საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი დაარსდა 1956 წლის 16 დეკემბერს საქართველოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით და ეწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით 1970 წელს ინსტიტუტს შეეცვალა სახელი და ეწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტი. 1995 წელს ინსტიტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის არჩილ ელიაშვილის სახელი და ეწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი. 2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ეწოდა სსიპ არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი. საქართველოს მთავრობის N185 დადგენილებით 2010 წლიდან ინსტიტუტი რეორგანიზებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახით. ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი 1956_1971 წლებში გახლდათ გამოჩენილი ქართველი მეცნიერი არჩილ ელიაშვილი. 1972_1981 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა აკად. გ. ხარატიშვილი, ხოლო 1981_2006 წლებში _ აკად. მ. სალუქვაძე. 2006 წლიდან ინსტიტუტის დირექტორია პროფ. ნ. ყავლაშ­ვილი. ინსტიტუტის ძირითად მიმართულებებს ტრადიციულად წარმოადგენდა: ავტომატური მართვის თეორიის განვითარება და ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკის გამოყენების საფუძველზე ავტომატური მართვის რეალური სისტემე­ბის დამუშავება და შექმნა. ამ მიმართულებებით მიმდინარეობდა კვლევები სხვადასხვა დარგებში: ავტომატური მართვა და რეგულირება, ოპტიმალური მართვის თეორია და მისი გამოყენება, ანალოგურ-ციფრულ გამომთვლელი მანქანების დამუშავება და შექმნა, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მოწყობილობების დამუშავება, მართვის ტელეავტომატური სისტემების დამუშავება, ინფორმაციის ელექტრონული ასახვის კომპლექსური სისტემების დამუშავება და შექმნა, სახეთა გამოცნობა, ავტომატური თარგმანი და სხვ. 1957-62 წლებში ინსტიტუტში დ. გრიგორაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოში პირველი უნივერსალური ციფრული გამომთვლელი მანქანა “დელისი” და რიგი სპეციალიზებული გამომთვლელი კომპლექსებისა რთული დინამიური ობიექტების, კერძოდ, საფრენი აპარატების მოდელირებისათვის რეალურ დროში. გადაწყვეტილ იქნა ზოგიერთი მრავალექსტრემალური ამოცანის ამოხსნის პრობლემა, რომელიც ლიტერატურაში y გარდაქმნის მეთოდითაა ცნობილი (ავტორი აკად. ვ. ჭიჭინაძე). აკად. მ. სალუქვაძის მიერ დამუშავდა დაგვიანების შემცველი სისტემებისათვის ოპტიმალური რეგულატორების ანალიზური კონსტრუირების ამოცანის ამოხსნის მიახლოებითი მეთოდი, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში “სალუქვაძის მეთოდი” ეწოდა. დამუშავდა მეტყველების ავტომატური ამოცნობის კონკრეტული სისტემები თვითმფრინავების, რაკეტებისა და სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების მოძრავი ობიექტების ხმის საშუალებით მართვისათვის (ავტორები ტ.მ.კ. ა. კაკაურიძე, ტ.მ.დ. გ. რამიშვილი). გალვანომაგნიტური ეფექტის გამოყენების საფუძველზე დამუშავდა გამზომი ხელსაწყოები, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მთელი რიგი მოწყობილობები, რომელთა შორის აღსანიშნავია უკონტაქტო, უზამბარო კლავიშური მოდული (ავტორი ტ.მ.დ. ო. ხომერიკი). ინსტიტუტმა გარკვეული წვლილი შეიტანა ატომური სამრეწველო დანადგარების განვითარების საქმეში (ავტორი ტ.მ.დ. გ. მუსხელიშვილი). 