ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველთა საფუძველია. სწორედ ენერგეტიკის განვითარების დონით განისაზღვრება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა (როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე), და საერთოდ, ამ ქვეყნის ადგილი და როლი მსოფლიო თანამეგობრობაში.
ენერგეტიკის დარგში, ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებას საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, 1922 წელს ჩაეყარა, რომლის პირველი დეკანი, საქართველოში ელექტროტექნიკური მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებელი პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე იყო. იგი იმ პირველ ათ ქართველ ინჟინერთა შორის სახელდება, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი დაამთავრეს 1928 წელს, ხუთს - ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია მიენიჭა.
საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამოუკიდებლად არსებობა 1928 წლიდან გაგრძელდა. მისი დაარსების სათავეებთან იდგნენ გამოჩენილი მეცნიერი და სწავლული ინჟინრები, პროფესორები: ალექსანდრე დიდებულიძე, ბესარიონ ჭიჭინაძე, ალექსანდრე მუსხელიშვილი, სტეფანე ყირქესალი, არტემი ტერ-ხაჩატურიანი, ლევან ხიზანიშვილი, ევგენი პეტკევიჩი და სხვ.
უმაღლესი განათლების რეფორმების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შედეგად, 2007 წელს, განხორციელდა ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი.
არსებობის მანძილზე ფაკულტეტმა, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგებისათვის, 25000-ზე მეტი სპეციალისტი მოამზადა. ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებისა და წინსვლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სხვადასხვა დროს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე მომუშავე პირებს: პროფ. ა. ტერ-ხაჩატუროვს, ინჟინერ ვ. კარახანიანს, ინჟინერ ვ. არშბას, პროფ. ა. დიდებულიძეს, ინჟინერ პ. კიკნაძეს, ინჟინერ ა. მეტონიძეს, დოც. მ. კასიანს, დოც. გ. მახარაძეს, დოც. გ. კუპრაძეს, პროფ. ა. კოტიას, დოც. ო. ასათიანს, პროფ. ნ. ნინუას. პროფ. ო. კერვალიშვილს, დოც. ნ. წივწივაძეს, პროფ. დ. ლაოშვილს და პროფ. გ. არაბიძეს.
2020 წლიდან ფაკულტეტს სათავეში ჩაუდგა პროფესორი ლენა შატაკიშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და სენატის დადგენილებით 2021 წლის ოქტომბერში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტს გამოეყო ტელეკომუნიკაციის და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტები. შესაბამისად, ფაკულტეტს შეეცვალა სახელწოდება და ამჟამად, ის წარმოდგენილია, როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტი.
ენერგეტიკის ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს აკადემიური პროგრამების სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა შვიდი სამეცნიერო-კვლევითი და ერთი სასწავლო ცენტრი „შნეიდერ ელექტრიკ-თელასი“.
ენერგეტიკის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებმაც მიიღეს 7 წლიანი აკრედიტაცია:
პროფესიული
ბაკალავრიატი
მაგისტრატურა
დოქტორანტურა
ფაკულტეტზე არსებულმა საბაკალავრო პროგრამამ „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, ABET (ამერიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭო) სტანდარტების მიხედვით და ABET აკრედიტაციის მისაღებად მომზადება დაიწყო.
2022 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით ფაკულტეტზე მომზადდა ოთხი მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამა. ეს პროგრამებია:
მნიშვნელოვნად გაფართოვდა ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზა, რამაც ხელი შეუწყო საგანმანათლებლო პროგრამებში ახალი ლაბორატორიული დისციპლინების ჩართვასა და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების წარმატებით განხორციელებას.
სს „თელასის“ და ფირმა „Schneider Electric”-ის მიერ დაფუძნდა სასწავლო ცენტრი „Schneider Electric Telasi“, რომლის მიზანია ბაკალავრებისა და მაგისტრების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება, სპეციალისტების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. სასწავლო-ცენტრი აღჭურვილია ფრანგული კომპანიის მიერ წარმოებული უახლესი ელექტრომოწყობილობებით და აპარატურით. იგი საშუალებას იძლევა გამოკვლეული იქნეს ელექტრომომარაგების მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელებში არსებული პრობლემები და დასახულ იქნეს მათი გადაწყვეტის გზები, რაც ხორციელდება ცენტრში მოქმედი “ელექტროტექნოლოგიური დანადგარების ავტომატური მართვის სისტემებისა და ავტომატიზებული ელექტროამძრავის“, „ელექტრომომარაგების დაბალი ძაბვისა“ და „ელექტრომომარაგების საშუალო ძაბვის“ სამი სასწავლო ლაბორატორიის ბაზაზე და სადაც შესაძლებელია, 150-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარება. ელექტროსისტემის ნებისმიერი სახის რეჟიმისათვის. ცენტრი რეგიონული მნიშვნელობისაა, იგი უზრუნველყოფს საქართველოსა და ამიერკავკასიის მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ენერგეტიკოსების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
