სტუ
28/11/2024

ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯივიპი“ ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (gwp) ჟინვალჰესის პროექტების მენეჯერი, ელექტროენერგიის წარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ბაკურაძე და „ჯივიპის“ უფროსი რეკრუტერი მარიამ ადეიშვილი შეხვდნენ. 

შეხვედრა სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა გახსნა.

როგორც დეკანმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ენერგეტიკის მიმართულების პოპულარიზაციას, სტუდენტთა დასაქმებასა და კარიერულ ზრდას.

მისივე თქმით, „ჯივიპი“ საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებითაც საქმიანობს. 

„სტუდენტთა კარიერულ ზრდაზე ზრუნვა ქვაკუთხედია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ეს პროცესი მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას და უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას უწყობს ხელს და, ამასთან ერთად, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

მეტი ინფორმაცია ნიშნავს მეტ მოტივირებულ ახალგაზრდას და შემდგომში - მეტ კვალიფიციურ კადრს. სტუდენტების მონაწილეობა „ჯივიპის“ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში და მათი სამომავლო დასაქმება ჩვენი უმთავრესი ამოცანა და მიზანია. მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრებით ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას აქტიურად შევუწყობთ ხელს”, - აღნიშნა ლენა შატაკიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ შესაძლებლობა აქვთ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ შემდეგ ვაკანსიებზე: ელექტროტექნიკური ლაბორატორიის ინჟინერი, აღრიცხვის სპეციალისტი, ელექტროინჟინერი, ელექტრიკოსი, უფროსი ოსტატი, ელექტრომექანიკოსი და ზეინკალი.