1970 წლიდან ინსტიტუტში დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი პიონერული სამუშაო მრავალკრიტერიულ ოპტიმიზაციაში, რომლის ფარგლებში შემუშავდა თეორიული საფუძვლები მრავალკრიტერიული ოპტომიზაციის როგორც სტატიკური, ისე დინამიკური ამოცანების გადასაწყვეტად; შემუშავდა ოპტიმიზაციის ახალი რიცხვითი მეთოდები და ალგორითმები. ვექტორული ოპტიმიზაციის საკითხებზე პირველი წიგნი (ავტ. აკად. მ. სალუქვაძე) დაიწერა და გამოქვეყნდა 1975 წელს გამომცემლობა “მეცნიერების” მიერ. იგი ითარგმნა ინგლისურ ენაზე და 1979 წელს გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვექტორული ოპტიმიზაციის პრობლემების კვლევის მიმართულებით გამოქვეყნებულია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში და გამოცემულია ექვსი მონოგრაფია. შესრულებულია ფუნდამენტური გამოკვლევები იდენტიფიკაციის თეორიაში, რის შედეგადაც შემუშავებულია ორიგინალური და ეფექტური მეთოდები სტაციონალური და არასტაციონალური არაწრფივი, ღია და უკუკავშირიანი სისტემების სტრუქტურული და პარამეტრული იდენტიფიკაციის ამოცანების გადასაწყვეტად. საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ტექნიკური ტექსტების ავტომატური მანქანური თარგმნის პრობლემას (ავტორი პროფ. ა. ელიაშვილი). შეიქმნა რუსულ-ქართული თარგმნის პირველი ავტომატური სისტემა, რომელიც მათემატიკისა და ავტომატიკის დარგის ტექსტებს თარგმნიდა რუსულიდან ქართულ ენაზე (ავტორი ფილოლოგ. მ. დ. გ. ჩიკოიძე); შემუშავდა ენის მოდელირების მულტიენობრივი ექსპერტული სისტემა MESLM - Multilingual Expert System of Language Modelling (ავტორი ტ.მ.კ. ლ. ლორთქიფანიძე). ლინგვისტური კვლევების ტექნოლოგიის გათვალისწინებით სისტემა იძლევა ცოდნის ბაზების შევსების საშუალებას.
 MESLM სისტემის მორფოლოგიური წესების კომპილატორის საშუალებით რეალიზებულია ქართული, რუსული და ინგლისური ენების მორფოლოგიური პროცესორ-ანალიზატორები, პროგრამა Prophet-ი (ქართული ენის კომპიუტერული სუფლიორი უნარდაქვეითებულ პირთათვის) და ავტომატური განმარტებით-კომბინატორული ლექსიკონი. ინსტიტუტში განხორციელდა ქართული მორფოლოგიური სინთეზის კომპიუტერული რეალიზაცია. ორენოვანი ავტომატური ლექსიკონების შექმნის მიზნით დასაპროგრამებლად მომზადდა ქართული სიტყვაფორმის ანალიზი. დამუშავდა გრამატიკული, პირველ რიგში _ მორფოლოგიური, სისტემების წარმოდგენის ქსელური მეთოდი, რომელიც გამოიყენება ქართული, რუსული და ინგლისური ენებისთვის. მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა სამეტყველო სიგნალის ფიზიკური პარამეტრების კვლევის დარგში. შესწავლილ იქნა სიგნალში ინდივიდუალური თავისებურებები და მოხდა პიროვნების იდენტიფიკაცია ხმის ფონოგრამის მიხედვით. 1994_1995 წლებში სამუშაო პრემირებულ იქნა ამერიკის აკუსტიკური საზოგადოების მიერ. მიღებულ შედეგებზე დაფუძნებული სისტემები დაინერგა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში ხმის სადავო ფონოგრამის კრიმინალისტიკური კვლევის დარგში. მოხდა ხმის ე.წ. ვერიფიკატორის (“ხმის გასაღები”) კონსტრუირება საკონტროლო და გამშვებ პუნქტებში მომსახურეთა გატარების ავტომატიზაციის მიზნით. შექმნილი ვერიფიკატორების ტექნიკაში გამოყენებამ ათეული საავტორო გამოგონება მიიღო. ენერგეტიკის მიმართულებით ინსტიტუტში შესრულდა სხვადასხვა სიმძლავრის ჰიდროაგრეგატების მართვის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაოები. თეორიული კვლევების საფუძველზე დამუშავდა სიხშირის რეგულატორის მართვის ალგორითმები, რომელთა მიხედვით აგებულია მოწყობილობები მცირე, საშუალო და დიდი სიმძლავრის Hჰესებისათვის. დამუშავდა