სტუ
30/04/2026

ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები საქკაბელის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „საქკაბელის“ მმართველ დირექტორს დავით კაპანაძეს, ასევე, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს – ნუცა სამხარაძეს და მარკეტინგის მენეჯერს – ბარბარე ჯანანაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრა, რომლის ორგანიზატორიც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ გახსნა.

Untitled design (2).png

როგორც დეკანმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და კერძო სექტორთან დაახლოების პროცესში. მისი თქმით, ენერგეტიკის სფეროში დასაქმების პერსპექტივებისა და რეალური სამუშაო გარემოს უკეთ გასაცნობად უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ენერგეტიკის სფერო მუდმივად ვითარდება და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა სწავლის პროცესშივე მიიღონ ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. სწორედ ასეთი შეხვედრები აძლიერებს უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის კავშირს და სტუდენტებს აძლევს რეალურ წარმოდგენას მათი მომავალი პროფესიის შესახებ“. – პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია კომპანია „საქკაბელის“ საქმიანობის, ენერგეტიკული ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ. ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელზეც სტუდენტებმა კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს.

„ჩვენი მიზანია სტუდენტებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ სწავლის პერიოდში მაქსიმალურად ახლოს იყვნენ რეალურ სამუშაო გარემოსთან. ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა სტუდენტებს ეხმარება უკეთ დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი კარიერული განვითარების გზები“. – ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების კარიერული ორიენტაციის მხარდაჭერასა და მათი პროფესიული უნარების განვითარებას.