას აქვს „ელექტრონული უწყისის“ სახე, რომელიც გამჭვირვალეა სასწავლო პროცესში მონაწილე ყველა მხარისათვის: სტუდენტი-უნივერსიტეტი-პედაგოგი. 

ენერგეტიკის ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული სასწავლო პროცესში ელექტრონული მონიტორინგისა და მართვის სისტემების განხორციელების შედეგად. ამ პროცესში აშკარად გამოიკვეთა მასში სტუდენტთა აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა, პროფესორ-მასწავლებელთა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განსაკუთრებული ძალისხმევა, აღნიშნული სიახლის დასამკვიდრებლად.

ამასთან ერთად, საფაკულტეტო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში გამოსაკვეთია  თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაშემქმნელი ტენდენციები, რომელთა გათვალისწინებაც სავალდებულოა საერთაშორისო საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო ბაზარზე საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად. დრო აყენებს ახალ გამოწვევებს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ენერგეტიკაში, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, გარემოსდაცვითი პრობლემატიკა და სხვ. ამ გამოწვევების პასუხად ფაკულტეტის ადმინისტრაცია ცდილობს ენერგეტიკული ინდისტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ერთობლივი სასწავლო კვლევითი ცენტრების: სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესები-ენერგეტიკული ინდუსტრია-უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, შექმნის ხელშეწყობით, ადექვატურად უპასუხოს ენერგეტიკის დარგის გამოწვევებს და კვლავაც შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.