სტუ
08/06/2026

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ენერგოინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის ორგანიზებით, ენერგეტიკის დარგში მოქმედი უწყებებისა და ენერგოინდუსტრიის, მათ შორის განახლებადი ენერგიის სექტორში  მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების გაფართოებულ შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრაზე, რომლის სლოგანი „განათლება, ინდუსტრია და საერთო პასუხისმგებლობა“ იყო, შეკრებილმა საზოგადოებამ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წაყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკ), 40-ზე მეტი ენერგოკომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა და წარმომადგენლებმა, დარგის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა, აკადემიურმა წრეებმა და სტუდენტებმა უნივერსიტეტსა და ენერგოინდუსტრიას შორის მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ახალი კვლევითი პლატფორმების შექმნის, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სივრცეში დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

შიდა-#1.jpeg

შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე უნივერსიტეტი აღარ წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუციას – ის ინოვაციის, ტექნოლოგიური პროგრესისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

„მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ შეხვედრას, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა აკადემიური წრეები, სახელმწიფო უწყებები და ენერგეტიკული ინდუსტრიის ლიდერები. მსურს გადმოგცეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები. თანამედროვე უნივერსიტეტი აღარ განიხილება მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუციად – ის ინოვაციების, ტექნოლოგიური პროგრესისა და მდგრადი ეკონომიკის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. დღეს წარმატებულია ის უნივერსიტეტი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ინდუსტრიებთან და პასუხობს ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებსა და გამოწვევებს.

მსოფლიოს წამყვანი ტექნიკურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტების გამოცდილება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ კონკურენტუნარიანი საინჟინრო განათლების განვითარება შეუძლებელია ინდუსტრიის აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის გარეშე. როდესაც ვსაუბრობთ მაღალი ხარისხის განათლებაზე ენერგეტიკაში, აქ მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი აღარ არის. სტუდენტებს სჭირდებათ თანამედროვე ლაბორატორიები, კვლევითი ინფრასტრუქტურა, ციფრული სიმულაციები, რეალურ ტექნოლოგიებთან წვდომა და ინდუსტრიულ გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დღეს საქართველოს ენერგეტიკა განვითარების ახალ ეტაპზეა. აქტიურად ვითარდება განახლებადი ენერგიის სექტორი, იზრდება ინვესტიციები მზის, ქარისა და ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ენერგიის დაგროვების სისტემები, ჭკვიანი ქსელები, ენერგოეფექტურობა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა. ამ პირობებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება – მოამზადოს ისეთი კადრები, რომლებიც მზად იქნებიან ხვალინდელი ენერგეტიკისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოინდუსტრიასთან პარტნიორობის გაღრმავებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განხორციელებასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ცოდნა, ინოვაცია და პრაქტიკული გამოცდილება ერთიან სისტემად ჩამოყალიბდება“. – პროფესორი თამარ წერეთელი

შეკრებილ საზოგადოებას სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ მიმართა. დეკანის თქმით, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მიზანია, ენერგეტიკის ფაკულტეტი ჩამოყალიბდეს თანამედროვე საინჟინრო განათლებისა და გამოყენებითი კვლევების ცენტრად, რომელიც მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ენერგეტიკის სექტორთან.

„ენერგეტიკის ფაკულტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. თანამედროვე რეალობა გვიჩვენებს, რომ უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის პარტნიორობა აღარ არის მხოლოდ სასურველი ფორმატი – ეს აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი საინჟინრო განათლებისა და ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარებისათვის. ასეთი თანამშრომლობა მოგვცემს შესაძლებლობას, სასწავლო პროგრამები მაქსიმალურად დავაახლოოთ ბაზრის მოთხოვნებთან და სტუდენტებს შევთავაზოთ ცოდნა და ისეთი უნარები, რომლებიც მათ პროფესიულ წარმატებას განაპირობებს.

ჩვენი მიზანია, ენერგეტიკის ფაკულტეტი ჩამოყალიბდეს თანამედროვე საინჟინრო განათლებისა და გამოყენებითი კვლევების ცენტრად, რომელიც მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ენერგეტიკის რეალურ სექტორთან. ამისათვის აუცილებელია სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიების განვითარება, ერთობლივი კვლევითი პლატფორმების შექმნა, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერება, სტაჟირების პროგრამების გაფართოება და პროფესიონალების უფრო აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.

სასიხარულოა, რომ იზრდება ჩვენი სტუდენტების დაინტერესება სამეცნიერო საქმიანობით. სტუდენტთა წლევანდელ, 90-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ენერგეტიკის ფაკულტეტიდან 81 სტუდენტი მონაწილეობს, მაშინ როდესაც გასულ წელს მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო. ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ახალგაზრდებში იზრდება ინტერესი კვლევისა და ინოვაციების მიმართ. ეს კი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მადლობას ვუხდით თითოეულ კომპანიას, თითოეულ პარტნიორს, რომელიც იზიარებს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს მომავალი ენერგეტიკოსების, ინჟინრების, მკვლევრების ფორმირებაში. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, რომლებიც წარმატებულ ნაბიჯებს დგამენ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვართ, რომ უნივერსიტეტის, ინდუსტრიისა და სახელმწიფოს ეფექტიანი თანამშრომლობა დიდად წაადგება როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, ისე ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება-დანერგვას. ჩვენი სურვილია, ენერგეტიკის ფაკულტეტი იყოს სივრცე, სადაც მეცნიერება, განათლება და ბიზნესი საერთო მიზნების მისაღწევად ერთიანდება და ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“. – პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი ენერგეტიკის ფაკულტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლაგვილავამ, ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, კომპანია „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა მამუკა ქობალიამ, „ენერგო-პრო ჯორჯიას” მაღალი ძაბვის ქსელის მართვის/ექსპლუატაციის დეპარტამენტის მენეჯერმა ზურაბ სიხარულიძემ, კომპანია „ბემონის“ მმართველმა დირექტორმა გიორგი მირცხულავამ, „ენ-სი“ ჯგუფის დირექტორმა გოჩა მუსელიანმა, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა.

შიდა-#2.jpeg

გაფართოებული შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და 40-ზე მეტი ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა მოაწერეს ხელი.

ღონისძიების ფარგლებში ასევე იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობა სამუშაო ფორმატში გაგრძელდება. გარდა ამისა, სტუმრებმა ენერგეტიკის ფაკულტეტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა – ტექნიკური და სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული ბაზა დაათვალიერეს და მათი ფუქციონირების სპეციფიკას გაეცნენ. სტუმრებს ფაკულტეტის ინფრასტრუქტურისა და საჭიროებების შესახებ პრეზენტაცია პროფესორმა გიორგი არზიანმა წარუდგინა.