მოცემული დროითი მახასიათებლების მქონე მაგნიტური ველების მოდელირებისათვის განკუთვნილი დანადგარი; მაგნიტური ველების ბიოლოგიური ეფექტების კვლევისათვის განკუთვნილი დანადგარების კომპლექსი; ხელოვნური მიკროკლიმატის პარამეტრების კონტროლისა და მართვის მიკროპროცესორული რადიალური და მაგისტრალური სტრუქტურის მქონე კომპიუტერული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ დიდი მოცულობის პირობებში ტემპერატურისა და ტენიანობის ზუსტ კონტროლსა და მართვას მოცემული ალგორითმების მიხედვით. ახალი ელექტრომაგნიტური პირველადი გარდამქმნელების კვლევის საფუძველზე დამუშავებულია: ორპარამეტრიანი ბრტყელპარამეტრული ფორმის ურთიერთინდუქტოტევადური გარდამქმნელი; კუთხური გადაადგილების ნახევარსფერული ორ და სამკოორდინატული პირველადი გარდამქნელი; ორპოზიციური ინდიკატორის აგების პრინციპები; დამუშავებულია, აგრეთვე, პირაპირა კონტაქტური შედუღების პროცესის მართვის კომპიუტერული სისტემა; MCR ტიპის გარდამქმნელების აგების პრინციპები; ინსტიტუტში დამუშავდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მათემატიკური მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ენერგიის როგორც ტრადიციული (ჰიდროენერგორესურსები, ქვანახშირი, მურა ნახშირი), ისე არატრადიციული (ქარი, მზე, გეოთერმული წყლები) წყაროები. მოდელში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან მიღებულ ორგანულ სათბობს. დამუშავდა თბოფიზიკური ექსპერიმენტის წარმართვის ავტომატიზებული სისტემის სტრუქტურა და მუშაობის პრინციპი, რომელიც განკუთვნილია თბოგაცემის პროცესების ექსპერიმენტული კვლევებისათვის მოცემული ტიპის სარევიან ექსპერიმენტულ დანადგარებში. აკად. ვ. გომელაურის ხელმძღვანელობით დამუშავდა ავტომატიზებული თბური ტუმბოს სისტემების სქემები მეურნეობის სხვადასხვა დარგისათვის, როგორიცაა ჩაის მრეწველობა, კვების მრეწველობა, საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურეობა და სხვ. გრძელდებოდა ექსპერიმენტული და თეორიული სამუშაოები თბოგაცემის ინტენსიფიკაციის დარგში. ამ მიმართულებით მიღებულია მნიშვნელოვანი შედეგები. კერძოდ, ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგად დადგენილია, რომ თბოგამცემ ზედაპირებზე ოპტიმალური გეომეტრიული პარამეტრების მქონე ხაოიანობის შექმნა განაპირობებს თბოგაცემის პროცესის მნიშვნელოვან ინტენსიფიკაციას. მიღებული ექსპერიმენტული და თეორიული შედეგები ქმნიან მაღალეფექტური თბოგადაცემი აპარატების შექმნის წინა პირობას. დიდი მოცულობის სამუშაოები იქნა ჩატარებული ღრუბლის სტრუქტურის ჩამოყალიბების, სეტყვასაშიში ღრუბლის აღმოჩენის, მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის, რომელთა საფუძველზე მომზადდა რადიოლოკაციური ინფორმაცია ციფრულ გამომთვლელ მანქანაში შესაყვანად. დამუშავდა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტული დანადგარების მართცის ტელეავტომატური სისტემა. ჩატარებულია სამუშაოები თბილისის მეტროპოლიტენისა და რესპუბლიკის ენერგოსისტემის ობიექტების ტელემექანიზებული სადისპეჩერო მართვის ორგანიზაციის მიზნით. სამუშაოები შესრულდა ახალი და პერსპექტიული თვითმფრინავების საბორტო საპილოტაჟე-საბრძოლო და ნავიგაციური ინფორმაციის ელექტრონული ამსახველი მოწყობილობის დამუშავებასა და შექმნაზე. დამუშავდა და შეიქმნა საფრენი აპარატების მართვის ელექტრონულ-ადაპტური სისტემა, შეიქმნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების აერონავიგაციური მონაცემების კომპიუტერული ინფორმაციული სისტემა. დამუშავდა მფრინავების მიწაზე მომზადებისათვის კომპიუტერული ტრენაჟორის პროგრამული პაკეტი ავარიული შემთხვევების კვლევებისათვის. შეიქმნა პროგრამული პაკეტი სამედიცინო რენტგენოგრაფიული ინფორმაციის კომპიუტერული ანალიზის ჩასატარებლად. ინსტიტუტში მიღებული შედეგები სისტემატურად ქვეყნდებოდა ინსტიტუტის შრომათა კრებულებში: ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის შრომები; გამოთვლითი ტექნიკის ელემენტები და მანქანური თარგმანი; ავტომატური მართვის სისტემები; მანქანური თარგმანი; ავტომატიკის მოწყობილობანი, ავტომატური მართვა, თარგმნის ალგორითმები და სტატისტიკა. 1978 წლიდან 1991 წლამდე ყოველწლიურად ქვეყნდებოდა ორი კრებული: მართვის ავტომატური სისტემების თეორია და მოწყობილობები; ენობრივი პროცესორები და მეტყველების გამოცნობა. 1997 წლიდან ყოველწლიურად გამოდის ინსტიტუტის შრომათა გაერთიანებული სამენოვანი კრებული მართვის თეორიის, მართვის სისტემებისა და ინფორმატიკის მიმართულებებით. ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულია ორმოცდაათამდე მონოგ-რაფია და 15 სახელმძღვანელო. თანამშრომელებს მიღებული აქვთ 140 საავტორო მოწმობა და 10 საქართველოს პატენტი. ინსტიტუტში შესრულებულ სხვადასხვა სამუშაოებს მრავალი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული. საკავშირო სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში: 1988 წელს ო. ხომერიკს (ავტორთა ჯგუფთან ერთად) სამუშაოთა ციკლისთვის “მაგნიტომგრძნობიარე ნახევარგამტარული ხელსაწყოების სამეცნიერო საფუძვლების შექმნა, დამუშავება და სერიული წარმოების ორგანიზაცია”. საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში: 1979 წელს მ. სალუქვაძეს მონოგრაფიისათვის “ვექტორული ოპტიმიზაციის ამოცანები მართვის თეორიაში”. 1981 წელს ო. ხომერიკს (ხელმძღვანელი), ვ. კრივონოსოვას, ვ. ქათამაძეს და ი. ბასინოვს სამუშაოთა ციკლისათვის “გალვანომაგნიტური გარდამქმნელების საფუძველზე გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიკის მოწყობილობათა აგების პრინციპების დამუშავება, კონსტრუქციათა შექმნა და წარმოებაში დანერგვა”. 1982 წელს გ. რამიშვილს სამუშაოთა ციკლისათვის “სამეტყველო სიგნალის ინდივიდუალური თავისებურებების კვლევა და ხმების ავტომატური ვერიფიკაციის სისტემათა დამუშავება”. 1985 წელს ნ. კილაძეს (ხელმძღვანელი), ჯ. ჩუბინაშვილს და პ. სტავრიანიდის სამუშაოთა ციკლისათვის “ინფორმაციის გარდამსახი სისტემების დამუშავება და შექმნა”. 2004 წელს სახელმძღვანელოსათვის “ოპტიმალური და ადაპტური სისტემები” (სამტომეული) საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მიენიჭათ ა. გუგუშვილს, მ. სალუქვაძეს და ვ. ჭიჭინაძეს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია: 1977 წელს ბ-ნ არჩილ ელიაშვილს (თანაავტორი) შრომისათვის “ტექნიკური ტერმინოლოგია”. 1982 წელს გ. მუსხელიშვილს მონოგრაფიისათვის “წყობურა სვეტებში იზოტოპური ნარევის გაყოფის პროცესების მართვის მეთოდები და საშუალებანი”. 1998 წელს მ. სალუქვაძეს მონოგრაფიისათვის “გარანტიათა ოპტიმიზაცია მართვის მრავალკრიტერიუმიან ამოცანებში”. საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მედლები: 1968 წელს სამუშაოსთვის “სპეციალიზირებული გამოთვლითი მოწყობილობა _ დისკრეტული კორექტორი DK-2” ინსტიტუტს მიენიჭა მეორე ხარისხის დიპლომი, ინსტიტუტის თანამშრომელს ნ. ჩეხიროვს მიენიჭა ვერცხლის მედალი, ი. გოლდბერგს, ვ. იმედაძეს და გ. კურდინოვსკის _ ბრინჯაოს მედლები. 1978 წელს ჯ. ჭყონიას, ნ. კალატოზიშვილს და გ. ნადირაძეს მიენიჭათ გამოფენის ვერცხლის მედლები. 1986 წელს სამუშაოთა ციკლისათვის “მაგნიტური ველების ბიოლოგიური ეფექტების კვლევისათვის განკუთვნილი დანადგარების კომპლექსი” საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლები მიენიჭათ თანამშრომლებს _ ნ. ყავლაშვილს და გ. შტეინბერგს. ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები წლების განმავლობაში კითხულობდნენ და დღესაც კითხულობენ ლექციებს ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმებში. ბევრი მათგანი არის სხვადასხვა საერთაშორისო და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ინსტიტუტში ამჟამად მუშაობს საქართველოს ეროვნული აკადემიის ორი ნამდვილი წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის შვიდი ნამდვილი წევრი და ოთხი წევრ-კორესპოდენტი. ინსტიტუტს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი საერთაშორისო და საკავშირო კონფერენციებისა, სიმპოზიუმების და თათბირის ორგანიზებაში, მათ შორის: IV საკავშირო თათბირი ავტომატურ მართვაში (1968); IFAC–ის საერთაშორისო სიმპოზიუმი “იდენტიფიკაცია და სისტემის პარამეტრები შეფასება” (1976); საკავშირო სიმპოზიუმი ოპტიმალურ მართვასა და დიფერენციალურ თამაშებში (1976); XII საკავშირო სკოლა სამეცნიერო კვლევების ავტომატიზაციაში (1978); X საკავშირო სკოლა-სემინარი სმენითი სახეების ავტომატური გამოცნობის დარგში (1978); საკავშირო თათბირი მაღალმწარმოებლური გამომთვლელი სისტემების დარგში (1981); საერთაშორისო კონფერენცია “მრავალკრიტერიული დინამიკური პრობლემები განუზღვრელობის გათვალისწინებით” (1991); საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მართვისა და ენერგეტიკის პრობლემები” (2004); თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმი “ენა, ლოგიკა, გამოთვლები” (1995-2011); ამიერკავკასიის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენცია (1977, 1979, 1982); რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია “საქართველოს ენერგეტიკა - პრობლემები და პერსპექტივები” (2000 წ.). ინსტიტუტის მეცნიერებს მიღებული აქვთ მრავალი გრანტი. მათ შორის: სოროსის გრანტი (1994, 1995), ამერიკის აკუსტიკური საზოგადოების გრანტი (1994), UNESCO-ს გრანტი (1994, 1996), შვეციის სამეფო აკადემიის გრანტი (1997, 1998), მეცნიერებათა აკადემიის გრანტი (1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის გრანტი (1998), საკავშირო გრანტი პროგრამით “Новейшие информационные технологии” (1989, 1991), ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების _ რუსთაველის ფონდის 2 გრანტი (2009-2011), საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2 გრანტი (2009-2011). მართვის სისტემების ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ეს თანამშრომლობა დღესაც გრძელდება. ინსტიტუტი თანამშრომლობდა, აგრეთვე, მრავალ საერთაშორისო ცენტრთან და ორგანიზაციასთან, მათ შორისაა: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტი და რუსული ენის ინსტიტუტი; უკრაინისა და ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიები; აშშ-ს სამეცნიერო კვლევითი ცენტრები; დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი; დარმშტადტის და ტ რიერის უნივერსიტეტები; მონრეალის უნივერსიტეტი; სტოკჰოლმის სამეფო უმაღლესი ტექნიკური სკოლა _ KTH (Kings Technical High school); ამსტერდამის უნივერსიტეტის ლოგიკის, ენისა და გამოთვლების ინსტიტუტი; ევროპული ქსელები ენასა და მეტყველებაში (Elsnet).