ავსტრიული კომპანია HERZ Armaturen-ის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ერთიანი საფაკულტეტო ლაბორატორიული კომპლექსის (ცენტრის) ფარგლებში, ჰიდროენერგეტიკული დანადგარებისა და მზის კოლექტორებით ინტეგრირებული გათბობის ენერგოეფექტური სისტემების სასწავლო საკვლევი ლაბორატორია. ლაბორატორია შეიქმნა ენერგეტიკული და მონათესავე პროფილის სპეციალისტების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომზადების მიზნით. იგი ეფექტურადაა გამოყენებული ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა მოსამზადებლად. ლაბორატორიის აღჭურვის ხარისხი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს დოქტორანტების მიერ სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, აგრეთვე სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიონალი ენერგეტიკოსების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათლების ინიციატივის პროექტის ფარგლებში (NATELI), შეიქმნა ენერგოაუდიტის ლაბორატორია - თრეინიგ-ცენტრი. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებით. ცენტრის ბაზაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მაღალ კვალიფიციური (პროფესიონალი) ენერგოაუდიტორების მომზადება სხვადასხვა პროფილის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების ენერგეტიკულ, სამრეწველო, სამშენებლო და საბინაო-კომუნალურ სექტორსა და ენერგომომსახურების კომპანიებში დასაქმებული პერსონალის (ინჟინრების, ეკონომისტების, მენეჯერების და ა.შ.) ფართო ჩართვით ენერგეტიკული აუდიტის პროცესში. აქვე მიმდინარეობს სათანადო ცოდნის შეძენა ენერგოაუდიტის დანიშნულების ამოცანების, მეთოდების, ხელსაწყოთა ტექნიკის, სამუშაოების მოცულობების, აუდიტის ჩატარების ორგანიზების, მოსალოდნელი შედეგებისა და ენერგოაუდიტის მნიშვნელობის შესახებ. ამავე პროექტის ფარგლებში ამოქმედდა განახლებადი ენერგიის ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების პოპულარიზაციას, ზრდის ინტერესს მაღალეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის განვითარების კუთხით, ამაღლებს ენერგიის დაზოგვის კულტურას და ამკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას. განახლდა ელექტრომექანიკისა და ელექტროტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ლაბორატორიული ბაზა და იგი აღჭურვილ იქნა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით.
საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, შეიქმნა ჰიდრო და თბოელექტროსადგურების მართვის სასიმულაციო ტრენაჟორები სტუდენტთა მომზადების, ჰესებისა და თესების პერსონალის თრეინინგის ჩატარების მიზნით.
ენერგეტიკის ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული თანამედროვე საანგარიშო პროგრამებით აღჭურვული ვირტუალური ლაბორატორიების მოსაწყობად. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრული ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების მიმართულებით მოწყობილი ლაბორატორიები. ფაკულტეტზე დაინერგა აშშ-ში შექმნილი პროგრამა PSS/E (Power System Simulator), რომელიც უზრუნველყოფს ელექტრული სისტემის რეჟიმების და სხვადასხვა სახის მ.შ. დენების ანგარიშს, აგრეთვე, სტატიკური და დინამიკური მდგრადობის ანალიზს. ეს პროგრამა, რომელსაც იყენებენ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, წარმოადგენს თანამედროვე უნივერსალურ პროგრამას, რომელიც გამოირჩევა ახალი გრაფიკული ინტერფეისით. ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს დამოუკიდებლად შეუძლიათ შექმნან ელექტრული სისტემის გრაფიკული ნაწილი და ასევე მონაცემთა ბაზაში შეიტანონ გენერატორების, ტრანსფორმატორების, გადაცემის ხაზების, მომხმარებელთა დატვირთვების მონაცემები და მარტივად და სწრაფად გადაწყვიტონ ელექტრული სისტემის მუშაობის რეჟიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ამოცანა.
ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით აგრძელებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორიო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი, შრომის თავისუფალ ბაზარზე კონკურენტუნარიანი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები, რომლებიც დასაქმდებიან: საქართველოში მდგრადი და ეფექტური ენერგეტიკული ბაზის ჩამოყალიბების, ენერგეტიკული სისტემების და ობიექტების ოპტიმალური მართვისა და განვითარების, ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებისა და მისი ეტაპობრივი განხორციელების, ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე საინჟინრო-ტექნიკურ, ეკონომიკური, სამართლებრივი და გარემოს დაცვითი პროცესების, ადგილობრივი სათბობ-ენერგეტიკული რესურსებისა და ენერგიის განახლებადი წყაროების მასშტაბური გამოყენების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის და ენერგოდამზოგი ღონისძიებების პრაქტიკული რეალიზების, საქართველოში ელექტრო, ჰიდრო და თბოენერგეტიკის, ენერგოსისტემისა და სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების, თანამედროვე ენერგეტიკული დანადგარებისა და სამილსადენო სისტემების მუშაობის, სათბობ-ენერგეტიკული დარგების მენეჯმენტის, ელექტროტექნიკის, ელექტრომექანიკის, ენერგეტიკული დანადგარების დიაგნოსტიკის, ელექტრონიკის, ელექტრული ტექნოლოგიების და ელექტრომომარაგების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა და უმნიშვნელოვანესი სამრეწველო საწარმოთა ენერგეტიკული სამსახური, მთლიანად ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ენერგეტიკისა ფაკულტეტის პროფესორები არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტში აქტიურადა არიან ჩართულები.