საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის "იდეების კონკურსს" აცხადებს. კონკურსი მიზნად ისახავს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში აქტიური ინტეგრაციისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციისთვის, უნივერსიტეტის მასშტაბით, პოტენციურად კონკურენტუნარიანი საპროექტო იდეების გენერირებას და მათ კონკურსის წესით შერჩევას.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სურვილია, "იდეების კონკურსში" აკადემიური და სამეცნიერო წრეების, რაც შეიძლება, მეტი წარმომადგენელი ჩაერთოს.
მოცემულ ეტაპზე, სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს 2 ინოვაციურ იდეას, რომელიც სრულად მოერგება ევროპული ფონდების მიერ, გამოცხადებული საგრანტო კონკურსების მოთხოვნებს, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს.
მომდევნო ეტაპზე, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი აღნიშნული 2 იდეისთვის შეარჩევს შესაბამის უცხოურ საგრანტო პროგრამას და იდეის ავტორთან უშუალო კოორდინაციით, უცხოურ ფონდში საგრანტო განაცხადის წარსადგენად აქტიურ მუშაობას დაიწყებს.
ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი" იდეების კონკურსში" მონაწილეობის მსურველებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული ინიციატივა ორიენტირებულია აღმოაჩინოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში არსებული კვლევითი იდეები, ასევე, გააქტიუროს ახალი იდეების გენერირების პროცესი.
იმ იდეების ავტორებს, რომლებიც, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, ვერ გადალახავენ შესარჩევ ეტაპს, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი მხარდაჭერას მომავალშიც გამოუცხადებს.
დაინტერესებულმა მონაწილეებმა უნდა გადმოწერონ სააპლიკაციო ფორმა, შეავსონ და გადააგზავნონ ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში, მისამართზე: Grantsoffice@gtu.ge.
იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, მხოლოდ, სტუ-ის თანამშრომლებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი.
გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილები: