STU Logo Faculty Logo Poetics Logo

ქარ | ENG

უკან

შავი კარკასი

Shavi Karkasi - Dirty cheap bare frame by David Bostanashvili on Sketchfab

"შავი კარკასი - ოპერაცია დომინო" არქიტექტურის პოეტიკის სტუდიის მიმდინარე კვლევის სახელია. შავი კარკასი სცილდება კონსტრუქციის კატეგორიას და წარმოადგენს არა მხოლოდ შენობების, არამედ ზოგადად ქალაქის გენერირების არქიტექტურულ აპარატს. მეორეს მხრივ შავი კარკასი როგორც ჩარჩო, მზად არის ჩამოიფაროს ნებისმიერი ნიღაბი ან/და რიდე რაც შემოქმედებითი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას ბადებს.

1915 წელს ლე კორბუზიე წარადგენს არქიტექტურულ პროექტს "სახლი დომინო". ერთი შეხედვით სურათზე მხოლოდ რკინაბეტონის შიშველ კარკასია წარმოდგენილი; ის ემსახურება ბეტონის იმ დროისთვის ინოვაციური კონსტრუქციული სისტემის დემონსტრაციას. ამ სისტემას იყენებს თავად კორბუზიე მის შემდგომ შედევრებში. თუმცა იგი არ შემცდარა. დომინო მეტია ვიდრე კონსტრუქცია. იგი სახლია, რომელიც დაყვანილია არსებითამდე. კარკასულმა სისტემამ საფუძველი დაუდო მასიურ, ინდუსტრიულ მშენებლობას. თუმცა მალე გასაგები გახდა რომ დომინოს შექმნა კუსტარული ხერხებით მეტად იოლია. დომინო ტრანსფორმირდა შავ კარკასად. შავი კარკასი არქიტექტურის პრიმიტიულ ტექნოლოგიად გადაიქცა.

კორბუზიეს დომინო ორსართულიანი სტრუქტურაა. შავი კარკასის წარმატებას განაპირობებს მისი ინსტრუმენტული როლი ფართების ჭარბწარმოებაში. აქედან იბადება მრავალბინიანი კორპუსის და შავი კარკასის წყვილი. შავ კარკასად აშენებული კორპუსი უკვე პროდუქტია. შავი კარკასი ეკონომიკურ, ურბანულ, არქიტექტურულ და სიმბოლურ განზომილებებშია წარმოდგენილი. შავი კარკასი ქმნის განსაკუთრებულ ხარლურ ობიექტს: ფართს. ფართის შეძენა, გაფართოება დ.ა.შ. ძირითადი ურბანული და ეკონომიკური აქტივობებია. ფართს გააჩნია საკუთარი სიმბოლური ტექნოლოგიები: აბრები რომლებიც ქალაქს გადასცემენ სარეკლამო უწყებებს.

აბრები - შავი კარკასის ენაა. მისი სიმბოლური განზომილების განმსაზღვრელი. აბრები ქმნიან იმ პერსპექტივას რითაც გვესმის შავი კარკასი: გასაყიდი ფართი, რომელსაც გააჩნია ესა და ეს სასაქონლე თვისებები.

შავი კარკასის სიმბოლური განზომილება აბრების გარდა ასევე გულისხმობს ვიზუალურ გამოსახულებებს. სახეზეა: 1. შავი კარკასი 2. ფართი პოტენციაში (ტექსტი-მესიჯი) 3. ფართი პროდუქტად ქცეული (სურათი-მესიჯი). შავი კარკასი ამ ორი სემიოტიკური ფენომენის მატერიალური საყრდენია. ეს სემიოტიკა მთლიანად შთანთქავს სახლის სემანტიკას. სახლი დაშლილი და დანაწევრებულია ამ ორ ახალ სემიოტიკურ სისტემაში. ერთი მხრივ შავი კარკასი წარმოქმნის ენობრივ მესიჯებს, რომლებიც გადმოგვცემენ ინფორმაციას ეკონომიკურ პოტენციალზე. ანუ სახლს ჩაენაცვლება ფართის რაოდენობა. მეორეს მხრივ შავი კარკასი წარმოშობს არქიტექტურული რენდერების განსაკუტრებულ ჟანრს. აქ სახლი დეგრადირებულია თავახდილი ყუთის გამოსახულებად. იგი ვიზუალურ პროდუქტად არის გადაქცეული.

შავი კარკასი ასევე წარმოადგენს მთლიანად ეკონომიკური სისტემის მთავარ ამძრავს. ყოველი ახალი ფართის შექმნა შავი კარკასის მეშვეობით გულისხმობს ყველა იმ ნივთის და სერვისის "აკიდებას" რაც ბინა-კარკასს სჭირდება: რემონტი, მასალები, ხელოსნები, მაცივარი, ტელევიზორი, ავეჯი დ.ა.შ. ეკონომიკის ყველა სექტორი იძენს მოძრაობას შავი კარკასის წყალობით.

არქიტექტურულ განზომილებაში შავი კარკასი ცვლის პარადიგმას. თუ ადრე შენობა იქმნებოდა მშენებლობის კულტურული ტრადიციებით ახლა საკმარისია შავი კარკასის ჩამოსხმა და მასზე ფინიშების (სხვადასხვა პანელების სახით) მორგება. ფინიშიზმი შავი კარკასის არქიტექტურული მანიფესტია. (რეცეპტი ხის სახლის მისაღებად: ვიწყებთ ბეტონის კარკასის ჩამოსხმით; მიღებულ ჩარჩოს ვაკრავთ მეტალოპლასტიკის პანელს ზედ დატანილი ხის გამოსახულებით)

შავი კარკასის პრაქტიკა ამტკიცებს, რომ "ფინიშები" შესაძლო განვითარებაა მაგრამ არა აუცილებელი. შავი კარკასი უკვე თავის თავად არის დასრულებული არქიტექტურული ობიექტი. მოცემულ ფოტოზე ნათლად სჩანს კარკასის მშენებლობის პროცესშივე მისი გამოყენება.

სტუდია არქიტექტურის პოეტიკა ამზადებს კორბუზიეს დომინოს ადგილობრივ ვერსიას. მოცემული თაბაშირის მოდელი (შეასრულა: ნინო გარდავა, 2018 წ.) პოეტიკის ინტერესის მთავარი ობიექტია. მისგან ველით ახალ შთაგონებას ახალი სახეების შესაქმნელად.

შავი კარკასის დაწყვილება რიდესთან გვაფიქრებინებს ახალ პარადიგმაზე, სადაც კარკასის ხისტ შემავსებელს ჩაენაცვლება ნაქსოვი რბილი ზედაპირი. რიდის 3დ ამობეჭდილი მოდელი: ნინო მიქელაძე (2019 წ.), კარკასის თაბაშირის მოდელი ნინო გარდავა (2018 წ.)

"სუფთა იატაკი და ჭერი. აწი შენ იცი". ლე კორბუზიეს დომინო თუ ალეხანდრო არავენას ნახევარ-სახლები ქართული შავი კარკასის ენაზე თარგმნისას ახალ ნარატივს ქმნიან. როგორ გამოიყურება შავი კარკასის მობინადრე? ესსე წაიკითხეთ აქ

ყველას თავის კარკასი აქვს საზიდავი