იქ, სადაც რკინის რუხი კაცი იდგა... ასე იწყება ექვსი ესსე, რომლებიც მოგვითხრობენ თბილისის თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქციის იდეას. 1995 წელს ჩატარებულ კონკურსზე, რომელსაც უნდა გამოევლინა ლენიინის ძეგლისგან გათავისუფლებული მოედნის მომავალი სტუდია "არქიტექტურის პოეტიკა" საკუთარი კონცეპტუალური პროექტებით წარმოდგა.
ხელმძღვანელი: შოთა ბოსტანაშვილი.
ჯგუფი: დავით სუხიაშვილი, შოთა ბოჭორიშვილი, დიმა ნაფეტვარიძე, ირაკლი სვიმონიშვილი.
1992 წელი.
წარმოდგენილი პროექტების მთავარი სულისკვეთება არის მოედნის შევსება თავისუფლების მატარებელი იდეით
"...ისტორიული საოცრების მომსწრენი ვართ: დაეცა კერპი. "ლენინის მოედნის" რეკონსტრუქცია "თავისუფლების მოედნად" კულტურის რეკონსტრუქციაა და არა მარტო შენობების და ტერიტორიის კეთილმოწყობა."
თავისუფლების მოედანი ადგილს უთმობს კულტურის დიდ თამაშს და ამავდროულად მოქალაქეებს სთავაზობს ჩაერთონ ამ თამაშში.
თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც რკინის რუხი კაცი იდგა, ეხლა მენჰირების ხეივანია. მენჰირებივით აღმართულ ფორმებში საღებავის ტუბებს რომ მოგვაგონებენ, შუქ-მუსიკალური კომპიუტერი და პნევმატური კონსტრუქციებია, რომლებიც მუსიკის ჟღერადობის კვალობაზე ამოიზრდებიან, მოძრაობენ იცვლიან ფერსა და ფორმას. მათში მშვენიერი სულია...
თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც რკინის რუხი კაცი იდგა, ყველაფერს ეძინა. ეხლა ყველაფერმა გაიღვიძა. უზარმაზარი კარკასული კუბი დიაგონალზეა გარღვეული. ბადეში ჩაბინდულია პნევმატური კონსტრუქცია, რომელიც შუქ-მუსიკალურ მოწყობილობას უკავშირდება. ბგერათა ცვალებადობის და ინტენსივობის კვალობაზე კონსტრუქციები იბერებიან, იცვლიან ფერსა და ფორმას, მოძრაობენ, მიიწევენ გარღვეული სივრცისაკენ და გარეთ გამოდიან; კარგავენ ბადით შეზღუდულ, მათთვის უჩვეულო სიმკვრივეს და იძენენ საკუთარს... და ყველაფერი მკვეთრდება ღამით...
თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც რკინის რუხი კაცი იდგა, ეხლა უზარმაზარი ფარღალალა დარბაზია. მის ოთხ ბურჯზე აზიდული ჭერქვეშ კი ქალაქია, რომლის სახურავზე, ანუ ბანზე ისევ ქალაქია; ერთი სიტყვით, დარბაზქალაქია, თეატრია, ქალაქის საერთო ოთახია; ღია ტაძარია. "მაგიდის" ქვეშ კვარცხლბეკებზე ბუნება და ხელოვნებაა გამოფენილი. აქვე, მოედანზე ახალი შენობა - ამფითეატრია. უამრავ ხალხს იტევს და ერთობ შინაური ატმოსფეროა. ჩამობრძანდით ჩვენს დარბაზქალაქში.
თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც რკინის რუხი კაცი იდგა, ეხლა პატარა უფლისწულის კუნძულია. ბავშვების ნახატიდან გადმოსული პეიზაჟების ფრაგმენტია. ნაივისტური სამყაროა. პატარა სახლი, ია, ენძელა და შროშანი, სოკო და პეპელა; ცათ აღმართული კიბე კუნძულიდან თეთრ ღრუბლამდე. ღრუბელი კი, თეთრ უზარმაზარ კონსტრუქციას წარმოადგენს და მუსიკის ჟღერადობის შესაბამისად მოძრაობს, იცვლის ფერსა და ფორმას. ხოლო მწვანე კუნძული ბროლივით გამჭვირვალეა. ზურმუხტისფერი მინისა და ანათებს მიწისქვეშა სივრცეს. ღამე კი... ფერადი ღრუბელი ანათებს ქალაქს. ჩამოდით ჩვენს ქალაქში.
თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც რკინის რუხი კაცი იდგა, ეხლა ჩიტების ტაძარია, ოქროსფერი. და არის ერთი გნიასი, ჟღურტული და ჟრიამული. ჩიტები თავისი ნებით მოფრინავენ. აქ, მათ სასურველი საკენკი აქვთ. წინათ თურმე, ასეთი პატარა ფორმის გალიები ყოფილა და შიგ ლამაზ ფრინველებს ამწყვდევდნენ. ეს ამბავი ჩვენს ქალაქში მხოლოდ უფროსებს ახსოვთ. თუ გყავთ გალიებში ჩაკეტილი ფრინველები, მოიყვანეთ ისინი ჩვენს "ჩიტების ტაძარში". ის ერთადერთი თავისუფლების გალიაა მთელს დედამიწაზე.
თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც რკინის რუხი კაცი იდგა, ეხლა ვნებათა სავანეა. მოედანზე დგას მინის უზარმაზარი ბოცა. მიწისქვეშა სივრცეში კი, მთელი მეურნეობაა: შუქმუსიკალურ კომპიუტერზე ჩართული ვენტილატორები და საფოსტო ყუთები. აქ მოდიან მოქალაქეები - საკუთარ ვენბათა-ღელვას წერილობით გამოხატავენ ფერად ბარათებზე და ყრიან ყუთებში. მმძლავრი ვენტილატორები კი ამ ბარათებს მინის ტაძარში ამოაფრიალებენ. ბარათები სხვადასხვა რიტმით მოძრაობენ: მოცარტზე ლივლივებენ, ვაგნერზე დაჰქრიან, ფალიაშვილზე... და აი, ყოველ გაზაფხულზე, ქალაქის საკრალურ დღეს, იხსნება ზედა სარქველი და ყველაფერი ამოიფრქვევა. მოქალაქეები დასდევენ ბარათებს. ქალაქი ჩართულია დიდ თამაშში... ქალაქი ცოცხლობს. ქალაქს ჰყავს მოქალაქე, და არა მაცხოვრებელი. ჩამოდით ჩვენს თბილ ქალაქში.